ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ვიკვლევდით და პრესაში ვაქვეყნებდით თურქეთისა და საქართველოს მოქალაქის, გოქსელ გენჩისა და მისი კუთვნილი კომპანიის ,,გენჩ ინშაათის” სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
აგრეთვე დავადგინეთ, გოქსელ გენჩის ქმედების ხელწერა, ,,სპეციფიკური სახე”, ე.წ. ,,მოდუს ოპერანტი”, გოქსელ გენჩი საკუთარი კომპანიის გამოყენებით მონაწილეობას იღებს საქართველოში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში, რომლებშიც აფიქსირებს დაბალ კონკურენტულ ფასს, ამავდროულად წარადგენს ყალბ დოკუმენტაციას და ტენდერის მოგების შემთხვევაში, ცდილობს სატენდერო თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის მისაკუთრებას.
ამავდროულად, გამოვიკვლიეთ, რომ თავის დანაშაულებრივ საქმიანობაში გოქსელ გენჩს ეხმარებიან ჩვენი სახელმწიფო მოხელეები, მათ შორის, მუნიციპალური ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირებიც.
გოქსელ გენჩმა პირველად ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა 2016 წლის თებერვალში, როცა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში: ,,თბილისი- რუსთავი- წითელი ხიდის მაგისტრალის მოწესრიგება”.
მან ტენდერში წარადგინა ყალბი საბანკო გარანტია, კერძოდ საგარანტიო წერილი ერაყული ბანკი ,,ჩექინ ზუ”-დან. ჩვენი გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ეს ბანკი არ არსებობს, რაც დაგვიდასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. აქ გაკვირვებას იწვევს ,,მგფ”-ის სატენდერო კომისიის საეჭვო პასიურობა ან არაპროფესიონალიზმი. კომპანია ,,გენჩ ინშაათი” სწორედ რომ ამ საბანკო გარანტიის გამო, გააძევეს ტენდერიდან. სატენდერო კომისია ვალდებული იყო (ვინაიდან ეჭვში შეეპარა ამ დოკუმენტის ავთენტურობაში), მიემართა რეაგირებისთვის სათანადო ორგანოებისთვის.
მიუხედავად ამ ფაქტისა გოქსელ გენჩმა საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობა საქართველოში განაგრძო.
2019 წელს გოქსელ გენჩმა ,,გენჩ ინშაათი“ საქართველოს ფილიალის გამოყენებით, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სახელმწიფო ტენდერში და აქაც არ უღალატა საკუთარ თავს. სატენდერო კომისიაში კვლავ წარადგინა ყალბი დოკუმენტები. კონკრეტულად, მისი კომპანიის მიერ, ვითომდა, წარმოებული სამშენებლო საგზაო სამუშაოები მექსიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციაში.
ამ სახის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებებით, გოქსელ გენჩის კომპანია 5 -ჯერ იქნა დარეგისტრირებული შავ სიაში, ხოლო საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ,,სიპ”-მა – საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, 2019 წლის 15 აგვისტოს მიმართა ,,სუსი”-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს და მოითხოვა სისხლის სამართლებრივი რეაგირება.
ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ,,გენჩ ინშაათის” საქართველოს ფილიალის წარმომადგენლების მიერ ტენდერებში ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე ( საქმე N 010205119001). გამოძიება დღესაც მიმდინარეობს…
გოქსელ გენჩმა, კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, მაინც მოახერხა ტენდერის მოგება. მან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2019 წლის 13 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება შეძლო, რის შედეგადაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთდროულად 117 ათასი და კიდევ, 40 ათასი ლარი მიითვისა. თუ, რა ტენდერი იყო და რა სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულებულიყო, ამაზე მომდევნო წერილში დეტალურად მოგითხრობთ.
არსებული ინფორმაციით, კერძოდ, დოკუმენტებით დგინდება, გოქსელ გენჩი სავარაუდოდ კორუფციულ გარიგებაში შევიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის კონკრეტულ თანამდებობის პირებთან – ხელშეკრულების გაფორმების პროცესში იგნორირებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნები…
2019 წლის 13 აგვისტოს დუშეთის მერის მოადგილემ, გიორგი თანიაშვილმა ხელშეკრულება გაუფორმა ,,გენჩ ინშაათი” საქართველოს ფილიალს, ისე რომ ამ კომპანიის მიერ წარმოდგენილი არავალიდური, არასათანადო, სავალდებულო საბანკო გარანტიას კანონიერი სახე მისცა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 13 აგვისტოს ,,ზირაათ ბანკ”-ის მიერ ,,გენჩ ინშაათ” საქართველოს ფილიალის სახელზე დუშეთის მუნიციპალიტეტისადმი გაცემული საბანკო გარანტიის ტექსტში კომპანია ,,გენჩ ინშაათის” საქართველოს ფილიალის იურიდიულ მისამართად მითითებულია: ქ. თბილისი, ჩოლოყაშვილის ქ. 57 ა, ბინა N 7, მაშინ, როდესაც იმავე დღეს დუშეთის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტში ,,გენჩ ინშაათის” საქართველოს ფილიალის იურიდიულ მისამართად ფიქსირდება: ქ. თბილისი, ასლანიდის ქ N 34.
ამ შემთხვევაში, როგორც იურისტებმა განგვიმარტეს, ცდომილება იურიდიულ მისამართებში საბანკო გარანტიას არააღსრულებადს ხდის და ეწინააღმდეგება შემსყიდველის – დუშეთის მუნიციპალიტეტის კანონიერ ინტერესს.
და თუ გათვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების დადების და საბანკო გარანტიის გაცემის თარიღები ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტმა არც კი გადაამოწმა გაცემული ხარვეზიანი საბანკო გარანტიის აღსრულებადობა ,,ზირაათ ბანკთან”.
აგრეთვე, საგულისხმოა, ის ფაქტიც, რომ ამ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით, არსებული სამუშაოს გამოცდილების დამადასტურებლად გოქსელ გენჩმა კვლავ, როგორც სხვა ტენდერებში, გამოიყენა ყალბი დოკუმენტი – მექსიკის შეერთებულ შტატებში ვითომდა განხორციელებული სამშენებლო პროექტები, რაც ყალბია და რის გამოც, როგორც აღვნიშნეთ, არაერთხელ მოხვდა შავ სიაში, ხოლო ეს დოკუმენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დევს.
ზემონათქვამიდან გამომდინარე, გონივრული ეჭვის სტანდარტით იკვეთება, როგორც გოქსელ გენჩის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის კვალი, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტის გარკვეული პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ჩადენა.
როგორც მოგახსენეთ, ხელშეკრულებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელს აწერს მერის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე გიორგი თანიაშვილი და, რასაკვირველია, ჩვენ მას მივმართეთ.
– ბატონო გიორგი, ხელშეკრულების დადებამდე გადაამოწმეთ თუ არა კომპანია ,,გენჩ ინშაათის” საქართველოს ფილიალის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ანუ მათი ავთენტურობა ? რით დარწმუნდით, რომ ,,გენჩ ინშაათი” სანდო, სოლიდური კომპანიაა?
– ამ საბუთების გადამოწმებას მე არ ვახორციელებდი. ამას შესაბამისი სამსახური ამოწმებდა, კერძოდ შესყიდვების სამსახური. გადაამოწმა ამ სამსახურმა ეს დოკუმენტები თუ არა, არ ვიცი.
– ,,ზირაათ ბანკ”-ის საბანკო გარანტიაში მითითებული ამ კომპანიის იურიდიული მისამართი განსხვავდება თქვენს მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში მითითებულ ამავე კომპანიის იურიდიული მისამართისგან. რატომ არ გადაამოწმეთ ,,ზირაათ ბანკ”-ის გარანტიის ავთენტურობა და რატომ არის ერთ დღეს გაცემული საბანკო გარანტია და იმავე დღეს გაფორმებული ხელშეკრულება? თუ თქვენ ერთ დღეში ვერ მოასწრებდით საბანკო გარანტიის გადამოწმებას, რა აუცილებლობა იყო იმავე დღეს გაგეფორმებინათ ხელშეკრულება, საქმე ხომ სახელმწიფო თანხებს ეხებოდა ?
– დრო მომეცით, გავიხსენო საკითხი, დაგიკავშირდებით.
რა თქმა უნდა, ბატონ გიორგის აქვს საკითხის გახსენების დრო. ვინაიდან ბატონმა თანიაშვილმა დაგვიდასტურა, რომ ტენდერში წარდგენილი დოკუმენტების გადამოწმება ევალებოდა შესყიდვების სამსახურს, ჩვენ დავუკავშირდით მის წარმომადგენელს მარიამ ზარქუას.
მარიამ ზარქუა: ჩვენ დოკუმენტაციის ავთენტურობას ვერც ვამოწმებთ და ვერც ვადასტურებთ, რადგან არ გვაქვს მაგის კომპეტენცია. ამას შესაბამისი ორგანოები ამოწმებენ.
– კი ბატონო, მაგრამ თუ შეიტანეთ ეჭვი დოკუმენტაციის სიყალბეში და თუ მიმართეთ შესაბამის ორგანოებს? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ტენდერი ლანგარზე მიართვით ერთადერთ პრეტენდენტს…
– არა, არ მიგვიმართავს, რადგან როგორ უნდა დაგვედგინა, რომ ყალბი დოკუმენტაცია იყო წარმოდგენილი. საერთოდ, დოკუმენტაციის ავთენტურობას სატენდერო კომისია განიხილავს. კომისიის თავმჯდომარეს, რომ დაუკავშირდეთ სჯობს.
აშკარაა, ჩვენ ორივეს დავუკავშირდით და ერთი რამ დავინახეთ – ორივენი ერთმანეთისკენ იშვერენ თითს. ასე რომ, სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, ვის უნდა გადაემოწმებინა ,,გენჩ ინშააათი” საქართველოს ფილიალის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია – სატენდერო კომისიას თუ შესყიდვების სამსახურს.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გავარკვიეთ, რომ კომპანია ,,გენჩ ინშაათს” ყალბი დოკუმენტაციის გარდა, დუნიაზე საერთოდ არაფერი გააჩნია, რასაც ადასტურებს თურქეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატა, დგება კითხვა – ვინ შეასრულა საკმაოდ სერიოზული და რთული სამშენებლო სამუშაოები დუშეთის რაიონში ?! ძნელად დასაჯერებელია, რომ ხსენებული სამუშაოები ნამდვილად ჩაატარა ,,ქაფჩით” და ,,ტაჩკით” შეიარაღებულმა ბატონმა გოქსელ გენჩმა, რომელსაც სინამდვილეში არც ,,ქაფჩა” და არც ,,ტაჩკა” გააჩნია…
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი
(გაგრძელება იქნება)