1-ელ ივნისს, ქუთაისში, მდინარე წყალწითელაზე, საბა ღუღუნიშვილი საბანაოდ წყალში შევიდა, მან ცურვა არ იცოდა და იხრჩობოდა. შეშინებულმა მეგობრებმა დახმარებისთვის მდინარის პირას მყოფ ბიჭებს მიმართეს. თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები აღმოჩნდნენ იმ წუთას იმ ნაპირზე. არც დაფიქრებულან, არც დრო დაუკარგავთ, წამებში ოთხი ახალგაზრდა წყალში შევიდა და ბავშვის ძებნა დაიწყო. ბიჭი მალევე იპოვეს და მისი უსიცოცხლო სხეული სანაპიროზე გამოიყვანეს. საბა, თურმე, ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ პირველადი დახმარება სასწრაფოდ აღმოუჩინეს.
როგორც ამბობენ, ირაკლი ონიანი არ დანებდა და 10 წუთის განმავლობაში ბავშვს ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, მას ეხმარებოდნენ ბიჭებიც და, საბედნიეროდ, შედეგმაც არ დააყოვნა, ბავშვმა როგორც იქნა ამოისუნთქა. მერე სასწრაფოს ბრიგადა მოვიდა და ექიმებმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.
ვიკა ღუღუნიშვილი, საბას და:
“საბა 15 წლის არის, მდინარეზე მარტო არასოდეს გაგვიშვია. ჩვენი სახლიდან საკმაოდ მოშორებით წასულა იმ დღეს მეგობრებთან ერთად. გაგვეპარა წყალწითელაზე. ჩვენ არაფერი ვიცოდით. არადა, საბა დამპირდა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს, 6 საათზე სახლში დამხვდებოდა. რასაც იტყოდა, იმას ყოველთვის ასრულებდა. 6 საათზე სახლში რომ არ მოვიდა, ტელეფონის ნომერზე რეკვა დავიწყეთ. მობილური გათიშული იყო. მე ცალკე ვურეკავდი, დედა – ცალკე, მამა – ცალკე, ვერ დავუკავშირდით. ავღელდით, რადგან ყოველთვის დათქმულ დროს იცოდა სახლში მოსვლა. საღამოს, 7 საათსა და 20 წუთზე პოლიციელებმა დარეკეს ჩემს ნომერზე და მითხრეს, რომ ჩემი ძმა საავადმყოფოში იწვა. მერე არაფერი მახსოვს.
კლინიკაში მისულებმა გავიგეთ რაც მოხდა, ბავშვი რეანიმაციაში იყო. საბამ ცურვა არ იცოდა, საავადმყოფოში დაგვხვდნენ მისი მეგობრები, რომლებიც იმ დროს მასთან ერთად იყვნენ. ისინი საბაზე პატარები არიან – 13 წლის. ბავშვებმა გვიამბეს, საბა წყალში შევიდაო, ჩემი ძმა ამ ბავშვებზე მაღალია, ისინი პატარები არიან. მერე დაუძახია ერთისთვის, მგონი, ღრმად შევედიო, ბავშვი ამბობს, მე ხელი გავუწოდე, რომ გამომეყვანა, მაგრამ ამ დროს პირიქით ჩამითრია საბამ და მოვახერხე ხელის გაშვება მისთვის და ძლივს ამოვედი წყლიდან, რომ შევხედე საბა უკვე აღარ ჩანდა და დასახმარებლად დავუძახე იმ ბიჭებს, რომლებიც ნაპირზე იყვნენო. ბავშვმა მიუთითა, თურმე, ბიჭებს, რა ადგილას იყო საბა და ოთხივე იქ შესულა, ჯაჭვი შეუკრავთ და ძებნა დაუწყიათ.
ამ ბიჭებმა გადაარჩინეს ჩემი ძმა. დღემდე აღელვებული ვარ და ამის გააზრებაც მიჭირს. ძალიან მძიმეა ჩვენთვის, ეს ბიჭები რომ არა, ჩემს ძმას ვერ გადაარჩენდნენ. სასწაული მოხდა, ზუსტად იმ წუთის მისულები იყვნენ, თურმე, იქ ის ბიჭები. მადლობა თითოეულ მათგანს. არ დავიღლები მათი მადლიერებით.
შეუძლებელი შეძლეს, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს წყლიდან ამოყვანის შემდეგ. სამხედროები არიან და იცოდნენ, როგორ გაეწიათ დახმარება. რეანიმაციის უფროსი გაოცებული იყო, თქვა ის ბიჭი დამანახეთ, ვინც ამ ბავშვს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, მართლა სასწაულია, ეს როგორ შეძლოო.
იმ დღეს მასთან ერთად მისი ძმა, ანზორ ონიანი და ბექა ჭუმბურიძე იყვნენ. სამივენი სამხედროები არიან, მეოთხე მეგობარი – გიორგი მგელაძე სამოქალაქო პირია. ყველა მათგანს უდიდეს მადლობას ვუხდი. თქვენ არ იცით, როგორი მძიმე დღეები გადავიტანეთ.
ირაკლი ონიანს მოვანათვლინეთ ჩვენი საბა საავადმყოფოში. უგონო მდგომარეობაში იყო მაშინ და მოძღვარმა გვირჩია, მოგვენათლა, რადგან მოუნათლავი იყო. მეორე დღესვე მოვნათლეთ. ჩემი ძმა გადაარჩინეს ამ ბიჭებმა და დედამ უთხრა ირაკლის, არასოდეს დაგკარგავთ, თქვენ ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქეთო. ძალიან საყვარელი ბიჭია ირაკლი. ღმერთს მადლობა, რომ იქ იყვნენ იმ დროს. ღმერთმა გამოგვიგზავნა. რეანიმაციაში ნათლობის დროს მხოლოდ მღვდელი იყო და ნათლიები პირველ სართულზე ელოდებოდნენ.
ირაკლი დღეში სამჯერ აკითხავდა საავადმყოფოში ჩემს ძმას და მის ამბავს იგებდა. არადა, ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა, ამის მიუხედავად, მოიცალა ჩვენთვის. მისი მეუღლეც კი მოვიდა ჩემი ძმის სანახავად. ძალიან ყურადღებიანები არიან. პირველივე დღეს რამდენიმე საათი პოლიციაში გაატარეს და იქიდან ეს საოცარი ბიჭები ამბის გასაგებად საავადმყოფოში მოვიდნენ. ამ ადამიანებმა ჩემს ძმას სიცოცხლე აჩუქეს.
საბა ძალიან მორიდებულია, წყნარი, მორცხვი ბიჭია, ცოტა ცელქი. რეანიმაციაში კი არის, მაგრამ გონზეა, საუბრობს, თავისით გადაადგილდება, ადეკვატურია, რაც მთავარია, ტვინზე არაფერი პრობლემა არ იყო და ფილტვზე შეშუპება რომ არ წავიდეს, ანტიბიოტიკებს უკეთებენ” – უთხრა “კვირის პალიტრას” საბას დამ.
“კვირის პალიტრა”