„სააკაშვილი პოლიტიკურად მაინც დაფიქრდებოდა…“ – რას ამბობს გვარამიას დაპატიმრებაზე გია ხუხაშვილი

May 19, 20:12
0
343

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, ნიკა გვარამიას დაჭერის შესახებ მინდა გკითხოთ. დაახლოებით ერთ თვეში, ევროკავშირისგან უნდა მივიღოთ პასუხი, გავხედებით თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ევროკავშირის სტრუქტურები, მისი წევრი ქვეყნები ლუპით გვაკვირდებიან. პოლიტიკა სამართალზე წინ არაერთხელ დაუყენებია ამ ხელისუფლებას და რაღა ახლა მოუნდათ პოლიტიკური ელფერის ს.ს. საქმის ბოლომდე მიყვანა? ფაქტია, ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ ამ ფაქტზე და ეს რომ ასე იქნებოდა, წინასწარ იცოდა ხელისუფლებამ. თავისთავად ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლებას არ უნდა ქვეყანა ევროკავშირში შევიდეს და რაც შეუძლიათ ამის ხელის შესაშლელად, აკეთებენ?

– არ ვიცი, აქ რასთან გვაქვს საქმე. ისეთ პოლიტიკურ ენაზე საუბრობს დღეს ხელისუფლება, რომ წარმოუდგენელია, რა. აქ მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატობაზე არ არის ლაპარაკი. ნიკა გვარამიას დაიჭერდნენ თუ არ დაიჭერდნენ, ევროკავშირში ისედაც არ გვაქვს საქმე, ისედაც ბევრი მოუგვარებელი პრობლემებია ქვეყანაში, რომელთა მოგვარებასაც ევროკავშირი გვთხოვს და ხელისუფლება მათ განგებ არ აგვარებს. ეს ფაქტი კიდევ უფრო ართულებს ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან, ზოგადად, დასავლეთთან. ამ თეორიას თუ მივყვებით, ცხადია, ხელისუფლების ქმედებები გვაფიქრებინებს, რომ არ უნდათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი მოგვცენ, არ უნდათ ევროკავშირში შესვლა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ და უბრალოდ, საბოტაჟის გზით ცდილობენ, რომ თვითონ ევროკავშირმა გვითხრას კანდიდატობაზე უარი და მერე იძახონ, ჩვენ კი გვინდოდა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არ მოგვცესო. ვიღაცამ შეიძლება ეს თეორია განავითაროს. შეიძლება უფრო მარტივად არის საქმე. ასე ვთქვათ, ამ სიძულვილზე და შურისძიებაზე აწყობილი მორიგი სპეცოპერაციაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით „რუსთავი-2“ი-ს ისტორია, დამალული არ არის. ეს მართლმსაჯულების ბევრი ქეისი იყო და არც ერთი არ ყოფილა სამართლებრივი, სუფთა მართლმსაჯულების საკითხი, ყველა იყო პოლიტიკური. ნიკა გვარამია, ჩვენ ახლა მოგვწონს თუ არ მოგვწონს, პოლიტპატიმარია, ეს სრულიად აშკარაა. სასამართლოს გადაწვეტილებას, ყველა სამართლებრივ დეტალს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ რაც ხელისგულზე დევს და აშკარაა, იმაზე ვიტყვი. წარმოუდგნელი რაღაც გააკეთეს. უკანა რიცხვით გამოქექეს ვითომ დაზარალებული და იმან უჩივლა ნიკა გვარამიას. მაშინ, როდესაც რეალურ ინვესტორებს, ძმებ ლევან და გიორგი ყარამანაშვილებს, რომელთაც ფული ჰქონდათ ჩადებული ტელეკომპანიაში, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ მენეჯმენტის მიმართ და გვარამიას ბოლომდე ენდობოდნენ. მერე, ეს მომჩივანი დაზარალებულად სცნეს და ვითომ დაზარალებულის ხელით ასეთი საქმე „შეიკერა“. რაც მთავარია, ქიბარ ხალვაშია ახლა უკვე დაზარალებულად გამოცხადებული, რაც ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ქიბარ ხალვაში იყო ადამიანი, რომლის ხელითაც, წინა ხელისუფლებამ, ეროსი კიწმარიშვილს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წაართვა „რუსთავი-2“ და ხალვაშზე გადააფორმა ფორმალურად. კანონიერ მფლობელებს ხალვაშის ხელით გამოსტაცეს ტელევიზია და დღეს ხალვაში დაზარალებულია. ასეთი სამართალია ქვეყანაში, ასეთი მახინჯი სამართალი დამკვიდრდა ქვეყანაში. მართლმსაჯულებაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, აქ მართლმსაჯულების ნასახი არ არის და მის მიმართ ნდობაც შესაბამისია. მემკვიდრეობით რაც წამოიღო წინა ხელისუფლებისგან, ზუსტად იგივე წესით აგრძელებს ყველაფერს. მიშა სააკაშვილი პოლიტიკურად მაინც დაფიქრდებოდა, დაეჭირა თუ არა მხარი სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილებისთვის. ესენი არ ფიქრობენ. დაჭერა უნდათ? იჭერენ.

– კი, ბატონო, ქიბარ ხალვაშს წაართვეს „რუსთავი-2“ და არა მარტო ეს კომპანია. სხვა ბევრი კომპანიაც წაართვეს და რაც ვერ წაართვეს, დაუწვეს და გაუნადგურეს. ცხადია, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებისგან ის დაზარალებულია, მაგრამ „რუსთავი-2“ ქიბარ ხალვაშმა კიწმარიშვილს, დვალს და აქიმიძეს წაართვა. ყველამ კარგად იცის, რომ ამ სამეულს ძალდატებენით ათქმევინეს უარი ტელეკომპანიაზე და მერე გადაუფორმეს ხალვაშს. ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი არველაძე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ქიბარ ხალვაშმა ზუსტად ისევე წაართვა ამ სამეულს ტელევიზია, როგორც შემდეგ მას წაართვეს ძმებმა ყარამანაშვილებმა. „რუსთავი-2“ ეკუთვნით დვალს, აქიმიძესა და კიწმარიშვილის ოჯახს. ეს არის სიმართლე და მათთვის ტელეკომპანიის გადაცემა იქნება სამართლიანობა.

– ნამდვილად ასე იყო და ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია, არქივში მოიძიოს ამის დამადასტურებელი ფაქტები, უხვად არის. ქიბარ ხალვაშთან რაღაც სიმართლეც კი ჰქონდა წინა ხელისუფლებას. რეალურად, ქიბარ ხალვაშმა კი არ იყიდა ტელევიზია, ხელისუფლებამ კანონიერ მფლობელებს წაართვა ტელევიზია და გადაააფორმა ხალვაშზე. მერე, პრობლემები შეექმნათ ხალვაშთან და თავისი ხელით მიცემული უკან წაართვეს და სხვებს, მათთვის უფრო სანდო პირებს გადაუფორმეს, ძმებ ყარამანაშვილებს. ქიბარ ხალვაში „რუსთავი-2“-ის რეალური მეპატრონე არასდროს ყოფილა. რა, არ გვახსოვს, კაბელებს რომ აძრობდა მთლიანად, სააკაშვილის კრიტიკას თუ ვინმე გაბედავდა? ქიბარ ხალვაშზე რომ გადაფორმდა ტელევიზია, მაშინ არ დატოვეს არხის წამყვანმა ჟურნალისტებმა ტელევიზია? და რატომ დატოვეს? იმიტომ, რომ საკადრო ცვლილებებით, ხალვაშმა სარედაქციო დამოუკიდებლობა მოუსპო ტელევიზიას და არხზე აიკრძალა სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ კრიტიკა. „რუსთავი-2“-ს „მიშას ჯიბის ტელევიზიას“ და „ნაცების რუპორს“ რომ ეძახდნენ, ეს და სხვა ეპითეტები მაშინ დაერქვა, როდესაც ქიბარ ხალვაშის სახელზე იყო ტელევიზია გაფორმებული და „ნაცების“ მითითებით, დანიშნული ხალხი განკარგავდა სარედაქციო პოლიტიკას. მაშინ „ნაცების“ ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებდა ხალვაში და მართლა დამოუკიდებელი არხი აქცია მიშას და „ნაცების“ რუპორად,„ ნაცმოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიად. ხალვაში საკუთარ ბიზნესებს ალაგებდა მაშინ, ტელევიზია საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ აიძულეს, მასზე გადაეფორმებინათ. ამ ხელისუფლებამ ხალვაში გამოაცხადა დაზარალებულად, ამა თუ იმ ფორმით, ტელევიზიის წართმევაში მონაწილე პირი. რატომ გააკეთეს ეს? იმიტომ, რომ დათო დვალმა ხელისუფლებას არ მოუწერა ხელი ლოიალობაზე. დვალმა უთხრა, ტელევიზიას როდესაც დავიბრუნებთ, ის იქნება დამოუკიდებელიო. ეს ხელისუფლებას არ მოეწონა. ქიბარ ხალვაში ამ საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ კომპრომეტირებული იყო და ამ ხელისუფლებას აწყობდა, რომ მასზე გაეფორმებინა „რუსთავი-2“ და ამას დაარქვეს, ხალვაშისთვის ტელეკომპანიის დაბრუნება და სამართლიანობის აღდგენა. რეალურად, ხალვაშს არავინ ეკითხება, დღეს რა ხდება და რა მოხდება მოხდება ამ ტელევიზიაში. ხელისუფლება აკონტროლებს და ყველაფერს ის განსაზღვრავს „რუსთავი-2“-ში. დათო დვალის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ მივყვებით, თითქოს რაღაც ჰოლდინგს გადააბარა ხალვაშმა ტელევიზიაო, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ.

– „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტზე უკრაინა და მოლდოვა რომ მიიწვიეს და საქართველო არა, ირაკლი კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, რომ სამიტზე ის ქვეყნები მიიწვიეს, სადაც ომია და ჩვენთან ომი არ არის და ეს ჩვენი გამარჯვებაა, რომ არ მიგვიწვიესო. ამას რეალობას აცდენა აღარ ჰქვია, უფრო რთული შემთხვევაა.

– ირაკლი კობახიძემ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები დაადანაშაულა ომის მოსურნეებად და ჩვენ მშვიდობის მტრედები ვართო, გაიძახის. რა მშვიდობის მტრედები არიან, სიძულვილის ენას ნერგავენ ქვეყანაში და პოლიტიკური ოპონენტებით გაავსეს ციხეები. საპროტესტო აქცია ვეღარ გაუმართავს ხალხს, ნებისმიერ თემაზე, ერთი 10-15 კაცი რომ არ დაიჭირონ და მერე არაადეკვატური ჯარიმები არ აჰკიდონ უდანაშაულო ხალხს. მარტო რუსეთთან მიმართებაში უნდათ მშვიდობა, რუსეთის მიმართ არიან ლოიალურები. უკრაინის ხელისუფლებას მშვენივრად აგინებენ და ლანძღავენ, პრობლემა არ აქვთ. რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმი გამოგვიცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ, რეგიონის ანექსიას აპირებს რუსეთი და ხმას არ იღებენ, გასუსულები არიან. საოკუპაციო ზონაში კი, კვირა არ გავა, რუსეთის სასაზღვრო ჯარებმა ჩვენი ტერიტორიები არ შემოღობონ და არ მიიტაცონ. ამაზეც არ იღებენ ხმას.

– როდემდე უნდა ვიყო ასე, სრულიად უუნაროდ, შინ თუ გარეთ?

– ვიდრე ხელისუფლების ძლიერი ალტერნატივა არ გამოჩნდება, ასე ვიქნებით. ხალხიც ნიჰილისტურად არის განწყობილი. ოპოზიციაც არ ასხივებს მაინც და მაინც პოზიტიურ ენერგიას. ხელისუფლება კი ამით სარგებლობს, ამაშია პრობლემა. ხალხი ფიქრობს, კი, ბატონო, შესაცვლელია ეს ხელისუფლება, მაგრამ რომ შევცვალო, უკეთესი ხომ უნდა მეგულებოდესო. მთელი პოლიტიკური ელიტა კომპრომეტირებულია, არავის ნდობა აღარ აქვს ხალხს და ცუდის ცუდით შეცვლას რა აზრი აქვს? წარსულსა და აწმყოს შორის არ უნდა ხალხს არჩევანის გაკეთება, ხალხს მომავლის არჩევანი უნდა, რასაც არსებული პოლიტიკური სპექტრი ვერ სთავაზობს.

Cesko