ახლა საქართველოს ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა – კურტ უოლკერი

0
745
56 Views

საქართველო აღარ არის წინამძღოლის პოზიციაში, წლების წინ, ვამბობდით, რომ საქართველო იყო ყველაზე მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად ან თუნდაც ევროკავშირთან დასაკავშირებლად – ახლა საქართველოს ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში და ნატო-ში, აშშ-ს ყოფილი ელჩმა, კურტ ვოლკერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მან განმარტა აღნიშნულის მიზეზები და განაცხადა, რომ ქართული დემოკრატია ცუდად ჩატარებული არჩევნებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებით არ შესულიყო პარლამენტში, შარლ მიშელს შეთანხმების უგულებელყოფით, დაზარალდა.

მისივე თქმით, ახლა „ელოდებიან შემდეგ არჩევნებს და იმედს იტოვებენ, რომ უკეთესი იქნება“.

კურტ ვოლკერის თქმით, ახლა წინამძღოლის პოზიციაში უკრაინაა და სწორედ უკრაინისთვის მიცემული შესაძლებლობა გახსნის კარებს, თუნდაც მოლდოვისა და საქართველოსთვის, რომ ისინიც მიიწვიონ გასაწევრიანებლად.

„საქართველო აღარ არის წინამძღოლის პოზიციაში. წლების წინ, ვამბობდით, რომ საქართველო იყო ყველაზე მზად ნატო – ში გასაწევრიანებლად ან თუნდაც ევროკავშირთან დასაკავშირებლად. უკრაინა ზედმეტად დიდი იყო, და ეს პრობლემას წარმოადგენდა. მოლდოვა არ იყო მზად. საქართველოს შეეძლო იქ ყოფნა. მაგრამ ახლა მდგომარეობა ასეთია: ქართული დემოკრატია ცუდად ჩატარებული არჩევნებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებით არ შესულიყო პარლამენტში, შარლ მიშელს შეთანხმების უგულებელყოფით, დაზარალდა. ახლა საქართველოს ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა. ველოდებით შემდეგ არჩევნებს და იმედს ვიტოვებთ, რომ უკეთესი იქნება, სამართლიანობისა და თავისუფლების კუთხით და ყველა საკუთარ როლს კონსტიტუციის ფარგლებში შეასრულებს.

მეორე მხრივ უკრაინამ თავი წარმოაჩინა, როგორც მონდომებულმა ქვეყანამ, რომელიც თავს იცავს რუსული აგრესიისგან. შედეგად ევროკავშირში და აშშ-ში უკრაინა გამოიყურება უფრო მოსაწონად, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და ევროპული სახელმწიფო. შესაბამისად, მათი შესაძლებლობები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო დიდია, ვიდრე აქამდე და ახლა წინამძღოლის პოზიციაში არის უკრაინა. უკრაინისთვის მიცემული შესაძლებლობა გახსნის კარებს თუნდაც მოლდოვისა და საქართველოსთვის, რომ ისინიც მიიწვიონ გასაწევრიანებლად”,- თქვა მან გადაცემაში.

რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას, ის თუ რისი გაკეთება სჭირდება საქართველოს, ვოლკერი ამბობს, რომ საქართველოს “ჰყავს კარგი ჯარი, აქვს კარგი გამოცდილება ავღანეთში აშშ-სთან მუშაობის” და „ყურადღება უნდა გაამახვილოს დემოკრატიულ ინსტიტუციებზე და მათ სწორ ფუნქციონირებაზე”.

„მან უნდა იმუშაოს სასამართლო რეფორმებზე და უნდა შეინარჩუნოს ახლო კავშირი აშშ-სთან , ნატოს მოკავშირეებთან წვრთნებზე, კოოპერაციაზე. და თუკი უკრაინაში დამთავრდება ომი და შესთავაზებენ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ დროისთვის მზად იქნება ფართო ნაბიჯის გადასადგმელად“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

რაც შეეხება საკითხს, რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და არის თუ არა საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ნაბიჯები საკმარისი რუსეთის აგრესიის თავიდან ასარიდებლად, ყოფილმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველო დღეს არაა იმ პოზიციაში, ამ მომენტში რუსეთის მხრიდან თავდასხმას ელოდოს, თუმცა, ეს ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი.

„უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არასდროს შეჩერებულა. მათ აიღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელთა დამოუკიდებლობაც შემდეგ აღიარეს და ბორდერიზაციის შედეგად სულ უფრო მეტ ტერიტორიებს იტაცებენ. იყო საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევებიც. აგრესია ყოველთვის სახეზე იყო. ამ კონკრეტულ მომენტში რუსეთი სრულიად ჩაფლულია უკრაინასთან ომში. რუსეთისთვის ეს იმაზე რთული აღმოჩნდა , ვიდრე ელოდა. მათ მოუწიათ ძალების მობილიზება სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის სამხრეთ ოსეთიდან, უკრაინაში საბრძოლველად. ასე რომ, ახლა ვფიქრობ, რომ საქართველო არაა იმ პოზიციაში, რომ ელოდოს ამ მომენტში თავდასხმას. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი. თუკი რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც დამოუკიდებელი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას ვფიქრობ უნდა მოვთხოვოთ, რომ მოხდეს ფოკუსირება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, ისევე როგორც აღმოსავლეთ უკრაინას, დნესტრისპირეთსა და ყირიმზე. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რუსეთის ოკუპაცია ამ რეგიონებშიც უკრაინაში ომის მიმდინარეობის ფონზე. ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომლითაც კიდევ ერთხელ სერიოზულად უნდა დავინტერესდეთ უკრაინაში ომის დამთავრების კონტექსტში”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან მოლდოვაში შეჭრის შესაძლებლობას, მისი შეფასებით, რუსეთს ამის რესურსი არ აქვს და რომ ჰქონდეს, შეიჭრებოდა.

„ამ ეტაპზე არ ველოდები რუსეთის შეჭრას მოლდოვაში, რადგან ვფიქრობ, რომ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ ჰქონდეთ, შეიჭრებოდნენ კიდეც.

ისევ კონტექტს აქვს მნიშვნელობა: მოლდოვა უკრაინის მსგავსად არ არის ნატოს წევრი და ალიანსს არ აქვს მისი დაცვის ვალდებულება. უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი იყო ძალიან გონივრული, როდესაც საომარ მოქმედებებში პირდაპირ არ ჩაერთო, რადგან ეს კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებდა.

ვფიქრობ, იგივე მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ რუსეთი მოლდოვაში შეიჭრებოდა. დასავლეთი ყოველ მხრივ მხარს დაუჭერდა მოლდოვას, თუმცა პირდაპირ არ ჩაერთვებოდა კონფლიქტში.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახალ არის ის, რომ რუსეთი შეაჩერონ უკრაინაში. უკრაინა აკეთებს საოცარ საქმეს და დასავლეთი როგორც იქნა მას ამარაგებს საჭირო შეიარაღებით, იმით რაც უკრაინას ახლა სჭირდება”, – აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

Cesko