,,არავისთვის ქმრის წართმევას არ ვგეგმავ, მაგრამ ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო” – ნინო მუმლაძე

0
495
36 Views

მსახიობმა ნინო მუმლაძემ საგანმანათლებლო საქმიანობას მოჰკიდა ხელი, ასევე, ორ თეატრთან თანამშრომლობს. 2021 წელს კოვიდპანდემია ნინო მუმლაძის ოჯახსაც მძიმედ შეეხო, გამზრდელი ბებია დაკარგა, რომლის სახელიც ჰქვია.

ნინო ,,სარკეს” უყვება:

-ბებია, სამწუხაროდ, გასულ ზაფხულს კოვიდს შეეწირა. ჩემი გამზრდელი იყო – დედაჩემის დედა და თან მისი სახელი მქვია. ისიც ნინა იყო. ასაკში იყო, 93 წლის, ისედაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და კოვიდი ვეღარ გადაიტანა. დელტა შტამი შეგვხვდა, რომელიც ძლიერ შტამად ითვლება. ყველას გვქონდა ოჯახში – მე, დედას, დას, დეიდას, ბებიას… 2-3 დღე გვქონდა მაღალი სიცხეები. საბოლოო ჯამში, ბრძოლისუნარიანი იმუნიტეტი აღმოგვაჩნდა ყველას და, რაც მთავარია, არაფერი დაგვიტოვა.

-თქვენს ახალ საქმეზე მოგვიყევით.

– ხელი მოვკიდე ახალ საქმეს, რომელიც ბავშვების სწავლა-განათლებას შეეხება. საგანმანათლებლო სფეროში გადავინაცვლეთ მე და ჩემმა მეგობარმა, ჟურნალისტმა ნონიკა ვაშაყმაძემ. შევქმენით ტელე-კინო აკადემია და წინ უამრავი მიზანი გვაქვს.

– თეატრებშიც ისევ ხართ დაკავებული?

– დიახ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვარ და ასევე, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.

– პირადში თუ გაქვთ რაიმე სიახლე?

– ისევ ისეთი სტაბილურობაა მაგ ამბავში. არასოდეს მიფიქრია, რომ სტატუსის გამო შემექმნა ოჯახი და ალბათ ამიტომაც გაიწელა ეს ამბავი ასე. ჩემი თვითმიზანი რომ გათხოვება ყოფილიყო, გავთხოვდებოდი, მაგრამ მე ბედნიერებას ვეძებ. ბედნიერება კი არც ისე ადვილი მოსაპოვებელი ყოფილა.

აქამდე არ შემხვდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც ბოლომდე კომფორტულად ვიქნები და დარწმუნებული, რომ მასთან მართლა ბედნიერი ვიქნები მრავალი წელი. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც რაღაც მომენტში ანთებულები, აჟიტირებულები არიან, ქმნიან ოჯახს და მერე ძალიან მალე შორდებიან. მე მგონია, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო და კარგად გასათვლელი ნაბიჯია.

– დიდი დრო გჭირდებათ მისახვედრად, როგორ ადამიანთან გაქვთ საქმე?

– პირველივე გასაუბრებისას ვხვდები, როგორ ფსიქოტიპთან მაქვს საქმე და ამაში ჩემი პროფესიაც ძალიან მეხმარება, მაგრამ ადამიანის ბოლომდე ამოცნობას ხშირად წლებიც არ ჰყოფნის.

ჩემთვის მთავარია, თავი ვიგრძნო ბედნიერად და, როდესაც ვხვდები, რომ ადამიანთან შეიძლება გაცილებით მეტი პრობლემა მქონდეს, ვიდრე ბედნიერი მომენტები, ნამდვილად აღარ მაქვს ხოლმე ურთიერთობის გაგრძელების სურვილი. როგორც წესი, ასეთები მხვდებიან, პრობლემურები.

– სხვისთვის ქმრის წართმევას ეცადა სერიალში თქვენი გმირი, თუმცა მტაცებელი ქალის ტიპაჟი საერთოდ არ არის. გიფიქრიათ, რომ ასეთი რამ ოდესმე შეიძლება თქვენც ჩაიდინოთ?

– არავისთვის ქმრის წართმევას არ ვგეგმავ, მაგრამ ხომ იცით, ნათქვამია, არასოდეს თქვა არასოდესო. ალბათ არც ჩემი პერსონაჟი ნათია გეგმავდა, რომ ცხოვრებაში ასეთი რამ დაემართებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი რომანების მომხრე არ ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

Cesko