„ისეთ მთავრობას რა ვუთხრა“ – ხანშიშესული კაცის გულისტკივილი

April 30, 15:59
0
351

თეიმურაზ ფანჯიკიძე, პედაგოგი და ფილოსოფოსი სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

ჩემთან, ბინაში , ყველასათვის წესიერებით და პატიოსნებით ცნობილი მეზობელი შემოვიდა და აღელვებულმა შემომჩივლა: „ რა ვქნა , ბიბლიური იერემია მე არა ვარ , რომ ჩვენს ყოფაზე გოდება დავწერო, მაგრამ საგლოვი, სატირელი და საგოდებელი ჩვენ რომ გვაქვს იმდენი უნდაო !“ და თან წინ პასტით დაწერილი ფურცელი დამიდო : „ ამ ცხოვრებაზე დაბოღმილმა რაღაც დავწერე, პუნქტუაცია , წერტილ – მძიმე ჩამისწორეო და თუ მოგეწონოს გამოაქვეყნე კიდევაცო“ .
გაკვირვებულმა შევხედე, აქამდე მისი ნაწერი არასოდეს წამეკითხა და გულდასმით ჩავიკითხე . ჩვენი ყოველდღიური ყოფით უზომოდ შეჭირვებული და საშინლად უკმაყოფილო, პოლიტიკისაგან შორსმდგარი , ხანშიშესული კაცი ყველაფერში მთავრობას ადანაშაულებდა და ლანძღავდა:
„ მე ისეთ მთავრობას რა ვუთხრა,- გულმოკლული წერდა იგი ,- რომელიც ისე დაგამშევს, ისე დაგაგლახაკებს და ისე გაგამათხოვრებს , რომ ყველსა და პურს მოგანატრებს, ხორცის ჭამას სულ გადაგავიწყებს, ნაგვის ურნებს მოგანახვიებს , ნარჩენებით, ვაიუბედურებით გასაზრდოებს.
ისეთ მთავრობას რა ვუთხრა , ყოველდღე იმაზე, რომ ფიქრობს როგორ გაგძარცვოს, წამლები , ტანსაცმელი, პროდუქტი, მომსახურება როგორ გაგიძვიროს, გადასახადები როგორ გაგიზარდოს, როგორ გაგაწვალოს და შეგავიწროოს.
ისეთ მთავრობას რა ვუთხრა, რომელიც მევახშედაა ქცეული და თავის მოსახლეობას ბანკებს აძარცვინებს, ყოველგვარ მომსახურებაში სამმაგ ფასებს ახდევინებს.
ისეთ მთავრობას რა ვუთხრა, რომელიც თავის ბავშვებზე და მოხუცებზე არ ზრუნავს, მსოფლიოში ლამის ყველაზე ნაკლებ პენსიას უხდის , ხოლო ბავშვებს აშიმშილებს.
ისეთ მთავრობას რა ვუთხრა, როდესაც ჩინოვნიკებს ხელფასს ყოველწლიურად უზრდის, ასუქებს, ხოლო ხალხი აღარავის ახსოვს.
ისეთ მთავრობას რა ვუთხრა, რომელიც ერთხელაც არ მოგიკითხავს , არ გამოგეხმაურება, არაფრით შეგეწევა და არ დაგეხმარება; პირიქით , წინათ რომ რაღაც შეღავათები იყო იმასაც მოგიხსნის, გაგიუქმებს და სულს ამოგხდის.
ისეთ მთავრობას რა ვუთხრა, რომელიც რესურსებით ასეთ მდიდარ ქვეყანაში თავს ვერაფერს მოაბამს, ყველაფერს ჩააფლავებს და ასანთის დამზადებასაც კი ვერ შესძლებს.
და ბოლოს, ისეთ ქვეყანასაც რა ვუთხრა , დღევანდელ მთავრობაზე უკეთესს რომ ვერ მონახავს და პრემიერ-მინისტრად ერთიდაიგივე კაცს მეორედ დაგიყენებს ! …
უფალო, თუ ქვეყნად ყველაფერი შენი ნებით ხდება , რას გვერჩოდი , რა დაგიშავეთ , რატომ ჩადგი ფეხი ჩვენს ცოდვაში , რატომ გვარგუნე ასეთი არაფრისმოქმედი და არაფრისმქნელი მთავრობა , რომელიც ჩვენი გამწარების გარდა არაფერს აკეთებს!“ …
კითხვა რომ დავამთავრე და თავი ზემოთ ავწიე მეზობელმა მკითხა: როგორიაო ? მე ვუთხარი ანტისამთავრობო პროკლამაციას ჰგავს და ფორმით იმასაც, წინათ კომუნისტები რომ სამაისო- სადღესასწაულო თეზისებს თუ ლოზუნგებს რომ აქვეყნებდნენთქო .
– აბა, თუ მოგწონს და მეთანხმები დადეო ფ/ბ-ზე , მხოლოდ გვარს ნუ მიაწერ, მაინც, რა იცი რა ხდებაო?
– ახალი ამოსული ვიყავი მაღაზიიდან , ძალიან გამწარებული და დაღონებული , რადგან ცოტა ხნის წინ აღებული პენსიიდან ასი ლარი ისე გაუგებრად დავხარჯე , რომ ხეირიანი ვერაფერი ვერ ვიყიდე, ყველაფერს ფასი საშინლად მომატებოდა , მიუწვდომელი გამხდარიყო და ამიტომ სიამოვნებით შევასრულე მისი თხოვნა…
ძვირფასო ხალხო : ამ კაცის, ჩემს და საერთოდ ადამიანების გაჭირვებაზე უფრო დაწვრილებით , უფრო ხმამაღლა, უფრო გასაგებად თქვენა თქვით ! ხმა ამოიღეთ, ნუ გეშინიათ, ასე ცხოვრება ხომ ნამდვილად აღარ შეიძლება… !…

Cesko