,,ჯანდაბამდე გზა ჰქონია ,,სამზარეულოს ომებს” თავისი პროდიუსერიანად!” – რას ყვება კონდიტერი, რომელმაც შოუსთვის ტორტისგან ბიუსტი გამოძერწა

0
740
30 Views

შეფმზარეულ მიშა ავსაჯანიშვილის ბიუსტი-ტორტის გამოჩენამ ,,სამზარეულოს ომების” სარეკლამო რგოლში მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია, ყველა ინტერესით ელოდა ამ ტორტის შემქმნელის, ძალიან ნიჭიერი კონდიტერის,  მარი კიკნაძის შოუში გამოჩენას, თუმცა ამაოდ – ეს ეპიზოდი გადაცემაში არ მოხვდა. მარი ფეისბუქპოსტში ყვება იმ უსამართლობაზე, რისი მომსწრეც ამ პროექტში გახდა.

,,…წინა წელს გადავწყვიტე, ადამიანის ბიუსტზე მემუშავა, ანუ ტორტზე. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, გურამ ბაღდოშვილის ბიუსტი ყოფილიყო ჩემი დიდი პატივისცემის გამო (არც კი ვიცნობ, უბრალოდ მიყვარს) და აი,  გამოცხადდა ახალი სეზონის კასტინგი და ჩემი იდეით დავრეგისტრირდი.  დამირეკეს იანვარში და შევხვდით. იდეა იმდენად მოეწონათ, შანსის ხელიდან გაშვება არ უნდოდათ, უბრალოდ, როგორ წარედგინათ ეს სიახლე, იმაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება ჩვენ შორის.

არ გამოდიოდა უბრალოდ ტორტის მიტანა და არც მარტო გასვლა. გადაწყდა,  რომ გამყვებოდა ჩემი შვილი, ნანუკა, რომელიც სამზარეულოსთან შორეული ნათესავივით მეგობრობს. მიუხედავად ჩემი სურვილისა კერძის არმომზადებაზე, არ დაგვთანხმდნენ და 3 სავარაუდო კერძის დასახელება მთხოვეს და თავად აარჩიეს ნადუღის ხინკლები ტარხუნის სოუსით.

სურვილი იმდენად დიდი მქონდა, მემუშავა ტორტზე და მენახა შედეგი და ემოციები, წავედი დათმობაზე… თებერვალში საცდელად შევხვდით, სადაც პროდიუსერი და ასევე შეფი (არა სამეულიდან) გვადევნებდა თვალყურს. მოვამზადე ჩემი კერძი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. პროდიუსერის სურვილი იყო, ერთჯერადი არ ყოფილიყო ჩვენი ვიზიტი პროექტში და მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები – მეწყვილის არყოლა  ყველაზე დიდი პრობლემაა, პლუს არ მაქვს ამდენი დრო… ისევ მტკიცე უარი ვუთხარი.

გადაღება პირველ მარტს დავგეგმეთ, 23 თებერვალს მიკავშირდებიან და ვითომ ძალიან კონფიდენციალურ ინფორმაციას მიმხელენ – ბაღდოშვილი არ იღებს მონაწილეობას და არ გამოდის მისი ბიუსტი-ტორტის მოტანაო. ელდა მეცა…  ამდენი ხნის გეგმების წყალში ჩაყრა დამენანა. შეფ მიშასადმი დიდი სიმპათიის გამო გადაწყდა იგი…

წინა დღით რომ ვიღაც დამიკავშირდა და ტანისამოსის ფოტო გამაგზავნინეს, რას ვიცვამდი და თმა ხომ იისფერი მექნებოდა, ეგ მკითხა… მანდ უკვე გადამეკეტა, არადა სალონში უკვე ჩაწერილი ვიყავი და გადახოტრას ვაპირებდი. ტანსაცმელზეც გავაპროტესტე – რასაც მინდა, იმას ჩავიცვამ, რა მნიშვნელობა აქვს, რა მეცმევა-მეთქი. გვინდა, რომ ჩვენი მონაწილეები ძალიან ფერადები იყვნენო. ისეც ვართ-მეთქი!..
ჰოდა, დილის 4 საათზე მოვრჩი ტორტის კეთებას, შევაგდე საყინულეში, დავეგდე, დავიძინე, ავდექით და ერთი დიდი ნერვიულობა გზა გავიარეთ. წარამარა ვჩერდებოდი და ვნახულობდი, ხომ არაფერი სჭირდა ტორტს…

იმდენი დეტალი აგვიხსნეს, სად რა იდო, რა უნდა გვეთქვა, რა არ უნდა გვეთქვა, რა უნდა გამომეყენებინა და რა – არა… პროდიუსერმა კიდევ შემოგვთავაზა პროექტის გაგრძელება და ისევ უარი რომ მიიღო, გაბრაზდა აშკარად. უამრავჯერ ვთხოვე, საშუალება მოეცათ, ამეხსნა, რატომ მომიწია კერძის გაკეთება.

მინდოდა, ტორტი ბოლოს შემეტანა, როცა კერძს ან მოიწონებდნენ, ან დაიწუნებდნენ, მაგრამ არც ამის უფლება მოგვცეს. საბოლოოდ შევიტანეთ (უამრავი დეტალია, რაც შემიძლია კიდევ მოვყვე). ემოცია იყო ზღვა… საათზე მეტხანს გაგრძელდა საუბარი, ფოტოები, აღფრთოვანება. მე სულაც დამავიწყდა,  კერძი რომ უნდა მოვამზადო. შეფ მიშა ამბობდა, ესენი ისეც გადასულები არიანო, რაზეც მე თვალები შუბლზე გამექცა…

კერძი ცუდად შეაფასეს, რადგან იცოდნენ, არ გადავდიოდი. იმდენად იმოქმედა ამ სიტუაციის გარკვევამ, მე და ნანუს ხმა არ ამოგვიღია. მართლა მჯეროდა სამართლიანობის და ერთადერთი შოუ მეგონა, სადაც რეალურად შეიძლება მიაღწიო შენით რაიმეს არა სიფერადის, არა შოუს დადგმით, არა ტატუების ქონით, ჩაცმით ან გახდით, არამედ როგორ ამზადებ მხოლოდ იმის მიხედვით…
ორ ტურს უძღოდა წინ რეკლამა ტორტის, რის გამოც უამრავმა ადამიანმა უყურა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სულ არ გაუშვეს…

დღემდე ეს ყველაზე ნახვადი, მოწონებადი ვიდეოა მათ ოფიციალურ გვერდზე. აქამდე ვერ მოახერხეს სხვა ისეთი რამის ატვირთვა, რაც გადაწონის მე და ნანუს ვიდეოს…

ოცნება ავიხდინე. გავაკეთე ადამიანის ფორმის ტორტი, წარვუდგინე თავად იმ ადამიანს და მივიღე უამრავი დადებითი ემოცია, რაც არასოდეს დამავიწყდება. შოუს კი ჯანდაბამდე გზა ჰქონია თავისი გახრწნილი აზროვნების მქონე პროდიუსერიანად! ადიოს ამიგოს!” – დაწერა მარი კიკნაძემ.

Cesko