„ეს ინფორმაცია ისეთმა პირებმა გვითხრეს, რომლებიც მანამდე მიშას გამოშვების გზებს, უბრალოდ, ვერ ხედავდნენ“

0
672
57 Views

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს არცერთი ხელისუფლება არ ყოფილა ისეთ დღეში, როგორშიც ამჟამინდელია. ერთის მხრივ, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთი „აწვება“, მკაფიო პოზიცია დააფიქსირე, სანქციებს შეუერთდი და რუსეთი მტრად ღიად გამოაცხადეო და მეორეს მრხხივ, მთლიანად რუსეთზე ჩამოკიდებული ქართული ეკონომიკა, თბილისთან ახლოს მდგარი რუსული ჯარი და ოკუპირებული ტერიტორიები, მმართველ გუნდს დამოკლეს მახვილივით ადევს კისერზე. უკრაინის ხელისუფლების ცალკეული პირები კი ცეცხლზე ნავთს ასხამენ და საქართველოს ხან კონტრაბანდული ტვირთების გატარებაში სდებენ ბრალს რუსეთის სასარგებლოდ, ხანაც…

უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა კოლეგები ბუჩაში იმის სანახავად მიიწვია, თუ რა ჩაიდინეს რუსმა ოკუპანტებმა. მიწვეული ქვეყნების სპიკერებმა სტეფანჩუკის წერილი პირად გვერდზე გამოფინეს და ერთადერთი, ვინც მხრები აიჩეჩა, შალვა პაპუაშვილი იყო.

საქართველოს ხელისუფლებამ, ოფიციალურად, უსაფრთხოების სამსახურის ჩართვითაც კი, მოითხოვა იმ დოკუმენტაციის ან მტკიცებულებების გადაცემა, რომელიც უკრაინის განცხადებას, საქართველოში კონტრაბანდული რუსული ტვირთი მოძრაობსო, დაადასტურებს. უდიდესი ალბათობით, უკრაინელები არაფერს მოგვცემენ, მაგრამ აგერ, მეგის ქარდავამ (ეს ისაა, მიშამ რომ თქვა, არ ვიცნობო) ციხიდან წერილი აფრინა და დეტალურად ახსნა, როგორ შეიძლება კონტრაბანდული ტვირთის შემოტანა-გატანა და უფლებას ვიტოვებთ ვივარაუდოთ, რომ ქარდავა ამას წინა ხელისუფლების გამოცდილების ხარჯზე ამბობს.

ნაციონალური მოძრაობის წევრები მიმდინარე კვირაში უკრაინაში ჩასვლას აპირებენ და გარდა იმისა, რომ დასავლეთს დაანახებენ, ჩვენ რუსეთის არ გვეშინიაო (არც პასუხისმგებლობა აქვთ არანაირი), უკრაინაში სააკაშვილის გზავნილებსაც ჩაიტანენ, კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს ზეწოლა საქართველოზე. ამასთან ერთად, როგორც ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები კულუარულად გვეუბნებიან, თვის ბოლომდე მოხდება ისეთი რამ, რაც ხელისუფლებას აიძულებს სააკაშვილს ციხის კარი გაუღოს. ჰო, ისინი მიშას გათავისუფლების თარიღად სწორედ მიმდინარე თვის ბოლო დღეს ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი „ოცნებისთვის“ უდიდესი სიურპრიზი იქნება. რეალურად, სააკაშვილის ხმარდამჭერები ხშირად არიან ხოლმე აცდენილი რეალობას და სურთ, სასურველი რეალობად წარმოადგინონ, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია ისეთმა პირებმა გვითხრეს, რომლებიც მანამდე მიშას გამოშვების გზებს, უბრალოდ, ვერ ხედავდნენ.

თავის მხრივ, კონკრეტულად, სააკაშვილის მიმართულებით, „ოცნება“ სიმშვიდეს ინარჩუნებს და დარწმუნებულია, რომ არაფერი მოხდება ისეთი, რაც ექს-პერეზიდენტს ვადაზე ადრე გაიყვანს გარეთ.

“ალია”

Cesko