– წესით ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს, მაგრამ… –
თავის დამშვიდება და დაარხეინება რომ უბადლო ვიცით დღევანდელმა ქართველებმა, ეს ერის (შედარებით) ეროვნულად მოფიქრალთა უმრავლესობასაც გვარიანად გვემჩნევა. არადა მუდმივად ვკითხულობ ჩემ მძაფრ პოსტებზე დაახლოებით ასეთ ნააზრევ – გამონათქვამებს: — ,,ამაზე უარეს დღეში ვყოფილვართ და გადავრჩენილვართ”, ან ,,მოიცა რა გურამ, უფალი არ გაგვწირავს, ვაცალოთ უფალს” –
კი ბატონო, როგორ არ უნდა ვაცალოთ უზენაესს, დიდება მის სახელს, მაგრამ დაფიქრებულხართ ქართველებო იმაზე ოდესმე, რომ უფალი ხედავს ჩვენ დამოკიდებულებას საკუთარ თავთან, კულტურასთან და სახელმწიფოსთან. სასიკეთოს ხედავს რამეს? იმ დროებში როცა ის გვწყალობდა და არნახულად ჯოჯოხეთური ეპოქები გამოგვატარა ერი ერობდა. ქრისტიანულ სულიერებაზე, მტკიცე თემობრივ-ოჯახურ ტრადიციაზე იდგა და საუკუნეობით ხელშეუხებელ სახელმწიფოებრივ კანონმდებლობას იცავდა განუხრელად. სამართალი აღესრულებოდა და უმკაცრესი სოციალურ-სამხედრო კოდექსით ცხოვრობდა მყარ საზოგადოებრივ იერარქიაზე მდგარი ქართველი საზოგადოება. ყველა სოციალურ ფენას თავის უდიდესი ფუნქცია ქონდა დაკისრებული სახელმწიფოს წინაშე, ხოლო ამ ფუნქციის შეუსრულებლობას მკაცრად სჯიდა კანონი. საქართველოს სოფლები და მთის ხეობები მრავალშვილიანობით იყო განთქმული და დღევანდელივით უპატრონოდ მიგდებული არ გვქონდა მიწა. არც ქალაქი ასეთი გადატენილი, შვილებს არ ვაგვარებდით მტრების მითითებით, ქართველობას არ ვულანძღავდით დღედაღამ, მიწას სისხლით ვიცავდით და დღევანდელივით არ ვყიდდით მოსისხლეზე. ომში პირველები ელიტა – მეფე და თავადაზნაურობა შევდიოდით და თუ უკიდურესი მდგომარეობა იქმნებოდა მაშინ ვიხმარდით ბრძოლებში ჩვენ გამრჯე გლეხობას, რომელიც იმდენ დოვლათს ქმნიდა რომ მუდამ საომარ რეჟიმში მყოფ ქვეყანას კვებავდა. (ომს ხომ ძალიან დიდი კუჭი აქვს) სამღვდელოება ერისთვის სასარგებლოს ქადაგებდა, სიმართლის და სამართლის სადარაჯოზე იდგა. განათლება შეჰქონდა მრევლში, ნოტარიალურ საქმესაც უძღვებოდა, საარქივოსაც და ომიანობისას ეპისკოპოსები უძღოდნენ ლაშქარს საეკლესიო შენაერთებით. აღარ გავაგრძელებ რადგან ამ თემაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. უბრალოდ იმის თქმა მინდა ქართველებო რომ დღევანდელობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ჩვენი წარსულის ყოფიერებისგან, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისგან და ნამდვილი ქართული ზნეობისგან. გვინდა ვიყოთ ქართველები, მაგრამ იმდენად დავიშორეთ თავი ქართული ფესვებისგან, რომ დღეს გულზე გვაქვს ხელი დაკრეფილი და ჩვენ გასაკეთებელს უფალს ვაჩეჩებთ თავხედური ,,სათნოებით” და თან გვწამს რომ ასეთი ანტიქართული ბედოვლათობით შეგვიწყალებს აუცილებლად. გადასარევი არხეინული ლოგიკაა მე და ჩემმა მზემ. არადა პირადად მე ასეთ საქართველოს როგორიც ის დღესაა, ისტორიის არცერთ ეპოქაში არ ვიცნობ. ეს რაღაცაა…..
იხარეთ — ,,აღდგომა და ხვალეო”
გურამ ქართველიშვილი; სოციალური ქსელი