“ხათუნას ძმა… ბექას ბიძა, ნინას ბაბუა..”, “ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა.. ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით” – უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ოჯახის წევრები ემშვიდობებიან
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსულ აგრესიას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, ბახვა ჩიქობავა შეეწირა. ქართველი მებრძოლი, 19 მარტის დილას ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.
აგვისტოს ომის გმირი უკრაინაში ყირიმის კონფლიქტის დროს წავიდა, სადაც გარდაცვალებამდე ოკუპანტებთან ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.
გარდაცვლილი მებრძოლი პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიას ძმაა.
გარდაცვლილ ბიძაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს ხათუნა ხოფერიას შვილი, ბექა ხოფერია:
“არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა და რომ ყოველთვის ვამაყობდი მისით! პირველი სურათი აგვისტოს ომშია გადაღებული, მაშინ ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა…
პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა, ჩემი გმირი ბიძია მიყვარხარ, ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით, მშვიდობით ბახუ”, – წერს ბექა ხოფერია.