მოწმემ ყველაფერი იცის… – რა ხდებოდა სახლში, სადაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები იმალებოდნენ?

0
955
36 Views

ვერაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ახალი დეტალები და ახალი ფიგურანტები – ვინ არის სახლის მეპატრონე და რა იცის საქმის მოწმემ მომხდარი დანაშაულის შესახებ? – აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს მეგობარმა გიორგი ქარსელაძემ უმასპინძლა, რომელიც ახლა გამოძიების მოწმეა. “კურიერის” ინფორმაციით, ქარსელაძე ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ჭელიძე და კავილაძე მთელი ღამე მასთან იმყოფებოდნენ, მაგრამ მკვლელობის შესახებ მისთვის არაფერი უთქვამთ.

გიორგი ქარსელაძე “კურიერის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მედიასთან დუმილს არჩევს ირაკლი ბიბილეიშვილიც, რომელიც სამკვირიანი მიმალვის დროს, ბრალდებულების კიდევ ერთი მასპინძელი იყო, ახლა კი, სავარაუდოდ, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან ჭელიძისა და კავილაძის გარდა, სხვა პირების კავშირზე მოკლულის დედაც საუბრობს. იზა ომაძე დარწმუნებულია, რომ დანაშაული ჯგუფურად არის ჩადენილი და მისი შვილის მკვლელობის დაგეგმვაში დამნაშავეთა დიდი ჯგუფი მონაწილეობდა. მოკლულის დედა ბრალდებულებისთვის, უვადო პატიმრობას ითხოვს.

მოკლულის დედის მოწოდებებს უპასუხოდ ტოვებენ ბრალდებულების მშობლები.

ვის უამბო გიორგი კავილაძემ მკვლელობის დეტალები და რა ინფორმაცია აქვს ნიკო კვარაცხელიას დედას? – საქმეში ოფიციალურად კავილაძის აღიარებითი ჩვენება არ დევს, თუმცა კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატი განმარტავს, თუ რას გულისხმობდა გავრცელებულ განცხადებაში მოკლულის დედა.

“უმძიმესი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა, როგორც დანაშაულის ჩადენამდე, ასევე ამის შემდეგ, პრაქტიკულად ნახევარი თბილისი მოიარეს და შეხება ჰქონდათ უამრავ ადამიანთან. შესაბამისად, ამ უამრავ ადამიანთან ილაპარაკეს, თუ როგორ, რა ვითარებაში და რა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ჩაიდინეს ეს უმძიმესი დანაშაული. ნიკო კვარაცხელიას დედას აქვს ინფორმაცია, თუ ვისთან ილაპარაკეს ამის შესახებ. როგორც კავილაძემ, ასევე ჭელიძემ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, მისცენ ჩვენება და დაასახელონ ყველა ის პირი, ვისაც რაიმე ფორმით შემხებლობა ჰქონდა ამ დანაშაულთან,”- აცხადებს ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი პაატა მეხრიშვილი.

აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს სასამართლოში ჩვენების მიცემა უახლოეს სხდომებზე მოუწევთ, რას აპირებენ ისინი, უცნობია. ამ დრომდე კი, დაცვის მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ მკვლელობა მხოლოდ აკო ჭელიძემ ჩაიდინა და დანაშაული ჯგუფური არ ყოფილა.

საპირისპიროს ამბობს პროკურორი, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება და ბრალდებულ პირთა წრის გაფართოებასაც არ გამორიცხავს.

ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სხდომა ხვალ განახლდება. ახლოვდება განაჩენიც, რადგან დაცვის მხარემ თითქმის ყველა მტკიცებულება უდავოდ სცნო. არ არის გამორიცხული, განაჩენის დადგომამდე, დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.

Cesko