“მე დანებებული ვიყავი და ეს მხოლოდ, მათი დამსახურებაა” – ნინი შერმადინი

0
906
64 Views

მომღერალი ნინი შერმადინი უკვე ათი წელია, ამერიკაშია. ახლა ის ნიუ-ჯერსის შტატში ცხოვრობს და მუშაობს. ბოლო პერიოდი საკმაოდ რთულად, მტკივნეულად და გაუსაძლისად ემოციურად გადასატანი აღმოჩნდა მისთვის, რადგან დედ-მამა გარდაეცვალა და ამის გამო დეპრესიაში ჩავარდა, გარე სამყაროს მოსწყდა და გარკვეული პერიოდი, სახლში ჩაიკეტა. მეგობრის დაჟინებული თხოვნითა და დედის ოცნების ასრულების გამო კი ძალები მოიკრიბა და ამერიკული „ნიჭიერის“ კონკურსზე გამოჩნდა.

ნინი შერმადინი: ჩემი თაობის ადამიანებს დაბადებიდან რთული ცხოვრების გზის გავლა მოგვიხდა – 90-იან წლებს ვგულისხმობ, ომს, გაჭირვებას, უშუქობას, უპურობას, უფულობას. ამ ყველაფრის შემდეგ, იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, უფრო მებრძოლებად ჩამოვყალიბდით, უფრო მეტად ვაფასებთ სიცოცხლეს და რაც გვეძლევა. ასე რომ, კარგს ვაფასებთ, ცუდს კი ვუძლებთ. არ მიყვარს ჩემს ტკივილზე საუბარი, მაგრამ ბოლო პერიოდში, მშობლების დაკარგვით, დიდი ტრავმა მივიღე. ბევრმა დაკარგა შვილი, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ნათესავი, მეგობარი, მეზობელი… ასე რომ, ეს ორი წელი ჯოჯოხეთური აღმოჩნდა არა მარტო ჩემთვის, ბევრი ოჯახისთვის. დედა ჩემთვის ყველაფერი იყო – საუკეთესო მეგობარი, სტიმულატორი, კრიტიკოსი, მესაიდუმლე. ყველაფერში და ყოველთვის სტიმულს მაძლევდა და მამხნევებდა, ჩემი იმედი იყო. 10 წელია, რაც ამერიკაში ვარ და მიუხედავად იმისა, რომ შორს ვიყავი, სოციალური ქსელით, მასთან ყოველდღიური კონტაქტი მქონდა. ვგეგმავდით, რომ აქ, ამერიკაში ჩამომეყვანა. მისი ჩახუტება სულ მენატრებოდა, ამიტომ ხშირად ჩამოვდიოდი და თვეობით ვრჩებოდი. ვივსებოდი დედის ენერგეტიკით, მერე ამერიკაში თან მიმქონდა და ამით ვსულდგმულობდი. ბევრჯერ მითქვამს: დედა, აღარ მინდა აქ, წამოვალ სახლში. ის კი, სულ მპასუხობდა: რისთვის წახვედი მანდ? შენი და ჩემი ოცნებები აუცილებლად უნდა აისრულო. შენ ჩემთან ვალში ხარ. ამდენი წელია უშენობას გავუძელი, რომ შენი ოცნებები ასრულდეს და არ დანებდეო. ვბრაზდებოდი ხოლმე, რა მეოცნებე ქალია, როდის შეიძლება, მიწაზე ჩამოვიდეს-მეთქი. დედის ვალს ვერასოდეს გადავიხდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი ოცნებები ავახდინო. არ მაქვს სანანებლად, რომ დედას ან მამას ცუდად ვექცეოდი, ცუდი შვილი ვიყავი.

– მამაც და დედაც კოვიდმა გამოგაცალა ხელიდან.

– მამას სიმსივნე ჰქონდა და გვიან გავიგეთ. ჯერ მამა გარდაიცვალა და ოთხ თვეში – დედა. მათი გარდაცვალების დროს მათ გვერდით ვერ ვიყავი. ვერც მამის დაკრძალვას დავესწარი, საზღვრები დაკეტილი იყო და არ გამომიშვეს. დედის დაკრძალვას კი ჩამოვუსწარი და უკანასკნელ გზაზე გავაცილე. მათ ბოლო ამოსუნთქვას ვერ მოვუსმინე და სულ სანანებლად დამრჩება, ღირდა კი ჩემი აქ წამოსვლა, თუ მათთან ყოფნა ასე ხანმოკლე იყო და ისინი ასე მალე უნდა დამეკარგა. მე რომ იქ ვყოფილიყავი, ასე არ მოხდებოდა. ალბათ, სხვანაირად ვუმკურნალებდი. მოკლედ, ბევრი „ნეტა“ მაქვს დაგროვილი და მჭამს. თან, ემიგრაციაში ყოფნა იმიტომ იყო რთული, რომ წლები შვილის გვერდით ვერ ვიყავი, 4 წლის დავტოვვე და 12 წლის იყო რომ წავიყვანე. დღეს ის ჩემ გვერდითაა, აქ სწავლობს და ამით ვინუგეშებ თავს. თან, კარგად მღერის, ნიჭი აქვს. მოკლედ, ვნანობ ყველა იმ წუთს და წამს, რომელიც მშობლებისა და შვილის გარეშე გავატარე, მაგრამ, სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ.

– ახლა, რას საქმიანობ ამერიკაში?

– რესტორანში სიმღერას დავანებე თავი. გაუსაძლისი იყო ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც. კორპორატიულ საღამოებზე ვმღერი. ძირითადად, „ამერიკის ბანკში“ ვმუშაობ.

– სოციალურ ქსელში გააჟღერე, რომ გადაწყვიტე, „ამერიკის ნიჭიერში“ მიიღო მონაწილეობა და ამას შენი მშობლების ხსოვნას უძღვნი. ახლა, კონკურსის რა ეტაპზე ხარ და ეს შენი იდეა და გადაწყვეტილება იყო თუ ვინმემ გირჩია?

– „ამერიკულ ნიჭიერში“ ჩემი ბედის ცდა, ჩემი დაქალის, თუთანას დამსახურებაა. ის დედას კარგად იცნობდა, ხშირად საუბრობდნენ და ალბათ, დედამ გაანდო ოცნებები. თუთამ მითხრა, მიუხედავად შენი ბანკში წარმატებული მუშაობისა, შენი ადგილი მაინც სცენაზეაო. აქ ჩამოსულმა ბევრჯერ ვცადე, ყველგან ვიყავი კონკურსზე, მაგრამ არ გამიმართლა. ამდენმა უარმა და არამ, გადამაწყვეტინა დავნებებულიყავი, რაც ჩემს ხასიათში არ ჯდება. დავიღალე – ხომ არ შეიძლება, სულ ომობდე და იბრძოდე? ასე რომ მოვქცეულიყავი და არ დავნებებოდი, მაშინ უნდა გადამედო საკუთარი თავი, მევლო კასთინგებზე და კონკურსებზე, მაგრამ ჩემი ცხოვრება ამის საშუალებას არ მაძლევდა – ორი პენსიონერი მშობელი, შვილი და ჩემი თავი მხოლოდ მე მებარა. როცა ჩემზე იყო დამოკიდებული ყველა და ყველაფერი, არ მქონდა იმის უფლება, რეალობას ავცდენოდი, ფეხი ფეხზე გადამედო და მხოლოდ ჩემი ნიჭის რეალიზებაზე მეზრუნა. სიმართლე გითხრათ, დანებება ჩემთვის ახალი არ არის, რადგან ბავშვობიდან სულ რაღაცას ვეჭიდავები. არ მეშინია ცხოვრების, არ დავრჩები ულუკმაპუროდ და უმუშევარი, ჩემი თავის იმედი მაქვს, ეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ კონკურსებზე რომ არ მიმართლებდა, ეს მიკვირდა.

– რას გიწუნებდნენ?

– საინტერესო ის არის, რომ არ გეუბნებიან, რატომ არ აგიყვანეს. გეუბნებიან: შესანიშნავი იყავი, მაგრამ ვერ გადახვედი. რომ ვეკითხებოდი – რატომ? ამაზე, პასუხს ვერ ვიღებდი. ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამომესწორებინა, არადა, ყველგან მაქებდნენ, მაგრამ არ ავყავდი და მიზეზს ვერ ვხვდებოდი. სიმღერებიც ჩავწერე, საავტორი ალბომიც გამოვუშვი, მაგრამ არ გაამართლა და მოკლედ, ჩავთვალე რომ ამდენი წლის შემდეგ ჩემი წვალება აღარ ღირდა და შევეშვი. თან, დედისა და მამის გარდაცვალების მერე, სერიოზული დეპრესია დამემართა. რამდენიმე თვე ანტიდეპრესანტებზე „ვიჯექი“, მყავდა ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც. სახლიდან არ გავდიოდი, კომუნიკაცია მქონდა დაკარგული სრულიად სამყაროსთან. არავისთან კონტაქტი არ მინდოდა და რამდენიმე თვე არც სამსახურში მივლია, შრომისუუნარო ვიყავი. ალბათ, ვისაც გამოცდილი აქვს ჩემნაირი შოკი, მხოლოდ ის გამიგებს. მოკლედ, თუთანამ მაიძულა ჩამეწერა სიმღერა და ამერიკულ „ნიჭიერში“ ვირტუალურად მიმეღო მონაწილეობა. ჩავწერე სიმღერა. კონკურსის გვერდზე კი ჩემმა მეგობარმა თავად დამარეგისტრიტა და ატვირთა ჩემი მონაცემები. მე ამასაც არ ვიზამდი. მითხრა: ეს დედაშენის გამო უნდა გააკეთოო. ადრე თუ გვიან აუცილებლად გავიდოდი თავად, მაგრამ ასეთ ფსიქოლოგიურად მძიმე დროს, ვინმეს ხელის კვრა, უკნიდან მიწოლა მჭირდებოდა და ეს თუთანა აღმოჩნდა. აუცილებლად გაიმარჯვებ და აუცილებლად გამოგივა – მე ასეთი ზღაპრების არ მჯერა. მე მჯერა იმის, რომ უნდა სცადო. მოკლედ, ვცადე, ვიმღერე ადელის სიმღერა – „მილიონი წლის წინ“, რომლის ტექსტიც ძალიან ახლოსაა ჩემს ახლანდელ სულიერ მდგომარეობასთან. როგორც წესი, უკრძალავენ კონკურსში მონაწილეებს სოციალურ მედიაში რაიმე ინფორმაციის გაჟღერებას, გარკვეული პერიოდი არ გვაქვს უფლება. არადა, რამდენიმე დღის წინ მომივიდა იმეილი კონკურსიდან: „ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ ეს ფოტო სოციალურ მედიაში!“ ჩემს ფოტოზე იყო საუბარი, რომელსაც აწერია: მე მონაწილეობა მივიღე ამერიკის „ნიჭიერში“.

– რატომ დაარღვიეს ჩარჩოები და ეს რას ნიშნავს, რომ გადასული ხარ შემდეგ ეტაპზე და უკვე კონკურსის მონაწილე გახდი?

– ვერ გეტყვით, რა მოხდა. გაზაფხულის ბოლოს იქნება პასუხი, მოვხვდი თუ არა ამერიკის ნიჭიერის კონკურსზე. ვნახოთ, რა იქნება, მთავარია პირველი ნაბიჯი გადავდგი.

– ნინი, ამერიკულ „ნიჭიერში“ რომ მოხვდე, რა ეტაპი იქნება ეს შენს ცხოვრებაში?

– ეს ჩემს ცხოვრებაში არანაირი ეტაპი არ იქნება, უბრალოდ, ღრმად ამოვისუნთქებ, რომ ამერიკის „ნიჭიერის“ სცენაზე დადგომით დედაჩემისა და მამაჩემის ოცნება ავასრულე. მე დანებებული ვიყავი და ეს მხოლოდ, მათი დამსახურებაა. ამ კონკურსზე გამოსვლას მათ ხსოვნას მივუძღვნი და ვეცდები, მათი ოცნებების ასახდენად მაქსიმალურად დავიხარჯო. ასევე, მივუძღვნი ყველა იმ ადამიანს, ვისაც დავაკლდი, ვისაც ჩემი სჯეროდა, ვუყვარვარ, ვახსოვარ, მგულშემატკივრობენ და ჩემს ქვეყანას. ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობა მარტო ჩემი წარმატება არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მე ამერიკის მოქალაქე ვარ, ამერიკული „ნიჭიერის“ სცენაზე აუცილებლად ვიტყვი, რომ მე ვარ საქართველოდან. აუცილებლად გავაცნობ ჩვენს კულტურას, ენას, შესაძლეობლობებს. და, მინდა ჩემი წინსვლით, კიდევ უფრო მეტს დავეხმარო, ვიდრე ახლა ვეხმარები. ასე რომ, აწი ჩემი მშობლების ოცნებების ასასრულებლად ვიცხოვრებ. მათ სიახლოვეს და დახმარებას ყოველ წუთს ვგრძნობ, ყოველ ნაბიჯზე და ვიცი, ისინი სულ ჩემ გვერდით იქნებიან და დამეხმარებიან.

“თბილისელები”

Cesko