ნინო ლეჟავამ “მთავარი არხის ” გადაცემა “სხვა ნანუკაში“ იმ გამოცდილებაზე ისაუბრა, როდესაც რთველში წავიდა სამუშაოდ. როგორც მსახიობი ამბობს, ვენახში მუშაობით გაცილებით მეტი ჰქონდა ხელფასი, ვიდრე თეატრში, სადაც შეიძლება მთელი დღე გაეტარებინა. თუმცა ეს ყველაფერი ადვილი არ ყოფილა, მსახიობი ამბობს, რომ დამატებითი სამუშაოს გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა…
ნინო ლეჟავა:
– შვიდი წლის წინ სოფელში სახლში ვიყიდე, რადგან მე დედულ-მამულეთი არ მქონია. ნაკვეთი არ მაქვს, პატარა ეზო მაქვს და სახლი, სადაც სიხარულით მივდივარ საუკეთესო სამეზობლოში. იქ გავიგე, რომ რთველი რომ იწყებოდა, ბრიგადები დადიოდნენ. მზიდავს 45 ლარი ჰქონდა ხელფასი, მკრეფავს – 40 ლარი, ძარაზე მდგომს – 50 ლარი.
ძარაზე მე ვინ დამაყენებდა, ასევე მზიდავები კაცები იყვნენ და მკრეფავად წავედი. ეს იყო ფილმი “სიყვარული ყველას უნდა“ ლაივში. ფანტასტიკური გარემო იყო და ძალიან კარგი ხალხით. იყო უარყოფითი რაღაცებიც, მაგალითად თუ მეპატრონე აღმოჩნდებოდა ძუნწი. მოუვლელ ვენახში გველებიც შეიძლება ყოფილიყვნენ, ამას მივეჩვიე და დაკვირვებით ვუყურებდი. წელამდე ბალახი იყო ყველგან, გსუსხავდა.
დილის 5 საათზე ვდგებოდი, 6-ზე უკვე ეზოსთან ვიდექი, მანქანა ჩამოივლიდა და მივყავდი… შვიდზე თუ შევიდოდით ვენახის საკრეფად ორ საათამდე ვიყავით. ანაზღაურება იყო 40 ლარი. ერთი თვე თეატრში რომ მემუშავა, იგივე გამომდიოდა 20 დღეში, რაც თეატრში ერთი თვის განმავლობაში.
ყველაზე მეტად რამაც მატკინა გული, არაბების მიერ კახეთში ნაყიდი ვენახებია, რომლებსაც ქართველები ჰყავთ დაქირავებული ხელმძღვანელებად, რომლებიც მონასავით გექცევიან. დანარჩენი ეს ხალხი ისე მიყვარს, რომ მომავალ წელსაც თუ იქნება საშუალება, წავალ აუცილებლად. არაბი მეპატრონე საერთოდ არ გამოჩენილა და შენივე ქართველი რომ პირისპირ ცუდად გექცევა, ეს არის საშინელება. კარგი პასუხი კი გავეცი და არაბიც რომ გამოჩენილიყო, იმასაც იგივეს ვუპასუხებდი.
პატიოსნად ვშრომობდი, ამ დროს არ უნდა დაჭყლიტო მტევანი, ბევრი მარცვალი არ უნდა დაგეყაროს დაბლა…
ძალიან დაუფასებელია ხელოვნების წარმომადგენლების შრომა… საშინელ მდგომარეობაში არიან მხატვრები. მე ჩემი პროფესიის გარეშე ვერ ვიარსებებ. ამ წუთას არ მაქვს დამატებითი შემოსავალი. იცით, პანდემიის დროს ზოომაღაზიაში ვმუშაობდი. ვენახების კრეფაში მაშინ ჩავერთე, როდესაც თეატრში დასვენება მქონდა. ორშაბათს თეატრში რომ დასვენება გვაქვს, ვცდილობ ხოლმე მაგ დროს მოვნახო დამატებითი სამუშაო. კლანური სისტემებიც არის, ვერასოდეს მოვხვდი გამხმოვანებელთა სიაში…”