გლდანში ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები დედ-მამა და სამი შვილია

January 29, 20:26
0
573

გლდანში სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი.

შემთხვევა გლდანი 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება პოლიციაც და კორპუსის სხვა მაცხოვრებლები.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები – დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია. ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის გადასული იყო და ქირით ცხოვრობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბინაში ცხედრები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა.

როგორც გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე ამბობს, ოჯახი გაზის ღუმელით, ე.წ. დუხოვკით თბებოდა და ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია.

ცხედრები ჯერჯერობით ბინიდან არ გადაუსვენებიათ.

„თბილისი ენერჯიში“ განმარტავენ, კონკრეტულად რამ გამოიწვია ნამწვის დაგროვება, რის შემდეგაც უბედური შემთხვევა მოხდა. 

„მოხდა უბედური შემთხვევა! გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები.

გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Cesko