ბღაოდნენ თეატრში… მსახიობები ვართ, მასხარები, მაგრამ ჩვენც გვტკივა – მარინა კახიანი ნიკა ქაცარიძეს იხსენებს

January 28, 18:06
0
173

5 იანვარს, ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. მსახიობის შესახებ ბევრს საუბრობდნენ მისი ახლობლები, მეგობრები თუ უბრალოდ ნაცნობები.

ნიკას კოლეგა, მარინა კახიანი „პრაიმტაიმთან“ მსახიობს კიდევ ერთხელ იხსენებს და საკუთარ ემოციებზე საუბრობს.

„ნიკას წასვლამ არა მარტო ჩემში, მთელ თეატრში განსაკუთრებული სიცარიელე და გაკვირვებაც კი დაგვიტოვა. ეს იყო ჭეშმარიტად ელდა. 5 იანვარს, მოვედი თეატრში, რეპეტიციისთვის ვემზადებოდი. ბღავილი გავიგე, თეატრის თანამშრომლები ბღაოდნენ. თავიდან ამბავი მითხრეს, მაგრამ ვერ მივხვდი, არ მჯეროდა.

გარდა იმისა, რომ იგი ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო, ის იყო უზომოდ შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე. ნიკა იყო გამორჩეულად შეყვარებული რუსთაველის თეატრზე, თავის კოლეგებზე. ეს იყო განსაკუთრებით მტკინვეული, რადგან წინა დღეს ჩვენ ერთად ვიყავით, გვქონდა რეპეტიცია და ის განსაკუთრებით ბედნიერი და მომავლისთვის მომართული იყო. თითქოს მადლობას უხდიდა განგებას ყველაფრისთვის. მეორე დღეს რომ ეს ამბავი შევიტყვე, ჩემს გონებაში ვატრიალებდი იმ დღეს, ჩემს გონებაში და დღემდე ვატრიალებ“,- ამბობს მარინა კახიანი.

მას და ნიკას ბევრი სპექტაკლი ერთადაც უთამაშიათ. სწორედ ბოლოსაც, ერთ სპექტაკლზე მუშაობდნენ, როლისთვისაც ნიკამ თმებიც კი გადაიპარსა.

„არ მახსოვს პირველად როდის გავიცანი, ალბათ 2005 წელს. ჩვენ ერთად არაერთ სპექტაკლში მოგვიწია მუშაობა. ბოლო სპექტაკლშიც, ასე დავარქმევდი – „შეწყვეტილი როლი, შეწყვეტილი სპექტაკლი“. განსაკუთრებით უნდოდა ამ როლის თამაში. თავიც გადაიპარსა, რადგან თვლიდა, რომ ამ როლისთვის გადაპარსული თავით უნდა ყოფილიყო. სპექტაკლი თებერვალში უნდა გამოგვეშვა.

რა თქმა უნდა, ამ დრომ გადაიწია. უბრალოდ ნიკუშას მინდა ვუთხრა, რომ უფრო მეტად მიყვარდა თურმე, ვიდრე მე მეგონა და ვიდრე მას ეგონა“,- გვეუბნება მსახიობი.

როგორც მარინა კახიანი ამბობს, ნიკას როლზე სპექტაკლში ჯერ სხვა მსახიობი არ დაუნიშნავთ, რადგან დღემდე ეს ამბავი ყველასთვის მტკინვეულია.

Cesko