გიორგი ანდრიაძე: ეკლესიაში ძალიან ცუდი პროცესები ვითარდება, რაშიც სააკაშვილის და ნაცების ხელი ურევია!

January 28, 08:40
0
1304

ვეკითხები მეუფე ნიკოლოზს – განა ასეთი რა საშინელი კადრები გადაიღეს შენზე ნაცებმა, რომ გამჟღავნების შიშით თავიანთ რუპორად გაქციეს? – გიორგი ანდრიაძე ბრალს სდებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდში ყველაფერი რიგზე ვერ არის. რიგ შემთხვევებში, ენაწყლიანობით ცნობილი ეპისკოპოსები, იმის მაგივრად, რომ სისხლიანი რეჟიმის მიერ დაუნდობლად ნაწამები ადამიანების ვარამი გაიზიარონ, მრევლს თავიანთი უცნაური განცხადებებით და ამ სისხლიანი რეჟიმის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილის ქომაგობით აკვირვებენ. ახლახან ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მზად არის, თავის ეპარქიაში ადგილი გამოყოს და სააკაშვილი შინაპატიმრობაში, მონასტერში გადაიყვანოს…

  – „ მე გეტყვით, რით არის განპირობებული მიტროპოლიტის ასეთი თავგამოდება. საპატრიარქო ამაზე არ ილაპარაკებს, რადგან მშვიდობისთვის იღვწის… ჩემი მთავარი მიზანი კი, ის არის, რომ უზნეო და პოლიტიკური ძალების მძევალი მავანი სასულიერო პირების გამო მრევლი რწმენაში არ დაბრკოლდეს!“  – ამ სკანდალური სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, საპატრიარქოს ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა, თეოლოგიის დოქტორმა გიორგი ანდრიაძემ:

– რა თქმა უნდა, მეუფე ნიკოლოზის ეს განცხადება საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. იგი ამგვარად პირველად არ მოქცეულა, პოლიტიკურ ჭრილში ბევრი ქმედება განუხორციელებია და მერე საპატრიარქო იძულებული გამხდარა, განეცხადებინა, რომ მეუფე ნიკოლოზის კონკრეტულ საქციელი მისი პირადი ინიციატივაა და საპატრიარქოს პოზიციისგან განსხვავდება. ვისაც მინიმალური იურიდიული განათლება მაინც გააჩნია, კარგად ხვდება, რომ მეუფე ნიკოლოზი ამჯერადაც უხერხულობაში აღმოჩნდა, რადგან პატიმრის მონასტერში გადაყვანა მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება. სახელმწიფო არის კანონზეა დაფუძნებული და ეპისკოპოსს კი არა, პრემიერს და პარლამენტსაც არ აქვს უფლება, კანონს გვერდი აუაროს. მითუმეტეს, საუბარია სააკაშვილზე, რომელსაც საზოგადოება ისეთ უმძიმეს დანაშაულებში სდებს ბრალს, როგორიც არის ფაშიზმი, ადამიანების წამება და მკვლელობა, რაც კაცობრიობის წინაშე ცნობილი დიქტატორების ქმედებებს უტოლდება. ამ შემთხვევაში, ეპისკოპოსის მხრიდან ასეთი ოდიოზური დამნაშავის ქომაგობა საზოგადოების დიდ რისხვას, ხოლო ეკლესიის წიაღში კი, დაპირისპირების პროვოცირებას იწვევს. სასულიერო პირების უმრავლესობაც, სააკაშვილის პიროვნების და ზოგადად, ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებების მიმართ ძალზე უარყოფითად არის განწყობილი. ასეთი განწყობა რიგ ეპისკოპოსებს თავიან საჯარო ქადაგებებშიც ღიად აქვთ დადასტურებული! ხალხს ვერ დაავიწყდება, რაც თავისი თვალით უხილავს, კასრებში აღმოჩენილი ფირების შინაარსის დავიწყებაც შეუძლებელია. რეჟიმის მიერ მოკლული ადამიანების ოჯახის წევრთა და ცოცხლად გადარჩენილი ნაწამები ადამიანების რაოდენობაც, საკმაოდ ბევრია, რაც იმისი უტყუარი ნიშანია, რომ ეკლესიის მაღალი იერარქს ხალხისთვის თვალის ახვევის მცდელობა არ გაუვა!

 – პირდაპირ გეკითხებით, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს მეუფე ნიკოლოზის აღნიშნულ ინიციატივას?

– სისხლიანი რეჟიმის საქომაგოდ გამოთქმული აღნიშნული ინიციატივა მაღალი იერარქიის სასულიერო პირისგან – აშკარად არაადეკვატურია, ისევე, როგორც ყოფილი ეპისკოპოსის, პეტრე ცაავას ძველი განცხადებები, რომელიც ამჟამად თამაშიდან თავადვე გაიყვანეს, როგორც გაშიფრული აგენტი და სააკაშვილის „წინასწარმეტყველად“ გამოცხადების მიზნით, მეუფე ნიკოლოზი მიუშვეს! ისტორიის წინაშე ამ ადამიანებმა თავი მოიჭრეს! არაფერია დასამალი – გარკვეული კომპრომატების გამო ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის მძევლები და მათგან ამ კომპრომატებით შანტაჟის მსხვერპლნი! პირდაპირ ვეკითხები მეუფე ნიკოლოზს – განა ასეთი რა საშინელი კადრები გადაიღეს შენზე ნაცებმა, რომ გამჟღავნების შიშით თავიანთ რუპორად გაქციეს? გამოდის, კრებსებში დაფიქსირებული ინფორმაციები მართალია! ნაცების ბანდის წევრია მღვდელყოფილი ილია ჭიღლაძე. როგორც იქნა, დასაჯეს, თუმცა ადრე იყო დასასჯელი, უცხოეთიდან კაკანის გამო! მან გამოაქვეყნა 15 ეპისკოპოსის სია, რომელთაც გვერდით მიუწერა დიდი ზნეობრივი ცოდვების აღმნიშვნელი ფაქტები. მეუფე ნიკოლოზთან დაკავშირებით, მრუშობა იყო ნახსენები. ასეთი ფაქტი კრებსებში გააჟღერეს და ეს თემა რატომღაც მალევე დახურეს – ნეტავ რატომ? ამ 15 ეპისკოპოსს ხომ ცილი დასწამეს და თავის მართლების საშუალებაც არ მისცეს! რა შედეგი დადგა? – საზოგადოება ამ სასულიერო პირების მიმართ დაბრკოლდა! დიახ, იმ სასულიერო პირებზე, ვის მიმართაც რეალური კომპრომატები არსებობდა, რაც სხვათაშორის, იმ ცნობილ კასრებში აღმოაჩინეს – ნაცები დღემდე ზეწოლას ახდენენ და შეკვეთებს ახმოვანებინებენ! ვფიქრობ, თვითონ მეუფე ნიკოლოზიც ძალიან ცუდად გრძნობს თავს, რადგან ხედავს, როგორი ბინძური დავალებების შესრულება უწევს! პირდაპირ გეუბნებით – მეუფე ნიკოლოზი ტყვეა! აი, ამისთვის არის საჭირო ლუსტრაციის კანონი, რომ ამნაირი სასულიერო პირი კი არ გამოვაჭენოთ, არამედ, დაკავებული მდგომარეობიდან წყნარად გავისტუმროთ, რათა მის გამო ეკლესიას ჩრდილი არ მიადგეს! შესაბამისად, იმ გარე ძალას ვეღარ ექნება ასეთებზე ზეწოლის და კომპრომატებით მანიპულირების შესაძლებლობა! ეს უკვე უშიშროების სამსახურის ფუნქციაა, დაეხმარონ, გაათავისუფლონ ტყვეობიდან, ეს კაცი!

 – სინოდი თავის დროზე რად არ ამხელს და არ სჯის, ვთქვათ, ილია ჭიღლაძის მსგავს სასულიერო პირებს?

– მღვდელყოფილი ილია ჭიღლაძე და მისი მსგავსი მღვდლები სინოდს კი არა, მისივე ეპარქიის ეპისკოპოსს უნდა დაესაჯა, როგორც ეს მეუფე სტეფანემ გააკეთა და სჯულისკანონის ფარგლებში დასაჯა მარტვილში ამბოხებული, ასევე ნაცებისგან მართული საეკლესიო პირები. სამწუხაროდ, ეკლესიაში ძალიან ცუდი პროცესები ვითარდება და ამ ყველაფერში ხელი სააკაშვილს და ფაშისტურ ნაციონალურ მოძრაობას ურევია. კომპრომატებით გამოჭერილი სხვადასხვა რანგის სასულიერო პირები კი, სააკაშვილს ესარჩლებიან და მის გათავისუფლებას მოითხოვენ! როგორ შეიძლება, ეპისკოპოსი ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლთა, ასობით და ათასობით ადამიანის ტკივილს არ ითვალისწინებდეს და მათი ჯალათების საქომაგოდ იღვწოდეს. როგორც თეოლოგიის დოქტორი, საჯაროდ ვაცხადებ, რომ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ასეთი მხარდაჭერა მათ პირდაპირ, ჯოჯოხეთში ჩაიყვანს! ხაზგასმით დაწერეთ: დიახ! მოუნანიებელ მკვლელს თუ მხარს უჭერ, ყველა მისი ცოდვის თანამოზიარე ხდები! ეკლესია მონანულთა საკრებულოა და სინანულის შემთხვევაში ყველას გულში იხუტებს, მაგრამ მოუნანიებელი დამნაშავე აბსოლუტურად სხვანაირად იქცევა – ის გარბის საზოგადოებიდან, იტანჯება. ძალაუფლების დაბრუნებას კი არ აპირებს, |ეკონომიკურ პროგრამას“ კი არ წერს, არამედ თვითონვე ამბობს, რომ ჩაჯდება ციხეში, ოღონდ გამოისყიდოს! სააკაშვილი ამ დროს, სინანულის ნატამალსაც არ ამჟღავნებს!

 – მაგრამ მეუფე ნიკოლოზი მას თანამედროვე ეკლესიის წევრად და ლამის თანამედროვე წმიდანად აცხადებს…

– დიახ. გვიმტკიცებს, რომ სააკაშვილი მარხულობდა, არადა ის თავად აცხადებს რომ შიმშილობდა. თუმცა, არც შიმშილობდა და არც მარხულობდა, რადგან გამჟღავნდა, რომ ხბოს პაშტეტის დანამატებით იკვებებოდა. ამასთან, სააკაშვილს პატრიარქმა მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და ეკლესიის წევრად თავი თუ მიაჩნდა, მას უნდა დამორჩილებოდა, თუმცა პატრიარქის კურთხევით კი არ შეწყვიტა, რასაც „შიმშილობას“ უწოდებდა… არამედ იმ მოტივით, რომ მოთხოვნა დაუკმაყოფილეს! აი, როცა ამნაირ თაღლითს დიდ წინასწარმეტყველს ადარებ – ამას თეოლოგიის მიხედვით ქვია მწვალებლობის ქადაგება! მეორე პრობლემა და დიდი ტრაგედიაა, რომ ხელისუფლება სააკაშვილს „კოსტიუმების საქმეზე“ ასამართლებს და არა მკვლელობების, წამებების საქმეებზე, რითაც მისი საშინელი დანაშაულების შემსუბუქებას ახდენს.  იგივე იქნებოდა, ჰიტლერი და მისი ფაშისტური რეჟიმი ნიურნბერგის პროცესზე გაფლანგვების გამო გაესამართლებინათ. სააკაშვილის მომხრეები დღემდე მოურიდებლად ამტკიცებენ, რომ დიახ, ვინც მოკლეს – უნდა მოეკლათ! ვინც აწამეს – უნდა ეწამებინათ! თუ ეპისკოპოსი ამას ამართლებს, თუ იმ უზნეობასაც ამართლებს, რომ კაცს ოფიციალურად, 3 ცოლი ჰყავს! – ღმერთის წინაშე ისიც ამ მძიმე ცოდვების თანამონაწილედ გამოდის!

 – საინტერესოა, მეუფე ნიკოლოზი რას უპასუხებს, თუ რეზიდენციასთან სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები და დაზარებული ხალხი მიადგება?

– სწორი შენიშვნაა. ვთქვათ ეპისკოპოსი არ ინტერესდება სააკაშვილის დანაშაულებით. მაგრამ ვიდრე თანამედროვე წინასწარმეტყველად გამოაცხადებდა, რატომ არ დაუძახა იმ ადამიანებს და არ გამოკითხა, ვინც თავს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად მიიჩნევს? აბა ერთი აუხსნა, რა მოტივაციით და რა არგუმენტებით შეუნდო ათასობით ადამიანისთვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების წამგლეჯს, მათთვის მინიჭებული ტკივილი?! დაელაპარაკოს ამ ხალხს! ეგრე სად არის, მარტო სააკაშვილთა რომ დაიარება და მის ბჟუტურს ისმენს!

 – ოდესღაც, „დანიის სახელმწიფოში რაღაც დალპა…“ მოყვრის პოზიციიდან ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ჩვენი ეკლესიიდანაც მეტისმეტი სიმყრალე იფრქვევა?

– 15 წელია, ამაზე ვსაუბრობ. ნაცებს დაფიქსირებული მართლაც აქვთ კონკრეტული ფაქტები – მრუში, ლოთი, ნარკომანი ეპისკოპოსების და სხვა სასულიერო პირების ქმედებების ამსახველი კადრები. იცით ვინ არიან ეს სასულიერო პირები? – შევარდნაძის რეჟიმიდან მოყოლებული, ეკლესიაში დისკრედიტაციის მიზნით შეგზავნილი პირები!  ასეთი ტენდენცია სააკაშვილის რეჟიმმა უფრო მეტი ინერციით აიტაცა და ახლა ამის სამწუხარო მოსავალს ვიმკით, მამხილებელი ვიდეო კადრები და კომპრომატები – სწორედ ამ კატეგორიის მღვდელმსახურებზე არსებობს!  მათგან განსხვავებით, ის სასულიერო პირებს, ვინც პატრიარქმა გაზარდა – არაფერი შეშლიათ! აგენტების ნაწილი – უკვე გამჟღავნდა, როცა მათ აშკარა ომი გამოუცხადეს ეკლესიას… ნაწილი, ჯერ გაყურსულია და თავის დროს, ან დავალებას ელოდება, რათა ამოქმედდეს. იმ კრებსებში  საიდუმლო აგენტების ვინაობა არ გაჟღერებულა, ისინი გადამალეს! სამაგიეროდ, უხვად გამოფინეს უკვე გაშიფრული თავიანთი აგენტები და მათ ნუსხას რამდენიმე პატიოსანი მღვდელმსახურიც მიაწერეს!

 – როდის დადგება ჟამი, როცა ეკლესია საბოლოოდ გაიწმინდება უღირსი მღვდელმსახურებისგან?

– ამისთვის საჭიროა, შესაბამისი განწყობა საერო ხელისუფლებაში. რუის-ურბნისის კრება ხომ, ეკლესიის კი არა, მაშინდელი საერო ხელისუფლების, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ინიციატივით გაიმართა! ანალოგიური კრებები გაიმართა წმიდა თამარ მეფის, ასევე, იმერეთის მეფის სურვილით… ოღონდ ეკლესიის მონაწილეობით! დიახ, ვიღაცამ უღირს სასულიერო პირს უნდა მოკიდოს ქეჩოში ხელი და ეკლესიიდან გამოაძევოს. თუ შესაბამისი გარემოება დადგება, მათი უმრავლესობა თავად გაიძურწება ეკლესიიდან. კაბებს გაიხდიან, ზოგი უცხოეთში წავა, ზოგი საერო ცხოვრებას დაუბრუნდება და თავადაც დაისვენებენ. ამიტომ, აუცილებელია ქვეყანაში ეროვნული ხელისუფლება მოვიდეს, რომ მერე ეკლესიამაც თავისი ნამდვილი ფუნქცია დაიბრუნოს! ღვთის ნებით, ალბათ ეს ჟამიც მალე დადგება!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

Cesko