ქართველი დიპლომატის, გელა ჩარკვიანის სოციალურ გვერდზე, მისი ფოტო და მოგონება ვრცელდება:
„1970 წელს ერთი სემესტრი აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გავატარე თოთხმეტ სხვა საბჭოთა უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგთან ერთად. მათ უმეტესობას რუსები შეადგენდნენ, თუმცა იყო რამდენიმე ბალტი და შუა აზიელიც. ქალბატონი მიჩურინა სხვებისაგან გამოირჩეოდა, მოსკოვის მორის ტორეზის ინსტიტუტში ასწავლიდა, ინგლისური სხვებზე კარგად იცოდა, ქმარი დიპლომატი ჰყავდა და, ბუნებრივია, ამ ყველაფრით თავი მოჰქონდა.
მისი ჩემდამი დამოკიდებულება ამბივალენტური, გაორებული იყო. ერთი მხრივ, სულ უნდოდა ჩემს სიახლოვეს ყოფილიყო, მეორე მხრივ კი, როგორც კი მოეცემოდა საშუალება, წამკბენდა ხოლმე. კბენა უმეტესწილად ჩემს ქართველობას უკავშირდებოდა.
ჩვენი ამერიკელი მასპინძლები ყურადღებას არ გვაკლებდნენ, გვპატიჟებდნენ ოჯახურ სადილებზე, თავიანთი მანქანებით დავყავდით სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებში. ერთხელ, როცა მარვინ კირსტედს და მის მეუღლეს, შერონს, მიჩურინა და მე მანქანით საყიდლებზე მივყავდით, გზა ყვავილებიანმა ჰიპებმა გადაგვიღობეს, იყიდეთო, შემოგვთავაზეს. მარვინმა ფანჯრის შუშა ჩამოსწია, რამდენიმე ტიტა იყიდა და მიჩურინას მიართვა. „ეს გელას ნათესავები არიან“, – თქვა მიჩურინამ დამაინტრიგებელი ღიმილის თანხლებით, ისე, რომ მარვინისთვის მადლობის თქმაც კი დაავიწყდა. „გელა, თქვენ ამერიკაში ნათესავები გყავთ?“ – შემეკითხა შერონი. „არა, – დამასწრო პასუხი მიჩურინამ, – თქვენ ვერ გამიგეთ, ქართველები იმით არიან ცნობილი, რომ ყვავილებსა და დაფნის ფოთოლს ჰყიდიან მოსკოვში“.
მარვინმა მანქანა დაძრა. ცოტა ხნის შემდეგ შერონი მოგვიტრიალდა და მითხრა: „გელა, ეტყობა, თქვენი ხალხი მართლაც გამორჩეულია. ყვავილებს ხომ კეთილი ადამიანები ჰყიდიან“.
მიჩურინას მოლოდინი არ გამართლდა. ამჯერად კულტურათა მკვეთრი სხვაობის გამო კბენა ვერ შედგა. საბჭოთა რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკაში ყვავილების გაყიდვა სამარცხვინო საქმე არ იყო“.
ნაგერალა80
როკ-მუსიკის კონცერტზე. მიჩიგანის უნივერსიტეტის კამპუსზე, ენ არბორში, აშშ. 1970 წლის ზაფხული
შეგახსენებთ, გელა ჩარკვიანი 2021 წელს გარდაიცვალა.