პროტესტის მიუხედავად, ჩვენი წყარო ამბობს, რომ გახარიას და გვარამიას პარლამენტში შესვლა აქვთ განზრახული

0
386
374 Views

„მომავალ შეხვედრამდე“, – პარლამენტთან საპროტესტო აქცია ისე დასრულდა, რომ ორგანიზატორებს სამოქმედო გეგმა არ გაუსაჯაროვებიათ. გარდა იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებს მიმართა, რომ ლეგიტიმაცია დღეიდან მათ აქვთ და არა ბიძინა ივანიშვილს. მეტიც, ვაშაძემ დაიფიცა, რომ დღეიდან საქართველო არის საქართველოს რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები და, რომ მათთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.

მაშ ასე, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა იყოს. აცხადებენ, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და აპირებენ სიების ჩახსნას. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი და სიების ჩახსნაზე პირველი განცხადება გააკეთა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ნიკა გვარამიამ და განაცხადა, რომ მათი გაერთიანება, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმავს, დაიცვას არჩევნებზე მიღებული ხმები.

გვარამიას ამ განცხადების შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიცია ერთმანეთზე მიყოლებით ამტკიცებდა, რომ სიებს ჩახსნიდნენ, თუმცა ჯერჯერობით, სიების ჩახსნაზე განცხადებას არ აკეთებს გიორგი გახარიას პარტია და რაც ასევე საინტერესოა არც პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ რევოლუციას უერთდება. როგორც for.ge-ს გახარიას პარტიასთან დაახლოებული პირი უყვება, ყოფილი პრემიერის პარტია პარლამენტში შევა, ისევე როგორც, დიდი ალბათობით, საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს არ იტყვის ნიკა გვარამიას „კოალიცია ცვლილებებისთვის“. თავად გახარია, რომელმაც 12 მანდატი მიიღო, აცხადებს, რომ „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს, მაგრამ ეს ვერ იქნება „ქართული ოცნება“. როგორც გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია და ამაზე ყველანი თანხმდებიან.

„მანდატებზე უარის თაობაზე ჩვენ გავაკეთეთ განცხადება. როგორც კი სიების ჩახსნა იქნება შესაძლებელი, რადგან ეს შედეგების გამოცხადების შემდეგაა შესაძლებელი, ამ სიებსაც ჩავხსნით. ამაზე არსებობს ყველას თანხმობა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პარტია „ლელოს“ დანამატი – „მოქალაქე“ ალეკო ელისაშვილი მიმართავს გახარიას, რომ ახლა არა პრანჭვის, არამედ ერთად ბრძოლის დროა. მისი თქმით, ახლა საკუთარ თავს ყველამ უნდა აჯობოს და საქართველო გადაარჩინოს, რომელიც განსაცდელშია.

„მინდა გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, აქედან მილანძღია იცოცხლე, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, ახლა არ არის ერთმანეთის წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა. ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ კაცო, მაგაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები ერთმანეთის ლანძღვაში. მაგრამ ახლა ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა, ჩვენს თავზე, ჩვენს წყენებზე, ჩვენს ბოღმაზე მაღლა დავდგეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, რადგან საქართველო განსაცდელშია და ყველამ გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო“, – მიმართა ალეკო ელისაშვილმა.

„მოქალაქე“ ელისაშვილს მალევე უაპასუხა გახარიამ, რომლის განცხადებით, ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაცას სხვები არ მოსწონს, ვიღაც გაბრაზებულია მასზე, ისევე როგორც თავად არის გაბრაზებული ვიღაცაზე, მაგრამ აერთიანებთ ქვეყნის ევროპული მომავალი.

„სცენაზეც ასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ და ვიქნები აქ, მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე. გამოსავალი აქვთ, გამოძიება და ამ შედეგების გადახედვა. შესაძლებელია ბევრი ოლქების გადახედვა და თავიდან არჩევნების ჩატარება, ეს არის მათთვის სახის შენარჩუნების შესაძლებლობა. ხუთი სისტემური მაქინაცია და სქემა გვაქვს დაიდენტიფიცირებული, რომელმაც ზეგავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Cesko