“იმ საღამოსვე მოახდინა პირველი სასწაული. მრევლში არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ხედავს სხივს ამ ხატზე” – სასწაულთმოქმედი “შენ ხარ ვენახის” ისტორია

0
550
98 Views

წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სასაფლაოზე არსებულ პეტრე-პავლეს ტაძარში დაბრძანებულია სასწაულთმოქმედი დედაღვთისმშობლის ხატი – “შენ ხარ ვენახი”, რომელიც 1995 წელს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის კურთხევით დაიწერა. როგორც სასულიერო პირი ჰყვება, ხატი დიდი ნუგეშისა და მადლის წყაროა და მან უამრავი სასწაული მოახდინა…

წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი:

1995 წელს ქაშვეთის ერთ-ერთი მრევლთაგანის მიწვევით გახლდით კაბადოკიაში. გიორემის ხეობაში ულამაზესი სანახაობები გადაგვეშალა თვალწინ. იქაურ ტაძართაგან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტოკალის ეკლესიამ. ეს გამოქვაბულის ტაძარი თქვენი განმანათლებლის, წმინდა ნინოს სახელობისააო, გვითხრა თურქმა გიდმა, რომელიც გადმოცემით კაბადოკიელი ქართვეი იყოო. გადავწყვიტე წმინდა ნინოს პარაკლისი აღმევლინა. სწორედ მაშინ, როცა პარაკლისის აღსავლენად ვემზადებოდი, ჩემი ყურადღება კანკელის კუთხეში მარჯვენა მხარეს მდებარე ღვთისმშობლის ერთ-ერთმა გამოსახულებამ მიიპყრო.

ეს არის ღვთისმშობელი მარიამი ღვთიური ყრმით. ამ ფრესკაზე დედაღვთისას ძალიან ღრმა გამომეტყველება აქვს. თითქოს აწყმოდან მომავალში იმზირებაო.

ჩვენთან იყო ხატმწერი ირაკლი ცინცაძე, რომელსაც ვუთხარი: ყურადღებით დააკვირდი და გულის სიღრმეში აღიბეჭდე მშვენიერება ამ ფრესკისა. როდესაც საქართველოში დავბრუნდებით ჩვენ, უნდა შევქმნათ ხატი.

ამ დროს პეტრე-პავლეს ტაძარი იხატებოდა, განზრახული გვქონდა, ქრისტეშობის დღეებში გვეკურთხებინა ახლად შექმნილი ხატი. რამდენადაც გვიანდებოდა, ირაკლის ცოტა არ იყოს მკაცრად ვუთხარი, შეწყვიტე ტაძრის მოხატვა და ეს ხატი დაასრულე-მეთქი. ვთხოვე, ძე ხორციელისთვის არ ეჩვენებინა და არაფერი ეთქვა ამ ხატის შესახებ.

როცა დასრულდა და ხატს ჩამოფარებული თეთრი ზეწარი ავხადე, გავოცდი, ახლად შექმნილი ხატი იმდენად მადლმოსილი იყო, რომ თითქოს კურთხევასაც აღარ საჭიროებდა.

უნდა წამესვენებინა საპატრიარქოში, რომ უწმინდესს ეკურთხა, მაგრამ გულის ხმამ მითხრა, მანქანა შემებრუნებინა და პეტრეპავლეს ეკლესიისკენ წამომებრძანებინა. ასეც მოვიქეცი.

ქრისტეშობის წინა დღე იყო, ლიტანიობას იკურთხა ეს ხატიც. ხატმა ენით აუწერელი სიხარული და ეიფორია გამოიწვია მრევლში.

იმ საღამოსვე მოახდინა პირველი სასწაული, ათეისტზე. ალექსანდრას მეუღლე საშინელი ათეისტი იყო, რომელმაც ორჯერ-სამჯერ, სიშლეგეში, სახლიდან გადაუყარა წმინდა ხატები. ცოლმა სთხოვა, ერთხელ წამომყევი ეკლესიაში თუ რამე დამაბრკოლებელს ნახავ, პირობას გაძლევ, აღარ წავალ ეკლესიაშიო. და იმ ღამეს წამოჰყვა ქმარი ტაძარში და პირველად იცხო ზეთი. ემთხვია ახლად შექმნილ ხატს და ერთდროულად ორი მამაკაცური დაავადებისგან განიკურნა.

შემდეგ თვით ათეისტებიც ამოდიოდნენ და ამბობდნენ, ჩვენ არ გვწამს, მაგრამ გვჯერა ამ ხატის, რადგან ჩემი ნათესავი განიკურნა, ჩემი ახლობელი გამოჯანმრთელდაო და ასე შემდეგ.

მცხეთის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთი მრევლი მოვიდა ამ ტაძარში და ნახა, ათინათს გადმოსცემდა ეს ხატი. იფიქრა მზის სხივი ეცემოდა და ადგილი შეიცვალა, მაგრამ სადაც არ დადგა, სხივმდინარება ამ ხატიდან არ შეწყვეტილა.

მრევლში მუდმივად არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც მუდმივად ხედავს იმ სხივს, რაც მისტიკურად არის ამ ხატზე. დაუჯდომელის კითხვის დროს ყველას კი არ ეფინა ნათელი ხატიდან, არამედ ზოგიერთ მათგანს. ვინც სულიერად სავსეა, მას ეფინება ნათელი ხატიდან.

მას შემდეგ უამრავი ხახი მოაწყდა…

მამა არჩილის მიერ მონათხრობს სასწაულთმოქმედ ხატზე აქ დაწკაპუნებით მოისმენთ.

წყარო: პრაიმტაიმი

Cesko