ლინკოლნიდან ტრამპამდე – აშშ-ის პრეზიდენტების მკვლელობის ფაქტების და მცდელობების სისხლიანი ისტორია

0
136
46 Views

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი და ყოფილი პირველი პირების მკვლელობის ფაქტების და მცდელობების გრძელი სია არსებობს და ქვეყნის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმაც, უკვე ამ სისხლიანი ისტორიის ნაწილად იქცა.

ქვეყანაში ოთხი პრეზიდენტის მკვლელობის განზრახვა მიიყვანეს ბოლომდე – ესენი არიან აბრაამ ლინკოლნი, ჯეიმს გარფილდი, უილიამ მაკკინლი და ჯონ კენედი. ხოლო კიდევ სამი, მათ შორის დონალდ ტრამპი, თავდასხმებს მცირე დაზიანებებით გადაურჩნენ. ამას გარდა, სხვადასხვა პირებსა თუ დაჯგუფებებს, აშშ-ის არაერთი პრეზიდენტის მკვლელობა ჰქონდათ განზრახული, თუმცა, გეგმების განხორციელების პროცესში, ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები არ დაშავებულან.

Newshub.ge-მ თავი მოუყარა აშშ-ის პირველ პირებზე თავდასხმების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს.

აბრაამ ლინკოლნის მკვლელობა:

1865 წლის 14 აპრილს, აბრაამ ლინკოლნის მკვლელობა ფორდის თეატრის ლოჟაში ამერიკის პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენაა. ლინკოლნის მკვლელი ჯონ უილკს ბუტია – ის კონფედერაციის მომხრე მსახიობი იყო, რომელიც აღაშფოთა მაშინდელი პრეზიდენტის ინიციატივამ – ხმის უფლება მიენიჭებინათ შავკანიანი ამერიკელებისთვის.

პრეზიდენტი, მისი გასროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა, ხოლო თავდამსხმელი 12 დღის განმავლობაში მიმალვაში იყო, მანამ ვირჯინიაში, ფერმაში არ მიაგნეს და გაერთიანებული არმიის ჯარისკაცებმა სასიკვდილოდ არ დაჭრეს.

ჯეიმს გარფილდის მკვლელობა:

ჯეიმს გარფილდს პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ ოთხი თვე ჰქონდა გატარებული, როდესაც მას კოლუმბიის ოლქში, ვაშინგტონის რკინიგზის სადგურზე ესროლეს 1881 წლის 2 ივლისს. მას ორი ტყვია მოხვდა მხარსა და ზურგში და 11 კვირის შემდეგ, ჭრილობაში განვითარებული ინფექციით გარდაიცვალა.

მისმა მკვლელმა, შარლ ჯულიუს გიტომ დანაშაულის მოტივად დაასახელა ფაქტი, რომ ის საფრანგეთში ელჩად არ დანიშნეს, რის გამოც გაბრაზებული იყო.

უილიამ მაკკინლის მკვლელობა:

რესპუბლიკელი პრეზიდენტი უილიამ მაკკინლი 1901 წლის 6 სექტემბერს, ნიუ-იორკის შტატის ბაზრობაზე ცეცხლსასროლი იარაღით მუცელში დაჭრა ანარქისტმა. რვა დღის შემდეგ, ის განგრენით გარდაიცვალა. ერთი თვის შემდეგ, მისი მკვლელი, ლეონ ჩოლგაში გაასამართლეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

მაკკინლის სიკვდილის შემდეგ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურს მოქმედი პრეზიდენტების 24-საათიანი დაცვა დაევალა.

ჯონ კენედის მკვლელობა:

ეს კი შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე ცნობილი მკვლელობა იყოს – ჯონ ფიცჯერალდ კენედის ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა, როდესაც პრეზიდენტი, ტეხასის შტატის ქალაქ დალასში ვიზიტისას თავის მეუღლესთან, ჯეკთან ერთად კაბრიოლეტით გადაადგილდებოდა.

კენედის ორი ტყვია მოხვდა თავსა და ზურგში, ნახევარი საათის შემდეგ კი ის გარდაცვლილად გამოაცხადეს უახლოეს საავადმყოფოში. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური გამოძიების მიხედვით, ოსვალდი მარტო მოქმედებდა, გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა თვლის, რომ პრეზიდენტი უფრო მასშტაბური შეთქმულების მსხვერპლი იყო.

რონალდ რეიგანის მკვლელობის მცდელობა:

მას შემდეგ, აშშ-ის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების მკვლელობა კიდევ რამდენჯერმე სცადეს, თუმცა, „წარუმატებლად“. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა რონალდ რეიგანს უკავშირდება – ის აშშ-ის ბოლო მოქმედი პრეზიდენტი იყო, რომლის მკვლელობაც სცადეს.

რეიგანს 1981 წლის მარტში, ვაშინგტონში, სასტუმროს სიახლოვეს ესროლეს თანამდებობის დაკავებიდან მალევე. მას თავს ჯონ ჰინკლი დაესხა, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი აზრით, ამ საქციელით შთაბეჭდილებას მოახდენდა მსახიობ ჯოდი ფოსტერზე.

რეიგანს ჰქონდა მოლოდინი, რომ 1987 წელს, ლუიზიანაში, რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე გამოსვლის დროს მისი მკვლელობის მცდელობა კვლავ ექნებოდათ და როდესაც ბუშტის გახეთქვის ხმა გაიგო, თქვა – „ამაცილეთ“.

ჯორჯ ბუშ უფროსის მკვლელობის მცდელობა:

ჯორჯ ბუშ უფროსზე თავდასხმა განახორციელა ქუვეითელი და ერაყელი თავდამსხმელების ორგანიზებულმა დაჯგუფებამ, რომელიც სავარაუდოდ, სადამ ჰუსეინზე მუშაობდა. მათ ბუშის მკვლელობის მცდელობა 1993 წელს ჰქონდათ მას შემდეგ, რაც მან პოსტი დატოვა. ექსპრეზიდენტის მოსაკლავად მისი ავტომობილი დანაღმეს.

ბილ კლინტონმა, რომელმაც ბუში პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა, არშემდგარ შეთქმულებაზე საპასუხოდ, ირანული დაზვერვის სამსახურის ობიექტის მიმართულებით რაკეტა გაუშვა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გამოძიებამ დაადგინა, რომ შეთქმულება შესაძლოა ქუვეითის ოფიციალური პირების მიერ ყოფილიყო დაგეგმილი.

ბილ კლინტონის მკვლელობის მცდელობები:

მოგვიანებით, თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა თავად ბილ კლინტონი. მისი მკვლელობა სულ მცირე ხუთმა ადამიანმა სცადა, მათ შორის, ხელნაკეთი ბომბი ესროლეს მის ცოლს, ჰილარის და თეთრის სახლის შენობას შორიდანაც ესროლეს.

ჯორჯ უოკერ ბუშის მკვლელობის მცდელობა:

აშშ-ის 43-ე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშზე შურისძიება 2022 წელს სცადა ერაყის მოქალაქემ, რომელმაც ისლამური სახელმწიფოს მომხრეები შემოიკრიბა ბუშის, როგორც ტერორის წინააღმდეგ ომის არქიტექტორის მოკვლის მიზნით. მისი თქმით, შეთქმულება ერაყში ომის შედეგად გამოწვეული ბრაზით იყო განპირობებული.

ბარაკ ობამას მკვლელობის მცდელობა:

აშშ-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის მკვლელობის მიზნით რამდენიმე შეთქმულება დაიგეგმა თეთრი რასის უპირატესობისა და ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მიერ. 2011 წელს, 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს შეთქმულების თეორეტიკოს, 21 წლის ოსკარ რამირო ორტეგა-ერნანდესს, რომელმაც ობამას მკვლელობის მიზნით, თეთრ სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ხოლო 2013 წელს, ობამას გაუგზავნეს წერილები, რომლებიც შხამიან ნივთიერება რიცინს შეიცავდა. საქმეზე ელვისის „ორეული“ დააკავეს მისისიპიდან, თუმცა, მოგვიანებით, დაკავებული გაათავისუფლეს და პოლიციამ განაცხადა, რომ მას მომხდართან კავშირი არ ჰქონდა.

ჯო ბაიდენის მკვლელობის მცდელობა:

2023 წლის მაისში, პოლიციამ 19 წლის კაცი დააკავა მას შემდეგ, რაც ის დაქირავებული ფურგონით თეთრის სახლის დამცავ ბარიერს შეეჯახა. მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ ნაცისტებს ემხრობოდა და პრეზიდენტის მკვლელობისა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იყო მზად.

მან წარდგენილი ბრალი აღიარა და ფედერალური საკუთრების დაზიანებისთვის, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა:

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის სიცოცხლეს რამდენჯერმე შეექმნა საფრთხე. მათ შორის, აღსანიშნავია ლას-ვეგასში მომხდარი ინციდენტი, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქემ სცადა, პისტოლეტი წაერთმია პოლიციელისთვის და ტრამპისთვის ესროლა.

ბოლო შემთხვევა კი 13 ივლისს მოხდა, როდესაც პენსილვანიაში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპის მისამართით რამდენჯერმე გაისროლეს. შედეგად, მან ყურის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო, ხოლო შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, კიდევ ერთი კი მძიმედ დაშავდა.

სნაიპერებმა ადგილზევე მოახდინეს თავდამსხმელის ლიკვიდირება. დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი აღმოჩნდა, რომელიც ექსპრეზიდენტს დამიზნებით ესროდა.

Cesko