“გოგონა რომ საოპერაციოდ გაიყვანეს, ჭერი ჩამოინგრა და საოპერაციო ხელსაწყოები დაილეწა…” – თბილისში სასწაული მოხდა

0
1747
15 Views

ნანა ცინცაძეს თბილისში “თიჩა ნანას” სახელით იცნობენ. ბევრ ცნობილ სახეს ასწავლის ინგლისურს. ამაზე, ქვემოთ თვითონაც ჰყვება, თუმცა ეს სტატია სულ სხვა თემაზეა.

ნანა ვერაზე ცხოვრობს და სახლში, მეუფის კურთხევით, კელია აქვს. ხატებით სავსე ოთახში რომ მადლი ტრიალებს ის ფაქტი ცხადყოფს, რომ ხატებს მირონი სდით და როგორც “პრაიმტაიმთან” თავად ჰყვება, არამიწიერი სურნელი იფრქვევა.

ზოგჯერ ხატებს მირონდენა ვნების შვიდეულში ეწყებათ, ზოგჯერ კი, იმის მაუწყებლად, რომ რაღაც განსაცდელისთვის შეემზადოს…

ნანა ცინცაძე: წლებია, მეუფის კურთხევით კელია მაქვს. ჩემს კელიაში მხოლოდ მირონი არ სდის ხატებს, სასწაულებიც აღესრულება. არამიწიერი სურნელი ასდით ხატებს…

როდესაც რწმენით მიეახლები ხატს და გულით შესთხოვ, უფალი შეგისმენს. ვიცით, რომ მისგან ყველაფერია შესაძლებელი.

იესოს ხატს ვნების კვირაში თავიდან შუბლი დაუსველდება, შემდეგ თვალებზე მოსდის ცრემლიც და მირონიც.

მხოლოდ დაწერილ ხატებს არა, რეპროდუქციასაც, ანუ საიდანმე ამოჭრილ თუ ინტერნეტიდან ამონაბეჭდ ხატებსაც ცრემლი ეკიდება. მამა ღმერთის ხატსაც ჰქონდა ცრემლი… მეტწილად რეპროდუქციული ხატები მაქვს.

თითქოს ხატს მასთან თავისით მივყავხარ, რომ ვნახო ახლად გადმომდინარე ცრემლი თუ მირონი.

იოანე რუსის (ძლიერი წმინდანია) ხატი მამაომ ჩამომიბრძანა საბერძნეთიდან. შვილთან დაკავშირებით პრობლემა მქონდა და ამ ხატმა მანიშნა. განსაცდელიც დაეშვა. ასეთ დროს არ მეშინია ხოლმე. ვიცი, რომ ესა თუ ის განსაცდელი ჩემს გასაძლიერებლად ეშვება.

როდესაც დავქვრივდი 33 წლის ვიყავი. მეუღლე ციხეში აღმოჩნდა. და შემდეგ იქ გარდაიცვალა. ხომ იცით, განსაცდელი უფალს გაახლოებს. მას შემდეგ გავაკეთე ეს კელია. ახლა 58წლის ვარ. 38 წლის ვაჟი და ოთხი შვილიშვილი მყავს.

დედა მეუბნებოდა, ახალგაზრდა ხარ, იქნებ ნახო ვინმე, ოჯახი შექმნაო. ვისხედით იერუსალიმიდან ჩამოტანილი ხატის წინ. მე ვუპასუხე, შენ ხომ იცი, მე შეყვარებული მყავს-მეთქი. დედას სახე გაუნათდა, იფიქრა, მეშველაო. მე თითით მივანიშნე იესოს ხატზე – აი, ჩემი შეყვარებული-მეთქი. დედა მიხვდა, რომ ჩემთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. და ამ საუბრიდან ზუსტად ათი წუთის შემდეგ, ჩემს თვალწინ, ერთ-ერთი უდიდესი სასწაული აღესრულა. იერუსალიმიდან ჩამოტანილ იესოს ამ ხატთან სალოცავად დავდექი. ხატზე ხელთუქმნელი ჯვარი გამოისახა.  დავინახე, როგორ დაისვა იესომ სახეზე ჯვარი, მირონმა დენა დაიწყო შუბლის შუა ნაწილიდან და გაჩერდა ნიკაპთან. ვიყვირე ემოციურად და სანამ მივტრიალდი, უკვე ჯვარი ჰქონდა სახეზე გაკეთებული. წარმოუდგენელია ასეთი სიმეტრია ადამიანმა დაიცვას.

ეს იყო წლების წინ და ხატს ეს ჯვარი ახლაც ეტყობა. მირონი ყველას გვინახავს ხატზე, მაგრამ ასეთი ხელთუქმნელი ჯვარი დაესვას სახეზე, ალბათ, უიშვიათესად.

მოდიოდნენ ფოტოს გადასაღებად. ერთი მეგობარი მოვიდა და მითხრა, წარმოუდგენელია, შენ ისეთი ემოციური ხარ, შენ ხომ არ გააკეთეო? ასეთ მკრეხელობას როგორ ჩავიდენდი, იესოს სახეზე ჯვარს დავუსვამდი-მეთქი? – ვუთხარი. მივიდა, ფოტო გადაუღო და უცებ მესმის მისი განწირული ყვირილი – დავისაჯეო. ყველას ფოტოზე ჩვეულებრივ რომ აღიბეჭდებოდა, ამ ქალბატონის გადაღებულ ფოტოზე ის ჯვარი თეთრად გამოჩნდა.

ჩემი მეგობრის 15 წლის გოგონას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაციის დღეც დაითქვა. იმ დროს ჩემთან დაბრძანებული იყო ყაზანის ღვთისმშობლის ხატი. ბავშვის დედა თავად შეესწრო, როგორ მომიბრძანეს ხატი სახლში. ილოცე-მეთქი, ვთხოვე. გამომხედა, ნანა, ბავშვი ფიზიკურად ვერ დგებაო… საღამოს ცხრა საათზე ბავშვი მოიყვანა. მაშინვე დაუჯდომელი მივეცი წასაკითხად. დილით დამირეკა, ბავშვს ავადმყოფის ყველა სიმპტომი გაუქრაო. ვთხოვე, ოპერაციას ნუღარ გაუკეთებ-მეთქი. ბავშვი საოპერაციოდ მაინც გაიყვანეს, მე კი სახლში ვლოცულობდი, ყაზანის დედა ღვთისმშობლის ხატს ვეხვეწებოდი, ბავშვისთვის ოპერაცია აეცილებინა. ერთ საათში მირეკავენ, გოგონა რომ საოპერაციოდ გაიყვანეს, ჭერი ჩამოინგრა და საოპერაციო ხელსაწყოები დაილეწაო. გოგონა ჯანმრთელია და კარგად არის.

რამდენიმე წლის წინ, ჩემი ვაჟი ციხეში მოხვდა და იქ ტუბერკულოზი დაემართა. ძალიან გახდა. დღე და ღამე ვტიროდი. მაშინ მირჩიეს, წმინდა დიმიტრი როსტოველის ხატთან მელოცა. ეს ის წმინდანია, რომელმაც ღვთისმშობლის ხუთჯერადი ლოცვა შექმნა. ხატი ვერ ვიშოვე და ინტერნეტიდან როგორც ფოტო, ისე ამოვბეჭდე. დილით მარცხენა თვალზე დიდი ცრემლი ეკიდა რეპროდუქციას. ცრემლი გადიდდა და ახლაც ჩანს, როგორ ტიროდა დიმიტრი როსტოველი ჩემთან ერთად. ეს იყო ხილული სასწაული. შვილი გამოჯანმრთელდა. ექიმები ფილტვის რენტგენმა გააოგნა, სარკესავით სუფთა ჰქონდა.

შემიძლია ყველას გითხრათ, განსაცდელში მოხმობილი უფალი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა. თუ გულით მოუხმობ, წარმოუდგენელია თქვენს გვერდით არ გაჩნდეს. ეს წარმოუდგენელია. უფლისკენ გადადგმული ნაბიჯით ისე იგრძნობთ მის მყოფობას თქვენში, რომ ვერც კი ახსნით.

რწმენით ლოცვას სასიკვდილო სარეცელიდან აღუდგენია ადამიანი. ქალბატონი წყნეთიდან იყო, მახსოვს მითხრა, არ იცით, თქვენმა ხატმა რა გააკეთაო. იერუსალიმიდან ჩამობრძანებულმა დედაღვთისმშობელმა და იესოს ხატმა გადაურჩინა მომაკვდავი მეუღლე. მეუბნებოდა, გადარჩენის სანაცვლოდ ხატებს აღვუთქვი, თუ რაიმე ძვირფასი მაქვს, შემოგწირავთ-მეთქი. და მოიტანა ძვირფასი ბეჭედი და შესწირა. ასე დაგროვილი ძვირფასეულობა მიმაქვს და ვწირავ მონატერს.

ისეთი განსაცდელებიდან და ქარცეცხლიდან ვყავარ გამოყვანილი მე, ჩემი შვილი და ჩემი მეგობრებიც… ყველას ვეუბნები, შენი რწმენისამებრ მოგეგება-მეთქი.

ჩემს მეგობარს დაურეკავს, ვიღაცაზე, ჩხუბი დაიწყო და ნან, გეხვეწები, მიშველე, ლოცვაში მოიხსენიეო. ლოცვა დამიწყია თუ არა, იმ წუთშივე მოდის შველა. მერე უთქვამთ, თითქმის დანა ამოღებული ჩხუბობდა და ისე დამშვიდდა, რა მოხდა, არ ვიციო. ეს ხდება მხოლოდ რწმენით…

ღვთის შიში და იმედი უნდა გვქონდეს.

ნინოწმინდის (საგარეჯოს) საოცარ მონასტერში, საოცარ დედებთან შვიდი თვე ვიცხოვრე. იქ მინდოდა დარჩენა, მაგრამ შვილის გამო ჩემი იქ ყოფნა არ შეიძლებოდა და წამოვედი.

დედამიწაზე და საქართველოში ერთ-ერთი პირველი დედათა მონასტერია. მეუფე ლუკა ლომიძეს საოცარი დედები, დედამიწაზე სამოთხე და თითით საჩვენებელი მონასტერი აქვს. ჭეშმარიტი მონაზვნობა იქ ვნახე.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მე ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. ბევრ ცნობილ სახეს ვამზადებ ინგლისურში. ვინ ჩამოგითვალოთ, მათ შორის არიან – ლევან რატიანი, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, ლელა მებურიშვილი, სოფო გელოვანი… ვინ აღარ. ბევრნი არიან… “ნანა თიჩათი” მიცნობენ.

მოკლედ, ვისაც ნუგეში, ლოცვა და რწმენით მოსვლა სურს, ჩემს კელიაში ყველას ვიღებ… მობრძანდით!

წყარო:პრაიმტაიმი

Cesko