თბილისში დღეს მკვლელობა მოხდა. ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი სასიკვდილოდ დაჭრეს. 21 წლის ბიჭს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
მოკლული ახალგაზრდა ნიკიტა აგიევია. დასისხლიანებული ბიჭი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მოქალაქეებმა ნახეს. მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც სანდო წყარო “ამბებს” უყვება, ნიკიტა აგიევსა და სამ ახალგაზრდას შორის სისხლიან დაპირისპირებას წინ კონფლიქტი უძღოდა, რომელიც იქვე, კაფეში დაიწყო.
ახალგაზრდებმა შემდეგ ქუჩაში გადაინაცვლეს. ნიკიტა აგიევზე თავდასხმასა და მკვლელობაში სამივე ახალგაზრდა მონაწილეობდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი დანა ფიგურირებს საქმეში.
წყაროს ინფორმაციითვე, შსს-ს ახალგაზრდები იდენტიფიცირებული ჰყავს (სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მიხედვით) და მათ მიმართ სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, საუბარია ახალგაზრდების კრიმინალურ წარსულზეც.
მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით პოლიციას დანაშაულში ბრალდებული არ დაუკავებია.
ambebi.ge