რუსულ მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვიაჩესლავ გობოზოვი ამბობს, რომ მათი დიდი სურვილია რუსეთ-ბელარუსის კავშირს მიუერთდნენ და ეს მათი პრიორიტეტია. გობოზოვი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მინსკმა ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს.
„ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამიტომ ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე. ეს გახსნის გზას საკავშირო სახელმწიფოსთან და ახალ ჰორიზონტს რესპუბლიკისთვის“, – განაცხადა გობოზოვმა.
მანამდე, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, რომ განხორციელდეს.