70-დან 70 ქულა ინგლისურში – გოგო ხულოს სოფელ დიდაჭარიდან რეპეტიტორების გარეშე – წაიკითხეთ და მიულოცეთ!!!

0
772
31 Views

„ერთხელ, სკოლიდან როცა შინ ვბრუნდებოდი, მაშინ მომინდა პირველად ამის გაკეთება: რასაც ვფიქრობდი,  იმაზე ხმამაღლა ლაპარაკი დავუწყე საკუთარ თავს ინგლისურად…

მივეჩვიე ამას და შემთხვევით გზაზე გამვლელს რომ არ გასცინებოდა, ტელეფონს მივიდებდი ყურთან, თითქოს ვიღაცას ვესაუბრებოდი. მთავარი კომუნიკაციაა. ამიტომაც, თუ ვინმე ინგლისურენოვანთან კომუნიკაცია შეუძლებელია, შეიძლება საკუთარ თავსაც მოუყვე რამე,“ – თავის მეთოდს გვიზიარებს ქეთი შავაძე, როგორ ისწავლა ინგლისური ენა რეპეტიტორის გარეშე ისე, რომ ეროვნულ გამოცდებზე 70 ქულიდან 70 აიღო.

ქეთი შავაძე ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. ქეთი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას აპირებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვა საგნებში ქეთის შედეგები ასეთია: ქართული ენა და ლიტერატურა 60-დან 58 ქულა, მათემატიკა – 51-დან 37 ქულა.

ქეთი არც სხვა საგნებში მომზადებულა რეპეტიტორებთან.

„…მე-9 კლასის ჩათვლით ფოთში ვსწავლობდი სკოლაში, რადგან მამაჩემი იქ მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში, შემდეგ გადმოვედით დიდაჭარაში. მხოლოდ მე-12 კლასში სწავლის დროს დავდიოდი სკოლაში გახსნილ მოსამზადებელ ცენტრში, რაც „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დააფინანსა.

მოსამზადებელ ცენტრში კვირაში სამჯერ გვიტარებდნენ დამატებით გაკვეთილებს ის პედაგოგები, რომლებიც სკოლაში გვასწავლიდნენ, მხოლოდ ორი პედაგოგი მოდიოდა მეზობელი სოფლიდან.

მე-12 კლასში ვიდრე გადავიდოდი, ინგლისური უკვე საკმარისად ვიცოდი: ხულოში ამერიკული კუთხეა, იქ მოდიოდნენ ინგლისურენოვანი ადამიანები და ვესაუბრებოდი, სოციალურ ქსელშიც არის ხელმისაწვდომი ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბები, სადაც უფასოდ შეიძლება დარეგისტრირდე და ესაუბრო ვინმეს ინგლისურად.

ვფიქრობ, მთავარი დროის მენეჯმენტია და დროულად იმის გააზრება: სად გაქვს პრობლემა. ლექსიკა, გრამატიკა… არავის სიამოვნებს დღეში 30 და 40 სიტყვის დაზუთხვა, უნდა სცადო, ეს პროცესი სახალისო გამოვიდეს: მაგალითად, ფილმებს ვუყურებდი ინგლისურად და იქიდან ვიწერდი უცნობ სიტყვებს,“ – გვიყვება ქეთი შავაძე.

რა სახის სირთულეები აქვს მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ აბიტურიენტს?

„ფოთში პრესტიჟულ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ იქ არავის აუღია მაქსიმალური ქულები, თანაც რეპეტიტორებთან დადიოდნენ… მე დავინახე სოფლის სკოლის მასწავლებლებში მეტი მოტივაცია – აქ მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი აუხსნან მოსწავლეს. შესაძლოა, ისინი არ ფლობენ ყველა იმ ახალ მეთოდს, რასაც ტრენინგებზე ასწავლიან მასწავლებლებს, მაგრამ ცდილობენ, ბავშვებს მაქსიმუმი მისცენ.

მაგალითად, ჩემი მათემატიკის მასწავლებელი დიდაჭარაში ჯემალ გობაძე იყო – ზოგჯერ ერთდროულად გვიმუშავია ამოცანაზე. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლექციური ხასიათის გაკვეთილი. მთავარია, როცა თანაბრად აღიქვამ მასწავლებელს და პარტნიორობ. ამ დროს აღვიქვი საინტერესოდ მათემატიკაც. სახლშიც მათემატიკაზე მუშაობა უკვე სიამოვნებას მანიჭებდა.

მერე დავიწყე ფიქრი, მათემატიკის ირგვლივ რა სფეროს არჩევა შეიძლებოდა: კომპიუტერული მეცნიერებები ახლა განვითარების პიკშია, მოთხოვნაც მაღალია, მინდა, კომპიუტერულ ინჟინერიას დავუახლოვდე. სხვა შეგრძნებაა, როცა თავად შეგიძლია რაღაც ახალი შექმნა,“ – ამბობს ქეთი შავაძე და შემდეგ რამდენიმე პრობლემას ასახელებს, რაც, მისი აზრით, დღეს არსებობს სკოლაში.

„სოფლად განსაკუთრებით პრობლემაა კვალიფიციური მასწავლებლები – ისინი ნაკლებად რჩებიან სოფლებში, პრობლემაა აღჭურვილობა, მაგალითად, ჩვენ ქიმიის ლაბორატორია არ გვქონდა  და ამის მიუხედავად მასწავლებელი მაქსიმუმს ცდილობდა, რაღაც ეჩვენებინა. წარმომიდგენია, პირველ რიგში, ჩვენი ქიმიის მასწავლებელი როგორ გაიხარებდა, დიდაჭარის სკოლაში რომ ლაბორატორია მოეწყოს.

ლაბორატორია ვერ მოეწყო, ჩვენ ვცადეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს ძვირი ჯდება.

ბევრი რამ იცვლება სკოლაში, მაგრამ ჯერ კიდევ არ ესმის ბევრს, როგორ უნდა ისაუბროს სკოლის ასაკის ბავშვებთან, როცა ბავშვები იცვლებიან… სკოლაში არათუ ფსიქოლოგი, სამედიცინო კუთხეც არ გვქონდა. მაგალითად, ფოთის სკოლაში იყო ექიმი, ვისაც შეეძლო მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.

ვფიქრობ, თაობა შეიცვალა და სხვაგვარია ამბოხის შეგრძნებაც. ჩვენ ხმის ამოღების არ გვეშინია, უსამართლობას არ შევეგუებით,“ – კატეგორიულია ქეთი შავაძე.

რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება, მაგალითად, სოფელში ქალის მიმართ, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობს? – სკოლის კურსდამთავრებულის დაკვირვებით, ბევრ სოფელში ისევ მიიჩნევენ, რომ ქალს უმაღლესი განათლება არ სჭირდება, თუმცა ქეთი შავაძის აზრით, ქალებმა უკვე იციან, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები.

„…ჩემს სოფელში არ მსმენია, ვინმესთვის ეთქვათ, გოგო ხარ და ამიტომ არ უნდა ისწავლო უმაღლესშიო, მაგრამ არის ასეთი სოფლები, სადაც ამას ეუბნებიან გოგონებს, რომ მათი „განათლება“ საჭმლის მომზადება, ქმრის მოვლა და შვილების გაზრდაა.

დღეს გოგოებმა იციან, რომ ბევრად დაცულია ქალი, შესაძლებელია სამოქალაქო ორგანიზაციებს მიმართო.

გამოცდილებაა საჭირო მეტი წარმატებისთვის, მაგალითად,  სკოლის მეტი ქალი დირექტორი გვყავდეს, ან მერის წარმომადგენელი, თანამდებობის პირი. ჩვენ ახლა ამ ეტაპს გავდივართ.

თუმცა არის ერთგვარი შიშიც: შეიძლება მაინც ვერ დაგინახონ ისე, როგორც საჭიროა, არ აღგიქვან კომპეტენტურ პირად მარტო იმის გამო, რომ ქალი ხარ. ეს არ არის მხოლოდ აჭარაში ან საქართველოს სხვა კუთხეებში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც ასეა…“, – გვითხრა ქეთი შავაძემ.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge

Cesko