„გვარამიაა პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო, „ნაცმოძრაობა“ ფორმაში მოეყვანა, თუმცა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი“ – რას ამბობს გია ხუხაშვილი

0
2611
24 Views

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გიგა ხუხაშვილი.

– ბატონო გია, პირველად მოხდა საქართველოში, რომ  საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი და პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. პირველი, რაც მოხდა პოლიტიკურ ველზე, „ნაცმოძრაობა“ და გიორგი ვაშაძის „სტრატეგია–აღმაშენებელი“ ისევ გაერთიანდნენ. რას მოუტანს ეს გაერთიანება ოპოზიციას?

– ასეთ გაერთიანებებს რამდენიმე კუთხით უნდა შევხედოთ. ელექტორალური კუთხით, ბევრს არაფერს მოუტანს ეს  გაერთიანება მის მესვეურთ. „ნაცმოძრაობა“ არის ერთგვარი ჩაკეტილი სისტემა, მას არ აქვს ელექტორალური განვითარების პოტენციალი. კი, ელექტორატის საკმაოდ მნიშვნელოვანი სეგმენტი უჭირავს, მაგრამ მას ვერ აფართოებს. „აღმაშენებელთან“ გაერთიანება ბევრს არაფერს იძლევა. „აღმაშენებელს“ ისედაც მწირი ამომრჩეველი ჰყავს და მის ნაწილს მაინც და მაინც არ უყვარს „ნაცმოძრაობა“. შესაბამისად, მათი ხმები იკარგება და საბოლოოდ,  რაღაც ძალიან უმნიშვნელო მატება იქნება. ამ მხრივ ეს ბევრი არაფერია. ამ გაერთიანებაში „ნაცმოძრაობის“ ინტერესი არის წმინდა პიარული, რომ რაღაც კეთდება, ვიღაცასთან  გაერთიანდნენ საარჩევნოდ, პოლიტიკური პარტიები მის ორბიტაზე ბრუნდებიან… წმინდა წყლის პროპგანდისტული დანიშნულება აქვს. პრაგმატული საარჩევნო პოლიტიკის თვალსაზრისით, ბევრი არაფერია ეს გაერთიანება. „აღმაშენებლისთვისაც“ ცუდია ეს, რადგან  როდესაც პატარა პარტია  დიდს უერთდება, ის საკუთარ იდენტობას კარგავს. ამგვარი რამ არაერთხელ გვინახავს, დიდ პარტიებს შერწყმული, მასთან  ათქვეფილი  პატარა  და მერე დაკარგული პარტიები. ერთადერთი,  პირად სარგებელს ნახავენ კონკრეტული პიროვნებები. „აღმაშენებელს“ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და შესაბამისად, გიორგი ვაშაძე და კიდევ 2–3 კაცი ამ პარტიიდან „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, საერთო სიით, შევლენ პარლამენტში. „ნაცმოძრაობას“ ამ ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. საარჩევნო თვალსაზრისით, ამ გაერთიანებას მცირე კორექტივები შეაქვს, მაგრამ საერთო სურათს ვერ შესცვლის. პოლიტიკური მოზაიკა რაც გვაქვს, იგივე დარჩება.

– თავის დროზე, გიორგი ვაშაძე „ნაცმოძრაობიდან“ იმიტომ წამოვიდა, რომ ამ პარტიის სისხლიანი, ძალადობრივი, მძიმე და ხალხი დღემდე რომ არ პატიობს, ის  წარსული მოეშორებინა. რატომ დაბრუნდა უკან და რატომ აიკიდა ისევ ის ტვირთი, რომლის მოხსნასაც შეეცადა?

– გიორგი ვაშაძე მისი და მისი პარტიის დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავს, ეს უნდა ვივარაუდოთ. ნუ, მერე მის პრემიერობაზეა ლაპარაკი, რასაც მე სერიოზულად არ აღვიქვამ. ესეც უნდა დავამატოთ, რადგან მისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, ესეც მხოლოდ პიარის კუთხით. საერთოდ,  „ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად, ორად არის გაყოფილი. კი, ვირტულურ ერთიანობას ინარჩუნებენ, მაგრამ იქ არის სისტემური წინააღმდეგობა. პარტიაში ორი ფრთაა,  პირობითად, ერთს ნიკა მელიას ფრთა დავარქვათ და მეორეს – მერაბიშვილ–კეზერაშვილის. ლევან ხაბეიშვილი საერთოდ  რაღაც გაუგებრობაა. კი, მას პიროვნულად აქვს რაღაც პლუსები და დადებითი თვისებები,  მაგრამ  მისი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობა მართლა  დიდი გაუგებრობაა. „ნაცმოძრაობის“ განვითარების სწორი გზა ის იქნებოდა, რომ ეზრუნათ პარტიის კონსოლიდაციისთვის, ეზრუნათ ამ ორი ფრთის შერიგებისთვის და ნიკა გვარამიასთვის პარტიის თავმჯდომარის პოსტის შეეთავაზებინათ. ნიკა გვარამიაა პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო, ეს პარტია ფორმაში მოეყვანა, დაებრუნებინა მისთვის ერთიანობა. გვარამიას ხელი მოუწვდება და ნორმალური ურთიერთობა აქვს ორივე ფრთის დე ფაქტო და რეალურ ლიდერებთან, გარკვეულ ბალანსს დაამყარებდა ამ არეულ სიტუაციაში და პარტია ძალებს აღიდგენდა. თუმცა, აქ შემოდის ის ფაქტორი, რასაც ჰქვია ეჭვიანობა. ნიკა გვარამია არ არის ის ადამიანი,რომელიც სხვის დაკრულზე იცეკვებს.

– სხვაში მერაბიშვილს და კეზერაშვილს გულისხმობთ?

– თავისთავად. გვარამია თუ ამ პარტიის ლიდერი გახდებოდა, დამოუკიდებელი ლიდერი იქნებოდა.ბუნებრივია, იმ ხალხს, ვინც ამ პარტიას აკონტროლებს, ეს იდეაც კი არ მოსწონთ, რომ გვარამია „ნაცმოძრაობას“ ჩაუდგეს სათავეში, არ უნდათ ასეთი ადამიანი. მათ სჭირდებათ მართული ადამიანი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გავლენა არ გააჩნია, არ აქვს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი და რომელიც ადვილად ექვემდებარება მანიპულაციას. ეს ნიშნავს, რომ  პარტიაზე რეალურად არავინ არ ფიქრობს. ყველა ფიქრობს საკუთარ კეთილდღეობაზე, სარგებელზე, რომელიც  პოლიტიკური გზით უნდათ, რომ  მოიპოვონ.

– ვატყობ, რომ საბოლოო ჯამში იმას მივიღებთ, რაც ადრე იყო. სააკაშვილი „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება და პარტიის საქმიანობაში ერევა, მერაბიშვილი და კეზერაშვილიც არიან პარტიის მართვასა და დაფინანსებაში ჩარეულები და არჩევნების წინ ხალხი ისევ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორშიც 2013  წლიდან არის – მიშას, ვანოს და კეზერაშვილის შიშით, „ქართულ ოცნებას“ მისცემს ხმას,  ხოლო ვისაც არც ერთი ეს პარტია არ უნდა, ის სახლში დარჩება.

– რა თქმა უნდა, ეგეთი პირი უჩანს. ის კონფიგურაცია, რაც „ნაცმოძრაობაში“ ჩამოყალიბდა, საუკეთესო საჩუქარია „ქართული ოცნებისთვის“. ჯერ მიშას დაბრუნების  შიში ისედაც არ აკლდა ხალხს და ახლა მერაბიშვილი და კეზერაშვილი დაემატა. ამას „ქართული ოცნება“ ხელიდან არ გაუშვებს, ეს მათთვის ყველაზე სარფიანად გასაყიდი პროპაგანდისტული პროდუქტია და უკვე დაიწყეს კიდეც ეს პროპგანდისტული მანიპულაციები.

– გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საარჩევნოდ არავისთან გაერთიანებას არ აპირებს. შესაბამისად, ფიქრობს, რომ 5%–იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. ზედმეტად თავდაჯერებული  ხომ არ არის?

– მოდით, ობიექტურად შევხედოთ ვითარებას. გიორგი გახარიას რა უნდა და რა არა, ამას თავი დავანებოთ. სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანების რა რესურსი აქვს გახარიას, ეს მითხრით. ვისთან უნდა გაერთიანდეს? მისი პოლიტიკური პარტნიორები თეორიულადაც არ ჩანან საჭადრაკო დაფაზე. თითქმის ყველასთან პრობლემები ჰქონდა პრემიერ–მინისტრად  ყოფნის პერიოდში. გახარიას, რომც უნდოდეს ვინმესთან გაერთიანება, არ არის საამისო რესურსი. თუმცა, ჯერჯერობით. სამომავლოდ  არაფერს გამოვრიცხავ.

– ბოლოს იქამდე მივდივართ, რომ ოპოზიცია საარჩევნოდ ვერ ერთიანდება. მე „ნაცებს“ არ ვგულისხმობს, სხვა პარტიებზე მოგახსენებთ.

– ასეთია ობიექტური სურათი. რაღაც გაერთიანებები უნდა შედგეს არა იმისთვის, რომ მაინც და მაინც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია ჰქონდეთ. 5 პროცენტიან ბარიერის გადალახვაზე   უნდა ჰქონდეთ აღებული ორიენტირი. ფრონტის ხაზი რაც უფრო გაიშლება, რაც უფრო მოვშორდებით ამ მანკიერ  ორპოლუსიანობას, რაც ხელისუფლების ინტერესებშია, მით უკეთესი. რაც უფრო მეტი პოლიტიკური ცენტრი გაჩნდება, უკეთესია, ოღონდ არა წინასაარჩევნო, არამედ პოსტსაარჩევნო კოალიციების სახით. მოკლედ,  პარტიებმა უნდა გადალახონ ბარიერი,  გაერთიანდნენ  პარლამენტში და  შექმნან კოალიციური ხელისუფლება, რაც დამახასიათებელია ევროპული დემოკრატიისთვის. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო  და ყველაზე რეალური ვარიანტია.

Cesko