ქალებს ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს, სანამ საქართველოს დავტოვებთ და თვითმფრინავში ჩავსხდებით. ვინც ჯერ კიდევ არ წამოსულა ემიგრაციაში, ვურჩევ, დაჯდეს და კარგად დაფიქრდეს, რისთვის სურს წასვლა. აიღოს ფურცელი, კალამი და ჩამოწეროს, რისი გაკეთება უნდა. რა თქმა უნდა, ყველა პუნქტში ისეთი რამ უნდა ჩაწეროს, რაც მისთვის და მისი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და არავითარი სხვა რამ! მერე ეს ფურცელი ოჯახის ყველა წევრს უნდა წააკითხოთ და მკაცრად უთხრათ, რომ თქვენი შრომით და დიდი წვალებით ნაშოვნი ფული დაიხარჯება მხოლოდ იმ პუნქტების შესრულებაში, არც ერთი ზედმეტი თეთრი სხვა რამეში!
ასე რომ მოვქცეულიყავი, ახლა გულის გახეთქვამდე არ ვიქნებოდი მისული. ჩემებსაც ეცოდინებოდათ, რომ ჩემი გამოგზავნილი ფულისთვის ხელი ცუდად არ უნდა ეხლოთ. ახლა ბევრს ვწუწუნებ, მაგრამ გათავხედებულ ხალხს რას ვუშველი.
ახლახან “ფეისბუქმა” გოგოების რაღაც ჯგუფი ამომიგდო და ჩემი რძლის ფოტო არ შემომეფეთა?! თმა ჰქონდა გაშლილი და ჯგუფის წევრებს ეკითხებოდა, ეს შავი ფერი როგორ გადავიყვანო ქერაშიო. კომენტარებს ჩამოვყევი და ურჩევდნენ ძვირადღირებულ საღებავებსა თუ სალონებს. მონიშნული სალონების გვერდებზე რომ გადავდიოდი, ისეთი ფასები ჰქონდათ, თვალები შუბლზე ამივიდა! ფოტოზე ისეთი შილაკი ჰქონდა გაკეთებული, ეკითხებოდნენ, ვინ გაგიკეთაო. ისიც პასუხობდა და მანიკიურის სპეციალისტს მიუთითებდა. ახლა იმ გვერდზე გადავედი და ისევ ლამის გული გამისკდა.
თავი მოიკლა, სანამ შავად არ შეიღება თმა. ჩემს შვილს არ უნდოდა, შავად გადაეღება, მაგრამ გადაირია. მერე წავიდა და კიდევ რაღაც გაიკეთა, თმის იმ პროცედურის სახელი არც ვიცი. ახლა აღარ მოსწონს კუნაპეტივით შავი თმა და ქერა უნდა, გახდეს. ჩემი რძალი არ მუშაობს. ჩემი შვილი კი მუშაობს, მაგრამ ის ფული სიგარეტის და ბავშვის პამპერსისთვის არ ჰყოფნის. ჩემი ქმარი უმუშევარია. აქ ვმუშაობ იმისთვის, რომ ვალები გადავიხადო და მაზლისგან სახლის წილი გამოვისყიდო, ჩემს შვილიშვილებს საზიარო სახლში რომ არ უწევდეთ ცხოვრება. ამ მიზნით გადმოვიხვეწე უცხო ქვეყანაში და არა იმისთვის, რომ რძლის შილაკები და სალონები დამეფინანსებინა.
ეს ყველაფერი რძალს რომ ვუთხრა, ცხოვრებაში ხმას არ გამცემს. მას ვუგზავნი ფულს, რომ საკვები იყიდოს. კაცებს იმიტომ არ ვაძლევ, რომ სიგარეტში ან სხვა რამეში არ დახარჯონ. მგონია, ქალმა უფრო ყაირათიანად იცის ყველაფრის გაკეთება, ჩემი რძალი კი ასეთ რაღაცებში ფლანგავს ჩემი წვალებით მოპოვებულ ფულს. თუ ასე იოლია ემიგრანტობა, გამოუშვას დედამისი ჩემთან და მისი გამოგზავნილი ფული ფლანგოს!
მე იმას არ ვამბობ, რომ ქალმა საკუთარ თავს არ უნდა მიხედოს, არ უნდა გაიპრანჭოს და დაუვარცხნელმა იაროს, მაგრამ ეს ყველაფერი დედამთილის ფულით კი არ უნდა გააკეთოს! გავიდეს და თვითონაც იმუშაოს. მართალია, შვილი პატარა ჰყავს, მაგრამ მისი თანატოლი გოგოებიდან ზოგი სახლიდანაც მუშაობს ონლაინ გაყიდვებზე და კიდევ სხვა რაღაცებსაც აკეთებენ. თავისი შემოსავალი, როგორც უნდა, ისე ხარჯოს, ჩემსას კი უნდა გაუფრთხილდეს.
მე აქ სამუდამოდ ან სიბერემდე არ ვარ წამოსული და არც სხვის სახლში სიკვდილს ვაპირებ. მინდა, ჩემი დასახული გეგმები მალე შევასრულო, რომ ჩემს ქვეყანაში, და-ძმებთან და ქმართან დავბრუნდე. კარგი იქნება, ემიგრანტების რძლები ამას თუ გაითვალისწინებენ და გულებს არ გაგვიხეთქავენ.
,,სარკის” ერთგული მკითხველი
წყარო: “სარკე”