პოლონელ ექიმს სააკაშვილისგან აღებული ნიმუში მალულად, ფეხსაცმლით გაჰქონდა – პენიტენციური

0
467
26 Views

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლით მის მალულად გატანას შეეცადა.

“2023 წლის 5 ივლისს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შესაბამისი ფორმით წარმოადგინა მომართვა მსჯავრდებულთან კლინიკა ვივამედში პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით. 12 ივლისს მათ მიერ დასახელებულ ექიმებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოენახულებინათ მსჯავრდებული, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უწყების ერთგულება გაცემული დაპირებისადმი. ამასთან, 3 ივლისის იმავე ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა. ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მყოფი ქმედებებისგან”. – წერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Cesko