„ამბობენ, დათოს წასვლა არ უნდოდა მდინარეზე… ერთხელ ამოყვინთაო, გოგონას უცდია მისი გადარჩენა…“ – რას ჰყვებიან სოფელ გაჭედილში მომხდარ ტრაგედიაზე?

0
580
21 Views

მარტვილში, სოფელ გაჭედილში, მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდი, დავით საჯაია დაიხრჩო. ტრაგიკული შემთხვევა დღეს მოხდა. გარდაცვლილი ბიჭი სპორტსმენია, სენაკის მაცხოვრებელია და როგორც ადგილობრივი “კვირის პალიტრასთან” ამბობს, მარტვილში წვრთნებზე იყო წასული. როგორც ჩანს, ბიჭი და მისი თანატოლები სენაკიდან პედაგოგებს ჰყავდათ სოფელში ჩაყვანილი. გარდაცვლილი კიკბოქსზე დადიოდა და ამ გუნდის წევრია. ჯგუფს კერძო სახლი შემთხვევის ადგილიდან ახლოს, იქვე, გაჭედილში ჰქონდა ნაქირავები.

ამ უმძიმეს ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, ამ ტრაგედიას მისი მეგობრები შეესწრნენ, რომლებიც საშინელ დღეში არიან. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ბიჭის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მაშველებმა ბიჭის ცხედარი წყალში უკვე იპოვეს, სამწუხაროდ, მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ბიჭმა ცურვა არ იცოდა.

“ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა, ვდგავარ აქ ახლა გახევებული და არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩემ წინ მთასავით ბიჭი ასვენია. ყველანი ძალიან განვიცდით, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. გაჭედილის ხიდიდან, სადღაც 200-მეტრში მოხდა ეს ამბავი. ბავშვები საბანაოდ ჩასულან მდინარე აბაშაზე. იქ არის საბანაო ადგილი, დაბალი წყალია და რომ გადახტები, ფეხით ამოდიხარ მეორე მხარეს. მაგრამ მაგის იქეთ არის ღრმა წყალი – 5 მეტრი ექნება სიღრმე და იქ დაიხრჩო ბიჭი.

წარმოუდგენელი ამბავი მოხდა, სპორტსმენები არიან სენაკიდან, აქ ჩემს სახლთან ახლოს ჰქონდათ კერძო სახლი ნაქირავები და იქ ვარჯიშობდნენ. კიკბოქსიორები არიან. როგორც მითხრეს, დავით საჯაიაა დაღუპული ბავშვი. ამბობენ, დათოს წასვლა არ უნდოდა მდინარეზეო, მერე უთქვამს, კარგი, მეც წამოვალ და სურათებს მაინც გადავიღებო. მეგობრებთან ერთად წამოსულა, ბოტასი ეცვა, ეტყობა მართლა არ აპირებდა წყალში ჩასვლას. ნეტავ, არ გაჰკარებოდა იქაურობას. თურმე ცურვაც არ იცოდა, გადამხტარა მდინარეში და სადაც გადახტა, ზუსტად იმ ადგილას არ არის დიდი წყალი, მერე კი ქვიშიანი ადგილია და ასე გადადიან მეორე ნაპირზე. არ ვიცი, იქ რა მოხდა, როგორც ჩანს, რომ გადახტა, მერეა დიდ წყალში ჩავარდნილი, იქვეა ღრმა წყალი და ეტყობა იქ ჩავარდა და ცურვა რომ არ იცოდა, წყლიდან ამოსვლა ვეღარ მოახერხა, ალბათ.

ამბობენ, ერთხელ ამოყვინთაო, მაგრამ იქ წყალი ღრმაა, 5 მეტრი იქნება და ეტყობა ჩაიძირა, გოგონას უცდია მისი გადარჩენა, რომელიც იქვე მდგარა, მაგრამ რომ წაეპოტინა ეტყობა შეეშინდა თვითონაც არ დამხრჩვალიყო, მან ვერ შეძლო, შეეცადნენ სხვებიც გადარჩენას, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.

ყველა საშინელ დღეშია ახლა, მაშველებთანაც დარეკეს მაშინვე, ადგილობრივები ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს ცხედარი, მერე კიდევ ერთი მაშველი მოვიდა და მან ამოიყვანა ბიჭი. სამწუხაროდ, გარდაცვლილი იყო”, – თქვა ადგილობრივმა.

“კვირის პალიტრა”

Cesko