რას ამტკიცებს ირანული და თურქული საზამთროს შემომტანი და რა ექსპერიმენტს სთავაზობს „ალიას“?

0
2016
24 Views

უკრაინამ საქართველოში კონკრეტული პირების დასანქცირება დაიწყო და ეს პირველ რიგში „ჯორჯიან აირვეიზის“ შეფს, თამაზ გაიაშვილსა და მის კომპანიას შეეხო. მიზეზი მარტივია – რუსეთთან აღდგენილი ფრენების შემდეგ, „ჯორჯიან აირვეიზი“ პირველი იყო, ვინც საჰაერო მიმოსვლა დაიწყო და როგორც ჩანს, გაიაშვილი დიდად არც აღნიშნულ სანქციებზე დარდობს.

არ არის გამორიცხული, ძალიან მალე, უკრაინამ სხვა პირების დასანქცირება დაიწყოს და როგორც ოპოზიცია ისევ გვიანონსებს, შემდეგი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები იქნებიან. საქართველოს ეკონომიკა ომამდე დიდწილად იყო დამოკიდებული უკრაინაზე, მაგრამ ომის შემდეგ საქართველო ნელ-ნელა, მაგრამ მყარად გადაეწყო რუსეთზე და ახლა უკრაინის ხვედრითი წილი იმდენად მცირეა, საერთოდ რომ არაფერი ვიყიდოთ და გავყიდოთ, მარტივად გადავიტანთ. ამიტომ, დასანქცირებას დიდი მნიშვნელობა რიგითი ადამიანებისთვის ნამდვილად არ ექნება, აი კონკრეტული პირებისთვის კი… უკრაინის მაგალითს შესაძლოა ევროპის სხვა ქვეყნებმა და ამერიკამ მიბაძოს, რაც ამ ადამიანებისთვის კარგი ნამდვილად არ არის.

რეალურად, ეკონომიკის მიმართულებით, ხელისუფლების მთავარი პრობლემა ახლა ჩავარდნილი პროექტებია. ისინი, რომლებშიც ათეულობით მილიონი და მილიარდებიც კი არის დახარჯული და ისინი უბრალოდ არ ვარგა. ეს პირველ რიგში რიკოთის რეაბილიტაციაზე ითქმის, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა და მშენებლებმაც კი აღარ იციან, როგორ შეაჩერონ არაერთ ადგილზე დაძრული მიწა. „სამართებლით ჩამოპარსული“ მთები ადგილზე არ ჩერდებიან, წვიმიან ამინდში, იქიდან ტალახის მდინარეები მოედინება და გადასაადგილებლად საშიშია. მეტიც, იქ მომუშავე ქართველები არ მალავენ, რომ ჩინური კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, რამდენიმე ასეული მილიონის დამატებას ითხოვს, რათა არსებული ხარვეზები აღმოფხვრას და რაც მთავარია, ისინი დარწმუნებული არ არიან, რომ ამ ხარვეზების აღმოფხვრას მოახერხებენ. მეორე პროექტი, რომელიც ასევე რამდენიმე წელი გაყინულია, თბილისი-რუსთავის ავტობანია. მოგეხსენებათ, ქვემო ფონიჭალის მოსახლეობასთან გარიგება ვერ მოხერხდა და პროექტი გაყინულია. არადა, ის 2024 წლისთვის აუცილებლად უნდა დასრულდეს და ხელისუფლებას მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს – ადგილობრივები იძულებით უნდა გაასახლონ და მათ უნდა გადაუხადონ არა იმდენი, რამდენიც სურთ, არამედ იმდენი, რამდენიც გამოყოფილი ჰქონდათ.

ზოგადად, გაუთავებელმა წვიმებმა სერიოზული პრობლემები პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში შექმნა და ადგილობრივ თვითმმართველობებს გაუთვალისწინებელი ხარჯები დაემატათ. ისინი ამისთვის მზად არ იყვნენ, რადგან სწორედ ზაფხულში ის პროექტები უნდა დაასრულონ, რომელზეც დაპირებები წლის დასაწყისში გასცეს, რომელთა მთავარი თანაინვესტორი მუნიციპალური განვითარების ფონდია და ამიტომაც არის, დანგრეული სახლებისა თუ განადგურებული მოსავლის სანაცვლოდ, მოქალაქეებს, 500-დან 1500 ლარამდე რომ სთავაზობენ და მეტს ვერ უხდიან, რაც უკმაყოფილებას ზრდის.

ის, რასაც ახლა დავწერთ, შესაძლოა, წარმოუდგენლად გეჩვენოთ, მაგრამ ეს ცოტა არ იყოს, უცნაური რეალობაა. დედაქალაქის დიდ ბაზრებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტი უფრო იაფი ღირს, ვიდრე რეგიონებში. მაგალთად, გარგარი თბილისში 1.00-1.50 ლარი ღირდა, მაშინ, როცა რეგიონებში 2 ლარს ფეხს არ უცვლიდნენ. იგივე ხდებოდა საადრეო ატამსა და ვაშლატამაზეც. ამ ფენომენის ახსნა ექსპერტებს ვთხოვეთ, მაგრამ მათაც მხრები აიჩეჩეს და მხოლოდ ის ივარაუდეს, რომ გლეხს დედაქალაქში დიდი ოდენობა მოაქვს, იაფად აბარებს, ადგილზე კი ცოტას ყიდის და ყიდის ძვირად, რადგან 2-3 კილოსთვის, თბილისში არავინ ივლის.

დასასრულ – ირანული და თურქული საზამთროს შემომტანი ერთ-ერთი პირი „ალიას“ დაგვპირდა, როცა ადგილობრივი საზამთროთი გაჯერდება ბაზარი, ნებისმიერ ადგილზე იყიდე აქაური საზამთრო, მე ჩემს ირანულს და და თურქულს ავიღებ და ნებისმიერ ლაბორატორიაში შევამოწმოთო. მისი მტკიცებით, ადგილობრივში ბევრად მეტი ნიტრატები იქნება, ვიდრე შემოტანილში, რადგან საქართველოში იყენებენ იმ შხამ-ქიმიკატებს, რომელიც ევროპისა თუ აზიის მასშტაბით, თითქმის ყველა ქვეყანამ აკრძალა და საქართველოში იაფად საღდება. იგივეს ამბობენ ფუტკრის მოსავლელ საშუალებებზე… ასე რომ, წინ დიდი ექსპერიმენტი გველის.

წყარო: alia.ge

Cesko