“პრიგოჟინის ბელარუსში ყოფნა ნატოს შეშფოთებას იწვევს”- დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთ-უკრაინის ომზე

0
335
19 Views
გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი, ყოფილი პარლამენტარი
დიმიტრი ლორთქიფანიძე:
_ ბატონო დიმიტრი, რუსეთში მომხდარი მოვლენა შეიარაღებულ ამბოხად შეფასდა. გაჟღერებული ინფორმაციით, რუსეთში ამის შესახებ იცოდნენ, მაგრამ პუტინი არ გააფრთხილეს, რადგან ამბოხის მოწყობა აწყობდათ. რა მოხდა რეალურად?
_ საქმე ისაა, რომ პრიგოჟინი შემთხვევითი პირი არ არის, იგი ყოველთვის პუტინის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. პრიგოჟინის კომპანია “კონკორდი” რუსეთში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის, არსებული სამხედრო ნაწილების კვებით მომარაგებას უზრუნველყოფდა, რაც კოლოსალურ შემოსავლებთან არის დაკავშირებული. შემდგომ, კერძო სამხედრო კომპანია შეიქმნა, რასაც თავისი საფუძვლები და მიზეზები ჰქონდა _ პირველ რიგში, ეს იყო აფრიკის კონტინენტზე, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გავლენების განმტკიცებისთვის ბრძოლა. აქ რუსეთის ფედერაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რათა ფერადი რევოლუციები, “არაბული გაზაფხული” სირიისთვის საბედისწერო არ გამხდარიყო. ეს კერძო სამხედრო კომპანია კსკ “ვაგნერი” რუსეთის ავანგარდში იყო. სხვათა შორის, სახელწოდება _ “ვაგნერი” სიმბოლურია. ამის შესახებ არსად დაწერილა, უბრალოდ, მე ვფლობ ამ ინფორმაციას. ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში “აპოკალიფსი ახლა”, სადაც მარლონ ბრანდო მთავარ როლს ასრულებს, ასეთი სიუჟეტია: კერძო სამხედრო კომპანია ერთ-ერთი კუნძულის დაბომბვას ვერტმფრენების ესკადრილიის თანხლებით იწყებს, რაც ვაგნერის მუსიკის ფონზე ხდება. საომარი მოქმედებები ვაგნერის მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. აქედან წამოვიდა ამ სახელწოდების ინსპირაცია. ახლო აღმოსავლეთის გარდა, კსკ “ვაგნერის” გავლენა დიდი იყო აფრიკის კონტინენტზე. მას არნახული შემოსავლები გააჩნია. “ვაგნერის” პირად შემადგენლობაში, დაახლოებით, 65-ათასი კბილებამდე შეიარაღებული, გამოცდილი მებრძოლია, მათ შორის, 25 ათასი აქტიური პირი. ამას იმიტომ გიყვებით, წარმოიდგინოთ, რამდენად აბსურდულია ვიფიქროთ, თითქოს საკუთარმა ნაშიერმა, პირმშომ _ ვაგნერმა რუსეთის ინტერესების, მისი საპრეზიდენტო მმართველობის წინააღმდეგ გაილაშქრა და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. არა, ბატონებო! ასე ნამდვილად არ ყოფილა. ეს გეოპოლიტიკით იყო განპირობებული _ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა რუსეთში ძალაუფლების კონსოლიდაციის საჭიროება დააყენა. ყველაფერი პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფისთვის გაკეთდა. ამ “აჯანყებამდე” პრიგოჟინმა 2023 წლის მაისში უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების შესახებ განაცხადა. იგი თავდაცვის მინისტრს შოიგუს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს გერასიმოვს პირდაპირ დაემუქრა. შემთხვევით არც ეს მომხდარა. ყველაფერი სწორედ იმ პირთა წინააღმდეგ იქნა მიმართული, რომლებიც გარკვეული ხნის მერე აუცილებლად შეიცვლებიან. პრეზიდენტის ხელთ არსებული ძალაუფლების კონსოლიდაციის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი პირობა მისი გარემოცვის გადახალისება, პირველ რიგში კი, ძალოვანი სტრუქტურების წმენდაა. რა მიზანი იქნა მიღწეული ამ “აჯანყებით”? _ ვაგნერმა რუსეთის ფედერაციაში გარკვეული პოლიტიკური პროცესის გადახალისების, განახლების უმნიშვნელოვანესი როლი შესანიშნავად ითამაშა. თავად კი ნავსაყუდელი ბელორუსში ჰპოვა. შემთხვევითი არც ისაა, რომ ბელორუსში გარკვეული ბანაკების მშენებლობა უკვე დაწყებულია. დღესაც უკრაინა-ბელორუსის საზღვართან 200კმ-ში ახალი ბანაკების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ანუ, ვაგნერის მთელი შემადგენლობა ბელორუსში გადავიდა. როცა ვაგნერი ვორონეჟის მიმართულებით დაიძრა, გზაში მყოფ პრიგოჟინს ლუკაშენკო დაუკავშირდა, მათ შორის გამართული მოლაპარაკება კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. შედეგად, პრიგოჟინმა, თითოეულმა ვაგნერელმა ხელშეუხებლობის გარანტია მოიპოვა. მეტიც, ვაგნერმა ახალი ფუნქცია შეიძინა _ იმ საფრთხეების განეიტრალება, რაც ბელორუსს, როგორც რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს, მისი დასავლეთი საზღვრებიდან, კერძოდ, პოლონეთიდან ემუქრება. არსებობს მოსაზრება _ უკრაინული კონტრშეტევის ერთ-ერთი გაგრძელება შესაძლოა, პოლონეთის მხრიდან ბელორუსის მიმართულებით იერიშის მიტანა იყოს. სწორედ ამ ბუფერად იყენებენ გამოცდილ საბრძოლო შენაერთს _ ვაგნერს, რომლის ბრძოლისუნარიანობას და შესაძლებლობებს უკრაინული ოფიციოზიც კი აღიარებს. მეორე ვერსიის თანახმად, გამორიცხული არ არის, ბელორუსმა იერიში კიევზე მიიტანოს.
“საერთო გაზეთთან” საუბრისას ადრეც ვახსენე, რომ 24 თებერვალს დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია სამ ძირითად ფრონტად იყოფა, მათგან გააქტიურებულია აღმოსავლეთ უკრანის ფრონტი. თუმცა დარჩენილ ორ გლობალურ ფრონტზე თავმოყრილია ათეულობით ათასი რუსი ჯარისკაცი, სადაც ჯარი უმოძრაოდაა. ესენია ყირიმის ნახევარკუნძული და ბელორუსი. ყირიმში დგას გენერალ კიმის 170-ათასიანი კონტინგენტისგან შემდგარი არმია. ასევე, სრულ მზადყოფნაშია ბელორუსის და რუსეთის შტაბი, რომელსაც ვაგნერის 30-ათასკაციანი შემადგენლობა დაემატა. უკვე ვახსენე ბელორუსის მიერ კიევზე იერიშის მიტანის შესახებ, რაც ომის დასაწყისში ერთხელ უკვე ვნახეთ, როცა ბრძოლები ბუჩასა და ირპენის მიმართულებით გაიმართა. ბრძოლამ შემდგომ უკრაინის აღმოსავლეთით გადმოინაცვლა. რუსეთის სტრატეგიული მიზანი დნეპრისპირეთამდე მიღწევაა. ამისთვის საჭიროა ნიკოლაევისა და ოდესის ოლქების აღება და ჯარების დნეპრისპირეთის მიმართულებით გადასროლა. ამ შემთხვევაში მთელი უკრაინა ოპერატიულ ალყაში აღმოჩნდება. ეს დღის წესრიგი ჯერ არ მოხსნილა. ამ ეტაპზე აღმოსავლეთ ფრონტზე არმიის დაღლის პროცესს და მის მიერ მიღებული აღჭურვის ახალი მარაგების ამოწურვისთვის ბრძოლას ვადევნებთ თვალს. წისქვილის მსგავსად, სამხედრო და სამოქალაქო სტრუქტურა ნელ-ნელა იფქვება, რათა უკრაინული არმია გამოიფიტოს. რაც შეეხება რუსეთის სამმილიონიან ოპერატიულ და 18-მილიონიან სამობილიზაციო რეზერვს, ის გაცილებით აღემატება უკრაინული საჯარისო რეზერვის რესურსებს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხრიდან ადამიანური დანაკარგები დიდია, ჯერჯერობით რუსული ოპერატიული რეზერვის მხოლოდ ერთი მეათედია გახარჯული. მაშინ, როცა საომარ ვითარებაში უკრაინული არმიის სრული შემადგენლობა იღებს მონაწილეობას და მისი დაახლოებით 70% აღმოსავლეთის ფრონტის მიმართულებით არის დისლოცირებული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აღმოსავლეთ მიმართულებით რაც უფრო გაიწელება ომი, მტერს მით მეტი ოპერატიული რეზერვის გადმოტყორცნა დასჭირდება. მიზანი ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებების დასუსტებაა, რა დროსაც შესაძლოა, რუსეთის მხრიდან დანარჩენი მიმართულებებით გადამწყვეტი შეტევა დაიწყოს. ამიტომაც, ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი შენაერთისთვის _ ვაგნერისთვის ახალი დისლოკაციის ადგილი _ ბელორუსი შეირჩა, ხოლო ბატონი პრიგოჟინი ლუკაშენკოს საპატიო სტუმარია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრიგოჟინის ბელორუსში ყოფნა ნატოს შეშფოთებას იწვევს, რადგან ნატოს ანალიტიკური სამსახურები აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს ბრძოლაში გამოცდილი ათეულათასიანი შენაერთის უკრაინის საზღვართან განთავსება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ აღმოსავლეთის ფრონტის სიგრძე ათასი კილომეტრია. ამას ემატება ახალი ფრონტის ხაზი, რამაც შეიძლება კიევიდან ლვოვის მიმართულებით უკრაინა-ბელორუსის საზღვრის პერიმეტრი მოიცვას. აქ მთავარი შემტევი შეიძლება ვაგნერი აღმოჩნდეს. ამიტომ ნატოს შეშფოთება უსაფუძვლო არ არის.
_ გავრცელდა ინფორმაცია სუროვიკინის დაკავების შესახებ. დაკავებების სერია გაგრძელდება?
_ დიახ, ეს შესაძლებელია. ყველა საეჭვო პირს, რომელიც რუსეთის ძალაუფლების ვერტიკალზე 100%-იანი კონტროლის ქვეშ არ არის, უბრალოდ, პროცესს ჩამოაშორებენ. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეპრესია გამართლებული იქნება იმ პირების მიმართ, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია, რომ პუტინის ძალაუფლება უფრო მეტად არ გაძლიერდეს. არადა, ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის _ პრიგოჟინის “აჯანყებაც” სწორედ პუტინის გაძლიერების მექანიზმი იყო და არა დასუსტებისა, რასაც ჩვენი ე.წ. პოლიტოლოგებისგან ვისმენთ. გია ხუხაშვილმა თავი მოიჭრა, ისეთი სისულელეები დაახეთქა. მერე პოსტი წაშალა და ბოლოს აღიარა, რომ პროგნოზში შეცდა. დიახ, ვერავინ წარმოიდგენდა, საით იყო ეს თამაში მიმართული. ასე რომ, “აჯანყების” საბოლოო მიზანი პუტინის ძალაუფლების განმტკიცება იყო და არა მისი მორყევა. შესაბამისად, პრიგოჟინი პუტინის ძალაუფლებასთან განხეთქილებაში არ ყოფილა.
აქვე, აღვნიშნავ, რომ რუსეთში ქაოსი, რაც ასე გაუხარდა ოპოზიციას, საქართველოში გარდაუვალ ომს გამოიწვევს. განსაკუთრებით, მის სამხრეთ რეგიონში. ყველამ ვიცით რომ ჩრდილოეთ კავკასია საკმაოდ რეაქციული, რევანშისტული ძალებით არის სავსე, რომელთაც ადრე თავი კავკასიურ ხალხთა კონფედერაციად დაგვამახსოვრეს. ბევრი მათგანი ჩვენს წინააღმდეგ აფხაზეთში იბრძოდა. შესაბამისად არც ხვალინდელი დღე იქნება გამონაკლისი. ეს საქართველოს წინააღმდეგ ტოტალური ლეკიანობა იქნება. ამიტომ რუსეთში ქაოსი ჩვენთვის წარმოუდგენლად დაუშვებელია. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა დაიწყო. ამან სამომავლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გარდაუვალი დადებითი გავლენა უნდა იქონიოს. მათი დანარჩენ საქართველოსთან რეინტეგრაცია, გარდაუვალია.
_ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობად ზელენსკის რუსეთის დამარცხება მიაჩნია…
_ ეს ომის რიტორიკაა, რომელიც ილუზორულად არის შეფუთული. რეალპოლიტიკის ჭრილში ეს უტოპიაა, რადგან საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში თუ ჩაებმება, ეს მისთვის წარმატების მომტანი ნამდვილად არ იქნება. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება არა ომი, არამედ ეკონომიკური მომძლავრება, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველვყოთ. დასავლეთს მეორე ფრონტის გახსნის სურვილს ვერ დავუკმაყოფილებთ. საკმარისია, რა პროვოკაციებზეც აქამდე წამოგვაგეს. ჩვენი ქვეყნის სტრატეგია სწორი და უალტერნატივოა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და პრემიერ-მინისტრს, რომელიც ძალიან სარისკო, საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რათა საქართველოს კონფრონტაცია თავიდან ააცილოს, გამძლეობა, სიბრძნე, წინსვლა და გამარჯვება ვუსურვო. მისი სწორი, ბრძნული პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო საგარეო პოლიტიკური ვექტორის მოძიებისა და განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ქმედებებს ახორციელებს. საჭიროა, ახალი ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, რათა მაქსიმალურად დასუსტდეს გლობალური ძალების რჩეული 15 გეიპოლიტიკური პარტია, რომელთაც გეიმეორანდუმს ხელი მოაწერეს. მათი გეგმები ჩაიფუშა. ეს ოპოზიცია დღეს გამარგინალებული ძალაა. ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი ეროვნული ძალებით რომ გაჯერდება, უკვე შეგვეძლება დანამდვილებით ვთქვათ, რომ მრავალპოლარული საგარეო პოლიტიკა ქვეყნის მთავარი უპირატესობა იქნება.
წყარო: saertogazeti.ge
Cesko