ზელენსკიმ იმდენად ირწმუნა „სამყაროს მორალური ლიდერობა“, თავს უფლებას აძლევს საქართველოს იქედნურად ელაპარაკოს

0
270
22 Views

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას ეხმიანება, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით და მოთხოვნას, რომ საქართველოს ელჩმა 48 საათში დატოვოს უკრაინა და კონსულტაციები გამართოს თბილისში.

უფლებადამცველის შეფასებით, საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევამ აშკარა და უპრეცედენტოდ თავხედური ხასიათი შეიძინა.

„ორი ბოროტი მიუნჰაუზენის საქმენი საგმირონი

საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევამ აშკარა და უპრეცედენტოდ თავხედური ხასიათი შეიძინა.

ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ უკვე აღარ ჯერდებიან იმის კარნახს და მითითებებს, თუ როგორი კანონები უნდა მივიღოთ, ვის მიმართ როგორი განცხადებები გავაკეთოთ და როგორ დავაყენოთ საკუთარ ქვეყანაზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესები. ახლა უკვე ნიკა გვარამიას მიერ „სამყაროს მორალურ ლიდერად“ შერაცხილმა უკრაინის პრეზიდენტმა უაღრესად შეურაცხმყოფელი ფორმებით მოითხოვა საქართველოს ელჩის გაძევება თავისი ქვეყნიდან და თან მიაყოლა:

„არ დაგინახოს აქ ჩემმა თვალებმა, სანამ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში არ ჩამოაბრძანებო“.

აი, ასე, არც კანონი, არც სამართალი, არც ქვეყნისადმი პატივისცემა და არც ელემენტარული ზრდილობა – მე ასე მსურს და აბა, კაი დედის შვილები ხართ, არ შემისრულოთ ეს კაპრიზი, მთელ მსოფლიოში თავს მოგჭრით და მთელ ლიბერასტულ სამყაროს დაგიპირისპირებთო.

დღეს უკრაინელების სისხლით ვერ გამძღარ ამ კლოუნი ქონდრისკაცის (პატარა ცახესის) ყველა სიტყვას და მოქმედებას მთელი მსოფლიო მართლაც აღფრთოვანებით უკრავს ტაშს. დღეს მთელი მსოფლიო მანტრასავით იმეორებს- „უკრაინა იმარჯვებს! რუსეთი მარცხდება!“ თუმცა, რეალობა სულ სხვას აჩვენებს:

მთლიანობაში უკვე ნახევარი მილიონი უკრაინელი და რუსი შეეწირა მიმდინარე ომს, რომლის კიდევ ერთი წლით გაგრძელების შემთხვევაში ალბათ ეს რიცხვი მილიონს ასცდება. უკრაინა ინგრევა და მიწასთან სწორდება, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ დაპირისპირებაში რუსეთია ანგელოზი. რუსეთის იმპერიას თავისი ცოდვებიც ეყოფა, ალბათ არც მისთვის იქნება ამ ომის შედეგები დიდად სახარბიელო, მაგრამ თუ უკრაინის სახელმწიფოსთვის ამ ომის ახლანდელი და მოსალოდნელი შედეგებით ვიმსჯელებთ, აშკარად ჩანს, რომ პრაქტიკულად მიმდინარეობს ამ სახელმწიფოს დაშლისა და განადგურების პროცესი, უკრაინელი ერის გენოციდი, რისი ერთ-ერთი მთავარი საფუძველი სწორედ კლოუნი ზელენსკის ზღვარგადასული ამბიციები და პოპულიზმია.

გაზულუქებულმა ზელენსკიმ იმდენად ირწმუნა „სამყაროს მორალურ ლიდერობა“, რომ თავს უფლებას აძლევს საქართველოს იქედნურად ელაპარაკოს, მისგან ქართველი სახელმწიფო დამნაშავის გათავისუფლება მოითხოვოს იმ მოტივით, რომ ეს დამნაშავე დღეს უკრაინის მოქალაქეა, თურმე მასზე თავისუფლების აღკვეთა უარყოფითად მოქმედებს, ეს იმ დროს, როდესაც პატიმარი სრული კომფორტის პირობებში იმყოფება არა ციხეში, არამედ ოროთახიან პალატა ლუქსში. თურმე, არ მოსწონს ეს პირობები, თურმე ისე გამხდარა, რომ ნეკნები ეთვლება. Разве это нормально! დაიძახა პატარა ცახესმა და ფეხების ბაკუნით მოითხოვა „პუტინის მიერ ნაწამები და მოწამლული ტყვის“ გათავისუფლება.

აქეთ ეს ჩვენი დევგმირი უხდის მადლობას თავის ფიურერს და ახსენებს, რომ მას სიკვდილის არ ეშინია-არც 2003, არც 2008 და არც 2021 წელს შემშინებიაო. მოკლედ, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა! დღეს ის ეტაპია, როდესაც ნახევარ მსოფლიოს, ჯერ კიდევ სჯერა ორივე „უშიშარი, ვითარცა უხორცო“ მიუნჰაუზენის ზღაპრებისა და დაპირებების.

ჯერ მხოლოდ საქართველოში დაინახეს და გააცნობიერეს ქართველი, ბოროტი მიუნჰაუზენის „საქმენი საგმირონი“.

ძალიან მალე, როდესაც ჯერ უკრაინაში, ხოლო შემდეგ მთელ მსოფლიოში დაინახავენ უკრაინელი ბოროტი მიუნჰაუზენის „ვაჟკაცობის“ კატასტროფულ შედეგებს, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დიდი და მტკივნეული გამოფხიზლება. იქამდე კი არც ისე დიდი დროა დარჩენილი.

როგორც მრავალი ექსპერტი პროგნოზირებს, ამ კუთხით დიდი გამოფხიზლება და ყველაფრისათვის თავისი სახელი დარქმევა მოხდება 2024 წელს.

ჩვენი აზრით, ამ პროგნოზებს აქვს თავისი საფუძველი და დასაბუთება”, – წერს ნანა კაკაბაძე.

 

Cesko