“ჩემი ცხოვრების 12 წელი მძულს” – რას აცხადებს ზურაბ ანთელავა (კვაზი მატკავა ჩცდ-დან)

0
4547
20 Views

– ვინ არის ზურაბ ანთელავა?

ზურაბ ანთელავა: კაცი, რომელსაც უყვარს სხვების მიმართ ყურადღების გამოჩენა, სიყვარულით სიარული და აქვს სიკეთის კეთების მცდელობა.

– თქვენი საოცნებო ცხოვრება როგორია?

– მე ჩემი საოცნებო ცხოვრებით ვცხოვრობ, ეს რომ ასე არ იყოს, აქამდე მკვდარი ვიქნებოდი. ვგულისხმობ ჩემს შემოქმედებას, ჩემს ოჯახს. ჯერ არ ვიცი, მოვახერხე თუ არა ყველაფრის გაკეთება, რაც მინდოდა, როგორც ამბობენ, ამას მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს იგებ, მაგრამ მგონია, რომ მოვახერხე.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– რა თქმა უნდა. ჩემი ცხოვრების 12 წელი, რომელიც მძულს, ემიგრაციაში გავატარე. მძულდა, როგორც ვიყავი და რასაც ვაკეთებდი. ეს არ იყო ჩემი და ამიტომ საშინელება იყო. ხომ იცით, ადამიანები სულ იმას ვფიქრობთ, დღეს თუ არა, ხვალ მაინც შევცვლით რამეს, ამასობაში დრო გადის, დიდი დრო და ეს დამღუპველია. დავაღწიე თავი ამ მდგომარეობას, მაგრამ ძალიან გვიან. რომ დავბრუნდი, ნულიდან დავიწყე და არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა, რაც წასვლამდე ვიყავი იმის მეოთხედს მაინც გავუთანაბრდე. ჩემს ასაკში უკვე ყველა ფიქრობს, რომ საჭირო არ ვარ.

– რატომ? დაბრუნების შემდეგ იყო „ჩცდ-ში“ კვაზი მანტკავას როლი…

“ჩემი ცხოვრების 12 წელი მძულს” – ზურაბ ანთელავა– თქვენ იცით, ეს რამდენი წლის წინ იყო? ეს შემთხვევითობა იყო. მე 2012-ში დავბრუნდი. სამოცი წლის რომ ბრუნდები, უკვე ასაკში ხარ. კი, შემოქმედებითი ასაკია, მაგრამ ზოგს უკვე აღარ აინტერესებ. ზოგ შემთხვევაში ფეხს ვერ უწყობ თანამედროვეობას და ასე შემდეგ. ნელ-ნელა ქვემოთ მიდიხარ და ბოლოს ყველაფერი მოგონებებად იქცევა. ეს არის ყველაზე ცუდი. როდესაც მუშაობ, თეატრში თაობიდან თაობაზე გადასვლა მტკივნეული არ არის, მაგრამ როდესაც 4-5-წლიანი პაუზა გაქვს, თავისთავად ცხადია, რომ მეხუთე წელს აღარავის ემახსოვრები და არც სჭირდები. „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ რომ ამბობენ, ყველას მკვდარი ჰგონიხართ, რადგან გამოფენებში არ იღებთ მონაწილეობასო, ასეა ზუსტად ჩვენი, ანუ, მსახიობების ამბავი. თუ არ თამაშობ, ყველას ავიწყდები, ცოცხალი ხარ თუ არა. მთავარი ფიზიკური სიცოცხლე არ არის, შემოქმედი აქტიური უნდა იყოს, უნდა დუღდეს.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– როდესაც ტელევიზორს ვუყურებ და რამე კარგს ვხედავ, ყოველთვის სიხარულის ცრემლი მომდის. ასაკში რომ შევდივართ, უფრო სენტიმენტალურები ვხდებით. ტკივილით გამოწვეული ცრემლი უკვე აღარ მოსდის ჩემი ასაკის ადამიანს, სიხარულის ცრემლი უფრო ხშირია. ტკივილს ეჩვევი, როგორც სხეულით, ისე სულიერად. სიხარული იმდენად სასიამოვნოა, როცა მას განიცდი, ცრემლი თავისთავად მოდის, აღტაცებაში მოჰყავხარ. კეთილი სიტყვა, კარგი ნამუშევარი, კარგი ქმედება იმდენად მოქმედებს, მაშინვე ღაპაღუპით მომდის ცრემლები. ტკივილი ვის უკვირს, ეს ისეთი დოზით არის ცხოვრებაში, რომ უკვე ძალიან გამძლეები ვართ. უამრავი დარტყმა, ხან კანონიერი, ხან უკანონო, ხან ფიზიკური, ხან სულიერი, ხან მოულოდნელი ლახვარი ზურგში… ეგუები ადამიანი ამას, უფრო სწორად, იმდენად აღარ გტკივა.

– ლატარიაში მილიონი რომ მოიგოთ, რას გააკეთებდით?

– ო, ეს ჩემი ოცნებაა. გერმანიაში რომ ვიყავი, რეზო ჩხიკვიშვილს უკვირდა, რატომ ყიდულობ ლოტოს, ხომ იცი, მილიარდში მხოლოდ ერთი გამარჯვების ალბათობა არსებობსო და ვეუბნებოდი, იქნებ, მე ვარ ის ერთი მილიარდიდან-მეთქი?! სამი თეატრი მეგულება, რომელსაც სასწაულ რამეებს გავუკეთებდი. თეატრთან ერთად, ყველაზე მთავარი, ფონდს შევქმნიდი, ბავშვთა კლინიკას გავხსნიდი, თურქეთში რომ არ მოუწიოთ სიარული და უფასოდ განვკურნავდი მათ სისხლისა და ონკოლოგიური დაავადებებისგან. მანქანა, სახლი და ასე შემდეგ, ეს არაფერი არ არის, მადლის გაღებაა მთავარი.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად, რასაც დღემდე სინანულით იხსენებთ?

– ყველაზე ცუდი რამ, რაც გავაკეთე ისაა, რომ 1999 წელს საქართველოდან წავედი. განა იმის გამო, რომ ემიგრაციაში მარტოსული ქართველი ვიყავი, არა, მაგრამ მე ჩემს მეს ვუღალატე, იმ მეს, ურომლისოდაც არ შემეძლო. ყველამ იცოდა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრი იყო, მას ვუღალატე და ცხოვრებამ ყველაფერი ბუმერანგივით დამიბრუნა უკან. ეს დიდი სინანულია, თან გამოუსწორებელი.

– ცხოვრებაში რამე მოგიპარავთ?

– ერთხელ ბავშვობაში ვცადე ფუნთუშის მოპარვა. ამხანაგთან ერთად შევედი საფუნთუშეში. რეალური შანსი მქონდა, მან აიღო და მეუბნება, ახლა შენ აიღეო. გავწიე ხელი, მაგრამ ვერ ავიღე. არაფერი მომიპარავს, თუმცა, სოფელში რომ ჩავდიოდით, მეზობლის ხეხილს შევესეოდით ხოლმე ბავშვები. ეს მოპარვად არ ითვლება, მთავარია, ხეს ტოტები არ დაამტვრიო.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილის მიმართ?

– გააჩნია, რას დავარქმევთ ტყუილს. კაცის სიტყვა და საქციელი, რომელიც ზიანს არ მოუტანს მის შინაგან მეს და არც სხვას დააზიანებს, შეიძლება, იუმორად ჩათვალო. მე ასე მგონია. მაგალითად, ვიტყვი, რომ არ ვეწევი და მერე თუ ჩუმად მოვწევ, ეს ტყუილია? ვინმეს ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი და დავაზიანე ამით? თუ დაზიანდა მისი გრძნობები, მაშინ არასწორი ვარ, თუ არა – არა. ტყუილი სიტყვათა მარაგია, მეტი არაფერი. ადამიანს არ უნდა უღალატო, მთავარი ეს არის. ღალატია ყველაზე დიდი ტყუილი. მე მჯერა შენი, როგორც კიბის საყრდენი სახელურის, მაქვს შენი იმედი, მაგრამ უცბად რომ მოვიხედავ და საყრდენის ნაცვლად, დანა მაქვს ბეჭებში, ეს არის ტყუილი. ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია, ზიანი არ მიმიყენებია სხვა ადამიანისთვის. გითხრა, მიყვარხარ-მეთქი, არის მცდელობა იმისა, რომ სტიმული მოგცე, უკეთესი თვალით შემომხედო, მე ასე მგონია.

– პაემანზე სახალისო შემთხვევა თუ გადაგხდენიათ?

– ეს იმდენი ხნის წინ იყო, აღარ მახსოვს (იცინის). საერთოდ, წარსულით არასდროს უნდა იცხოვრო. იყო წარსულში? დატოვე იქ და დღევანდელი და ხვალინდელი დღით იცხოვრე. წარსულში თუ დარჩი, ეჩვევი ამ მდგომარეობას და რეალობას ვეღარ აღიქვამ, ვეღარ ზრუნავ მომავალზე. კარგია წარსული, ახალგაზრდული შემართებით სხვა ფერებს ხედავ, უფრო ლაღი ხარ, მაგრამ ასაკში შესვლისას სილაღე ნელ-ნელა სიდინჯედ იქცევა, ეს დაფიქრებას ნიშნავს, რაც უნდა ეტყობოდეს შენს ქმედებას და სიტყვას. წარსულში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედო, თუ სიყვარულს გადახედავ, მაგრამ მხოლოდ იმ განცდით, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტი სიყვარული გექნება.

– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხართ?

– როდესაც ჩემ მიმართ უყურადღებობას ამჟღავნებენ. აქედან იწყება ყველანაირი მახინჯი თვისება, უზრდელობა, უხეშობა, თავხედობა, ღალატი. უყურადღებობა საშინელებაა. ასე თუ მომექცევი, შეიძლება, მთელი ცხოვრება აღარ შემოგხედო, შეიძლება, ჩემ თვალწინ იდგე და ვერ გხედავდე.

– ყოფითი საქმეებიდან რისი გაკეთება გიყვართ ან არ გიყვართ?

– ჩხირკედელაობა ბავშვობიდან მიყვარდა. მესამე-მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც ხეზე მუშაობა, ანუ, იატაკის დაგება მასწავლეს, რკინაზე მუშაობა და ასე შემდეგ, ელექტრობააც ვისწავლე და მზარეულობაც, ხორცის დამზადება ძალიან მახალისებს. არ მიყვარს უსაქმურობა. ჩამოვედი საქართველოში და საქმე არაფერი მქონდა, ვერ დავკავდი. დროებით დამიძახა თუმანიშვილში ქეთიმ, რუსთავში დამიძახეს, ახალციხეში დამიძახეს, სოხუმის მოზარდში, მაგრამ მაინც იმდენად დაუტვირთავი ვიყავი, დავიწყე ძებნა, სად შეიძლება კიდევ… მოვძებნე სიღნაღის თეატრი, ზუგდიდის თეატრი, საერთოდ გადმოვცხოვრდი ზუგდიდში, აგერ ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში ვარ. ვმოძრაობ, ეს არის ჩემთვის მთავარი ამოცანა. არ მინდა, პენსიასავით მომცენ რამე და დამამადლონ. მინდა, ჩემი საქმე ისე გავაკეთო, რომ თქვან, მართალია ცოტას ვუხდით, მაგრამ კარგად აკეთებსო.

– ამბობდით, რომ პროექტებში იშვიათად გაკავებენ, ალბათ, სატელევიზიო პროექტებს გულისხმობდით, თორემ თეატრებში ძალიან აქტიური ყოფილხართ.

– ახლანდელი თაობის მსახიობებში ვხედავ, როგორი აქტიური სურვილი აქვთ, გაყიდონ საკუთარი თავი. ანუ, შეახსენო ვიღაცას თავი. ეს კარგია. ერთი თეატრის რეჟისორმა ხომ არ იცის, რას ვაკეთებ მე ახლა მეორე თეატრში. ამიტომ უნდა მიხვიდე და თავი შეახსენო, უნდა შესთავაზო რაღაც, იქნებ სხვა თვალით შემოგხედოს და იფიქროს, რა კარგ დროს გამახსენა თავიო. ასეთი ქმედებები ხშირად არტყამს ათიანში, ამიტომ სულ უნდა იმოძრაო.

– როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას ბევრი წლის შემდეგ?

– ჩემს დაბადების დღეზე, 85 წლის რომ გავხდები, კარგად ვიქეიფო ჩემს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად, დიდი სუფრა გავაკეთო, დავიძინო და აღარ გავიღვიძო. თუ 85 ვერ მივაღწევ, ის მაინც მინდა, დავიძინო და აღარ გავიღვიძო. იმიტომ კი არა, რომ მე არ მომიწიოს წვალება, არ მინდა, ჩემი პრობლემებით სხვები გავაწვალო. ეს ძალიან მტკივნეულია. მე დამღუპვია ახლობლები მოურჩენელი სენით და მინახავს, როგორ წვალობენ სიკვდილამდე, არ მინდა ასე, ეს ძალიან მძიმეა ოჯახისთვის.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– სიმართლით სიარულს რომ ვცდილობ, რომ მიყვარს, რომ ადამიანის გვერდში დგომა შემიძლია, უფრო სწორად, არ შემიძლია ადამიანს გვერდში არ დავუდგე. ვხუმრობ ხოლმე, გაკახელებული მეგრელი ვარ-მეთქი. თავის დროზე ოჯახში მასწავლეს, რომ ადამიანს სიმართლე პირში უნდა უთხრა და მის შესახებ ზურგს უკან არ უნდა ისაუბრო. თუმცა, ისეთი ფორმითაც არ უნდა უთხრა, რომ კაცს თავი მოაკვლევინო. ზომიერებაა საჭირო. ეს არის ჩემი ღირსება და ამით ვამაყობ.

წყარო: თბილისელები

Cesko