პრეზიდენტობის დროს გაფლანგული ბიუჯეტი და ფარული ხარჯები სააკაშვილის საქმეში – რა სკანდალური ფაილები გვხვდება „ბოტოქსების საქმიდან“

0
1011
22 Views

მიხეილ სააკაშვილს მთავარი პროკურატურა არაერთ საქმეს ედავება, მათ შორის ყველაზე სკანდალური “პიჯაკების საქმეა”, რომელსაც საზოგადოების ნაწილი “ბოტოქსების საქმედაც” მოიხსენიებს, რადგან იმ თანხის დიდი ნაწილი, რომელსაც გამოძიება სააკაშვილს ედავება, სწორედ ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებში, მათ შორის, ბოტოქსებშია გახარჯული. “კვირამ” საქმეში არსებული მტკიცებულებები ექსკლუზიურად მოიპოვა და, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დოკუმენტაციას ვასაჯაროებთ.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კოლოსალური ხარჯებია გაწეული სააკაშვილისა და მისი სტუმრებისთვის სხვადასხვა მივლინებაში მიღებულ მომსახურებებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრებაშიც. როგორც ჩანს, სააკაშვილი შვილების განათლებასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდა და არც ძვირადღირებულ ნახატებზე ამბობდა უარს.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის აგვისტოში დაუსწრებლად წარუდგინა. საუბარია 8 მილიონ 837 ათას 461 ლარზე, რომელიც სრულიად გასაიდუმლოებულად გაიხარჯა.

რამ განაპირობა სააკაშვილის ხარჯების გასაიდუმლოება:

2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილმა, შესაბამისი მომსახურების გასაწევად, საქართველოში მასაჟისტი დოროთი შტეინი  „დოქტორ დოტი“ მოიწვია. მოგვიანებით, დოქტორ დოტის მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, რის შემდეგაც მისი ვიზიტისა და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. ყურადღების მისაქცევი ფაქტია, რომ მასაჟისტის საქართველოში შემოყვანისა და ქვეყნის დატოვებისას მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისთვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის შესახებ (მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ის ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით). გადაწყვეტილების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა პირადი მიზნებისთვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება.
შედეგად,  საიდუმლო რეჟიმში დაიწყო მილიონობით თანხის ხარჯვა. გამოიცა პრეზიდენტის „საიდუმლო“ განკარგულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე, მათი სტუმრების როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების დაფინანსება. თანხების ჩამოწერას გრიფით „საიდუმლო“ პატაკებით ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი. პროკურატურის ინფორმაციით, ხსენებულ პატაკებს “გრიფი საიდუმლო“ ენიჭებოდა „სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არცერთი ზემოაღნიშნული პატაკი და მასზე თანდართული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.

“კვირას” მოპოვებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2010 წლის ოქტომბერში ნიუ იორკში ვიზიტისას ექსპრეზიდენტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 114 887 ლარი გახარჯა, რომლის უმეტესი ნაწილიც სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმროში Parhotel Igls მიღებულ სამედიცინო მომსახურებაშია გადახდილი – ჯამურად, 10 583 ევრო, რაც მაშინდელი კურსით (1 ევრო=2,4811ლარი) 26 259 ლარი იყო. სააკაშვილს თან თბილისის იმდროინდელი  მერი, გიგი უგულავაც ახლდა, რომლის სასტუმროს ხარჯებმაც 10 636 ევრო შეადგინა, რაც 26 391 ლარის ექვივალენტი იყო.
​ამავე მივლინების დროს სააკაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად მანქანების მომსახურების სერვისითაც ისარგებლა, რაც ჯამურად 23 730 ევრო ანუ 58 ათას 876 ლარი დაჯდა. დანარჩენი თანხა კი სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაზე, კვებასა და მედიკამენტებზე გადანაწილდა. “საიდუმლო” პატაკს სახელმწიფო დაცვის ლეიტენანტი და პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე ვ.კილაძე აწერს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიუ იორკში ვიზიტისას სწორედ კილაძე იყო სააკაშვილის ხარჯებზე ანგარიშვალდებული პირი.

მეორე მსგავსი “საიდუმლო” პატაკით, რომელიც “კვირამ” მოიპოვა, დგინდება, რომ სააკაშვილი მოქალაქეების გადასახადებიდან შევსებულ ბიუჯეტს ტანისამოსის, საჩუქრებისა და ძვირადღირებული ნახატების შესაძენადაც  აქტიურად იყენებდა. საზღვარგარეთ ერთ-ერთი მივლინების დროს, მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა 70 340 ლარი დახარჯა. მათ შორის, 16 245 ლარად შეიძინა მკერდით ხატვით ცნობილი ხელოვანის დოროთი ოსტრომის ნახატი, 26 538 ლარი კი ტანსაცმელში დახარჯა. პატაკს ხელს ვინმე ვ. ძამანაშვილი აწერს, რომელიც იმ დროს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს საბიუჯეტო თანხებს რომ არამიზნობრივად ფლანგავდა, ისიც მიუთითებს, რომ ის საკუთარი შვილების განათლების ხარჯებსაც სწორედ სახელმწფო ბიუჯეტიდან ფარავდა. მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში არსებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მხოლოდ 2009-12 წლებში სააკაშვილმა უფროსი ვაჟის, ედუარდის სწავლის საფასური, დაახლოებით, 37 ათას 100 ლარი ბიუჯეტიდან გადაიხადა. ფარული ხარჯების დამადასტურებელ “საიდუმლო” პატაკებს ხელს პრეზიდენტის ოჯახის წევრების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ვინმე გ. ლაგურაშვილი აწერს. ამავე მასალიდან ირკვევა, რომ ასევე ბიუჯეტიდან გადაიხადა 2011 წელს უმცროსი ვაჟის, ნიკოლოზის სწავლის თანხა 5 900 ლარი.

ეს და სხვა ბევრი ხარჯი უშუალოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის „საიდუმლო“ პატაკით ფორმდებოდა, თუმცა საიდუმლო ხარჯების პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 2009 წელს დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს – 3 340 728 ლარი, 2011 წელს – 4 654 100 ლარი და 2012 წელს – 5 809 808 ლარი, სულ 20 მილიონ ლარზე მეტი.

 

წყარო: kvira.ge

Cesko