თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ საბოტაჟით გამოირჩევა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რასაც შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
„საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი რითაც შემოიფარგლებიან – განცხადებებია ქვეყნის წინააღმდეგ. მათი ქმედებები საბოტაჟისკენაა მიმართული. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალონ, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას. ყველაფერს აკეთებენ, როგორმე ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შემდეგ ექნებათ მცდელობა, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის ქმედებებს, მმართველ პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
„ოპოზიცია წვალობს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რადგან ვატარებთ ქვეყნის ინტერესებს, უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობა და ეკონომიკური გაძლიერება. დაწყებული გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები. მათ ვესაუბრებით ხედვებზე, რა უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ მიმართულებით. ვესაუბრებით გამოწვევებზე. არასდროს დაგვიკარგავს კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს მმართველი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.