“ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც თავისუფალი ხარ. ის რომ მცოდნოდა, რომ ასეთი კარგია თავისუფლება, ალბათ, ბევრად ადრე მოვიმოქმედებდი რამეს (იცინის). რასაც გინდა მოუსმინე, რაც გინდა წაიკითხე, რასაც გინდა უყურე…
ამას ქმარი არ მიშლიდა, თუმცა ანგარიშს ვუწევდი. ჩვენ ქართველი ქალები ხომ ანგარიშს ვუწევთ ქმრებს?! კიდე კატლეტი უნდა გააკეთო, პერანგი გააუთოვო და უნდა მოემსახურო. შენს თავს რომ ემსახურები, არაფერია ამაზე კარგი. გინდა იზამ, გინდა – არა. თან ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე” – ეს მარინა ბერიძის გულახდილი ინტერვიუა, რომელიც მუსიკალურმა პროდიუსერმა “პრაიმტაიმს” რამდენიმე წლის წინ მისცა. მარინა ცნობილია თავისი პირდაპირობით. ინტერვიუშიც, მის მტკიცე ხასიათს, ბევრ საინტერესო დეტალში დაინახავთ.
იყო პერიოდი, როდესაც ქმართან გაყრას მძიმე პირველი წელი მოჰყვა. ცვლილებებმა დეპრესიაში ჩააგდო – პირად ცხოვრებასა და სამსახურში ყველაფერი თავდაყირა დადგა.
იყო ისეთი პერიოდიც, არაფრის კეთება არ უნდოდა. იყო თავისთვის, პლედისა და სავარძლის გარემოცვაში.
ამას იმ მარინა ბერიძეზე გესაუბრებით, „ის ცხრა წელი საახალწლო კონცერტებზე (და არა მხოლოდ) მომღერლებს რომ ბლოკავდა“ და მუსიკალური შოუების ჟიურიში მჯდომი “იაზო” შიშის ზარს სცემდა კონკურსანტებს.
დიახ, იყო პერიოდი მისი სახელი და დიდება გაფერმკრთალდა.
თბილისი მის პირად ცხოვრებაზე აჭორავდა – მარინას ქმარმა უღალატა და ოჯახი დაენგრაო.
„ყველაზე მეტად ჩემი ოჯახით ვამაყობდი, რომელიც ქორწინების 43-ე წელს დამენგრა” – 2015 წელს მიყვებოდა მარინა.
„მარინამ მოიწყინა“
მარინა ბერიძე: – „დინების საწინააღმდეგოდ“ ცურვა ჰქვია თუ რაც ჰქვია, მე მთელი ცხოვრების მანძილზე სიახლის სურვილი მქონდა. ყველაფერი ახალი მომწონდა. როცა ყველაფერი ახალი მოგწონს, პროგრესი გხიბლავს, როგორც წესი, დინების საწინააღმდეგოდ მიდიხარ.
არავის ვებრძვი, უბრალოდ, ყველაფერში სიახლეს ვეძებ – ურთიერთობაში, საქმეში, სამსახურში… არც პროტესტი მაქვს, არც ამისკენ ვარ მომართული, სხვანაირად მე მწყინდება.
– საიდან იღებთ იმ ენერგიას, რომელიც ყოველთვის უშრეტად გაქვთ?
– იმდენი რამ გადავიტანე, რომ ახლა ამის ანალიზს ვაკეთებ, საამისოდ დროც მეტი მაქვს. მივხვდი, რომ ყველაფერს ადამიანებისგან ვიღებ, მათ შორის ენერგიასაც. ვარ საინტერესო ადამიანების ძიებაში.
კარგთან ერთად ცუდი ენერგიაც მიმიღია ადამიანებისგან. ამ დროს ურთიერთობას ვწყვეტ. თუ ადრე ამას დელიკატურად ვაკეთებდი, ახლა უკვე მგონია, რომ მაქვს იმის ფუფუნება, მშვიდად, მაგრამ უცებ გავწყვიტო კავშირი. მეგობრებმა იციან თქმა – „მარინამ მოიწყინაო“.
დანგრევით ბევრი რამ დამინგრევია – დოგმა, სტერეოტიპი. ამიტომაც მთელი ცხოვრება ვიღაც მებრძვის. პლუსზე სიმღერის საოცრად დიდი პროტესტი მქონდა. მაგრამ მივხვდი, რომ საუბრით არ უნდა ებრძოლო. საქმით უნდა დაამტკიცო.