12 ივნისს, რუსთაველის თეატრში შეიკრიბება საზოგადოება, ვიწყებთ ორგანიზებული ძალის შექმნას, ეს იქნება კონსერვატიული გაერთიანება – ვატო შაქარიშვილი

0
899
22 Views

კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა ახალი ორგანიზაციის შექმნა გამოაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გაერთიანებული იქნება კონკრეტული ღირებულებათა სისტემის გარშემო და პირველ რიგში იმ გამოწვევების, იმ დესტრუქციის, ამ ქვეყნის არევის გამუდმებული მცდელობების წინააღმდეგ.

„შეუძლებელია ამ ყველაფრის ყურება, რასაც წლებია, ქართული საზოგადოება თვალს ადევნებს. ეს არის ამ ქვეყნის გამუდმებული რყევა, რევოლუციური სცენარების თავს მოხვევა, დესტრუქციული მოქმედებები, ლიბერალური დიქტატის დამყარების მცდელობა. ყველა წითელი ხაზი რეალურად გადაკვეთილია, აქ უკვე პოლიტიკაზე აღარ არის საქმე, წილი ნაყარია და ქართული საზოგადოება ამას მშვიდად და უმოქმედოდ ვეღარ უყურებს. შესაბამისად, 12 ივნისს, რუსთაველის თეატრში, შესანიშნავ ისტორიულ დარბაზში შეიკრიბება საზოგადოება და დავიწყებთ ისეთი ორგანიზებული ძალის შექმნას, რომელიც ამ ყველაფერს ქმედით და ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევს. ეს იქნება კონსერვატიული გაერთიანება, კავშირი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. ეს არ იქნება ერთი რომელიმე კონკრეტული პირის ან ჯგუფის მოძრაობა, ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გაერთიანებული იქნება კონკრეტული ღირებულებათა სისტემის გარშემო და პირველ რიგში იმ გამოწვევების, იმ დესტრუქციის, ამ ქვეყნის არევის გამუდმებული მცდელობების წინააღმდეგ, რასაც თვალს ვადევნებთ. ყველა იბრალებს და გარედანაც ამის „ლეგიტიმაციას“ ახდენენ და არქმევენ, ეს ლიდერია, ეს სამოქალაქო საზოგადოებაა და ა.შ“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

რაც შეეხება იმას, ვინ იქნებიან ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის სახეები, ვატო შაქარიშვილის თქმით, ამას ვნახავთ 12 ივნისს, რუსთაველის თეატრში, საღამოს 20 საათზე.

„ეს იქნება მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის წარდგენა, ეს არ იქნება დახურული ტიპის ორგანიზაცია, ეს იქნება წმინდად საზოგადოებრივი მოძრაობა, სადაც ჩვენ მხოლოდ ამ იდეას გავაჟღერებთ და გავხსნით კარს და შემდგომში შემოგვიერთდება დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი. ეს იქნება ღია ღონისძიება, დასწრება თავისუფალია. ველოდებით იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად დაღლილია იმ ყველაფრის ყურებით, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერმა ახალი მასშტაბი შეიძინა, ახალ ფაზაში გადავიდა, როდესაც გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო ომი უკრაინაში და საქართველომ მკაფიო უარი თქვა სხვისი ინტერესების გამო საკუთარი თავის განადგურებაზე, აირჩია მშვიდობის გზა და დაიწყო საკუთარი სუვერენიტეტის და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა, ამის შემდეგ წამოვიდა ის „შკვალი“, რაც მოდის ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან ამას ჰყავს უამრავი აღმსრულებელი. რეალურად ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ქმედითი ორგანიზებული ძალა“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა, იმიტომ, რომ განვითარების გასაღები მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობაშია.

„ჩვენ დღეს ამის უნიკალური შანსი გვაქვს, რომ მყარად დავდგეთ ფეხზე. ვხედავთ, რომ ცდილობენ დაგვსაჯონ იმის გამო, რომ ავირჩიეთ მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. მაშინ, როცა ჩვენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, შორს რომ აღარ წავიდეთ, გვითამაშია და გვივლია სხვისი დღის წესრიგით, მაგრამ რა მოგვიტანა ამ სხვისმა დღის წესრიგმა ვნახეთ – დაკარგული ტერიტორიები, უკან დახეული ქვეყანა, დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული დრო, შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით მკაფიოდ, რომ აღარ ვაპირებთ სხვისი დღის წესრიგით მოქმედებას, ჩვენ გვექნება ქართული დღის წესრიგი, ეს არ არის არც რუსული დღის წესრიგი, არც ამერიკული დღის წესრიგი, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართული დღის წესრიგი. ლიბერალური დიქტატი ასე მოქმედებს – ქართული არის რუსული, თეთრი არის შავი, ამერიკული კანონი არის რუსული, მსხვერპლი არის მოძალადე და ა.შ. სწორედ ამის წინააღმდეგ იქნება ეს მოძრაობა. ჩვენ ყველა ქმედებას გავცემთ ადეკვატურ პასუხს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შეურაცხყოფა, ბულინგი, დედის გინება სოციალურ მედიაში, ფიზიკურად, ამ ქვეყნის მუდმივი რყევა იქნება პასუხგაცემული და ეს პასუხი იქნება ადეკვატური“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

Cesko