„3 წლის წინ კუჭის კიბო დაამარცხა, 5 თვის წინ..“ – დეტალები სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

0
1176
20 Views

სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შემდეგ, საზოგადოების ინტერესი მაღალია, როგორია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სახის პრობლემას ებრძვის ის ახლა. ამის გასარკვევად, „პრაიმტაიმი“ ჯაჭვლიანის უახლოეს მეგობარს, დავით ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

დავით ლორთქიფანიძე: – 2 დღე გავიდა და ამ ყველაფერს სახელი ვერ მოვუძებნე. დაწერეს, სოსო გარდაიცვალაო, წყაროც დაასახელეს… ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი.

ბოლო თვეებია, სოსო სერიოზულადაა ავად. აქვს სიმსივნე და ინტენსიურ მკურნალობას გადის ქართულ-გერმანულ კლინიკაში. იტარებს სამედიცინო მანიპულაციებს, მათ შორის, ქიმიას. ბოლო პერიოდში, თვალშისაცემი შედეგიც აქვს. ის თვეების განმავლობაში კომუნიკაციაში არავისთან შედიოდა. ქიმიას რომ გაიკეთებს, კონტაქტური არ არის ხოლმე.

სოსოს სამი წლის წინ კუჭის სიმსივნე ჰქონდა და ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა. მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვერდით მაგრად დაუდგა და სიკვდილს ხელიდან გამოვტაცეთ. არ იყო წინაპირობა იმისა, რომ რამე მოუვიდოდა, კონტროლზეც იყო, მაგრამ 5 თვის წინ სიმსივნე ღვიძლზე აღმოაჩნდა.

როცა გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, დავურეკე. ტელეფონზე არ მიპასუხა და მომენტალურად, მასთან სახლში წავედი. არ ჰქონდა თავი, რომ ეპასუხა.

სოსო ახლა მკურნალობის კურსს იტარებს და უმოკლეს დროში თურქეთში გაემგზავრება სამკურნალოდ, საკმაოდ სერიოზულ კლინიკაში. კლინიკის მითითებით, გენეტიკური ანალიზი გაუკეთეს, რომ მკურნალობა კონკრეტული მიმართულებით წავიდეს და არ გაუკეთდეს ქიმია ისე, რომ მთელი ორგანიზმი დაენგრეს.

თურქეთის კლინიკასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და დღე-დღეზე გაემგზავრება. იქ 5-ეტაპიანი მკურნალობა უნდა ჩაიტაროს, რომელიც 2-3 თვეს მოიცავს. პირველი ეტაპის შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება, შემდეგ ისევ მკურნალობა და ა.შ. ეუბნებიან, რომ მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.

– თავად ბატონ სოსოს რა რეაქცია ჰქონდა ამ ცრუ ინფორმაციასა და შემდეგ საზოგადოების რეაქციაზე?

– შოკირებული იყო… წარმოუდგენლად განიცადა ეს ყველაფერი, მაგრამ სოსომ ამ დღეებში დაინახა, რაოდენ ჰყვარებია ქართველებს. მხოლოდ ჩემს პოსტს ათასობით გამოხმაურება მოჰყვა, რეკავენ მასთან, შვილებთან, მეუღლესთან…

გუშინ საღამოს ვესაუბრე და მივხვდი, რომ ამ განწყობებმა გააძლიერა, როგორი სიყვარული ჰქონიათო… ძალიან მადლიერია ყველა კომენტარის ავტორის, რომელიც მის სულსა და სხეულს სალმუნად მოედო. სულ ამბობს, რომ ამ ბრძოლაში იქნება შეუპოვარი და აუცილებლად დაამარცხებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება.

– მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ხომ არ აპირებთ, საზოგადოების მხარდაჭერაც გამოიყენოთ?

– იცით, რომ მსგავსი დაავადებების მკურნალობის ხარჯები სახელმწიფოსგან ფინანსდება, მაგრამ არის რაღაცები, რაც ვერ ფინანსდება. სოსოს სახელმწიფო დაზღვევის ლიმიტი ამოეწურა, ამოუწურავი არაფერია… ძალიან ბევრი ახლობელი გვერდით დაუდგა და ამან გაამხნევა. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია, არ მინდა სახელ-გვარების დასახელება.

სოსოს პოზიციაა და მეც ვიზიარებ, იმდენი გაჭირვებული და მიუსაფარია ამ ქვეყანაში, შესაძლოა, მათთვის ერთი ლარიც ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. სოსომ თქვა, მე ჩემი გარშემომყოფების იმედი მაქვს და საზოგადოების შეწუხება არ მინდაო. იყო საქველმოქმედო საღამოების შემოთავაზებაც, მადლობელია, მაგრამ არ უნდა ეს რესურსი სათავისოდ გამოიყენოს. ყველაფერს ვაკეთებთ… ან ჩვენ რას ვაკეთებთ, ყველაფერს სოსოს განვლილი გზა აკეთებს, მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლები…

Cesko