„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“

0
2563
20 Views

დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის სიტყვამ ერთ-ერთი მთავარი სკანდალი გადაფარა. უმრავლესობას კენჭისყრაზე ხუთი ოპოზიციონერი რომ მიემხრო და ისინი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან საზეიმოდ გარიცხეს, კი გემახსოვრებათ. მათ შორის, ნატო ჩხეიძე, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი. ჩხეიძის ამბავი გასაგებია, მას მოსამართლეთა და შესაბამისად, უმრავლესობის კეთილგანწყობა სჭირდება, რადგან ქმართან სასამართლო დავა აქვს და საუბარი მილიონობით ლარის გაყოფაზეა. ხაბულიანზე კი ითქვა, რომ მის შვილს მიწის ნაკვეთი დაუბრუნეს და ამიტომ მოლბა, თუმცა, რეალურად, საქმე მის ძმას ეხება.

დეპუტატის ძმა ორიოდე კვირის წინ, თავდასხმის შედეგად სიკვდილს სასწაულით რომ გადაურჩა, კარგად გემახსოვრებათ. როგორც გვეუბნებიან, მის ძმას ბიზნესპარტნიორები ურჩევენ საქმეს და ამ საქმეში მაინცდამაინც ის სუფთა არ არის. შედეგად, ძალოვნებს აქვთ შესაძლებლობა, ხაბულიანსი ძმა დააკავონ, დააკავონ ოფიციალური და დამაჯერებელი ბრალდებით, მაგრამ მის დაკავებას ფინანსურ მაქინაციებზე, პარლამენტში კიდევ ერთი ხმის შემატებამ აჯობა.

იმასაც გვეუბნებიან, ხაბულიანისა და მისი ძმის ბიზნეს-ინტერესები კვეთაში ნინო ბურჯანაძის ოჯახთან მოდის და ჯერჯერობით, ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ თუ ხელისუფლება ხაბულიანს ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო. უფრო რომ დავკონკრეტდეთ, საუბარი ელიავას ბაზრობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა, ადგილზე, რომელზეც თბილისის მერიაც ფიქრობს, რომ დედაქალაქისთვის ზედმეტია და ეს ბაზრობა ქალაქგარეთ უნდა გადავიდეს, მის ადგილზე კი… სკვერი გაშენდეს, თუმცა, გვინახავს სკვერის გაშენების ინიციატივით წართმეული მიწები და შემდეგ იქ წამოჭიმული მრავალსართულიანი კორპუსები.

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ 2024 წელს, პარლამენტში რაც შეიძლება ნაკლები ნაციონალი ჰყავდეს, სხვა პარტიების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მოლაპარაკება რომ შეიძლება, არაერთხელ გამოჩნდა. აგერ, „მოქალაქეების“ წევრი სახალხო დამცველი გახდა, დანარჩენი ოპოზიციიდან 5 ადამიანი მარტივად გადაიბირეს ხმის მისაცემად, „გირჩი“ უფრო ნაციონალებს ებრძვის, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობას და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება კონსენსუსის მიღწევა.

უმრავლესობას ზაფხულის არდადეგების იმედი აქვს, სიტუაცია ისეა დაძაბული, რომ ახლა ერთი დიდი შესვენება ნამდვილი ხსნა არის, თანაც ამ შესვენების დროს, პოლიტიკისთვის ყველას ნაკლებად სცხელა, მერე კი შემოდგომა მოდის და მოდის დეკემბერი, როცა სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.

ჩვენი ინფორმაციით, „ოცნებას“ წინასწარ ეცოდინება, გვაძლევენ თუ არა სტატუსს და ფონსაც შეამზადებს, მაგრამ გათვლა იმისა, რომ უარის შემთხვევაში, ვინ და რამდენი გამოვა გარეთ გასაპროტესტებლად, ძალიან ძნელია. ხომ ფაქტია, რომ მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონზე ასეთ პროტესტს არ ელოდა და თამამად იმიტომ დააყენა კენჭისყრაზე, შემდეგ კი უკან დაიხია.

აი, დეკემბერში დასახევიც არ იქნება, არ არის სტატუსი და რა?! არც არაფერი – „ოცნება“ იმისთვის ემზადება, რომ სტატუსის არმიღება როგორმე მსუბუქ ფერებში წარმოადგინოს და ამ შემთხვევაში დასავლეთის პოზიციასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

თუ დასავლელი პარტნიორები დარწმუნდებიან, რომ აქციებს შედეგის მოტანა შეეძლებათ, ბოლომდე დააჭერენ წიხლს, თუ არა და შეშფოთება-აღშფოთებით შემოიფარგლებიან. ჰოდა, „ოცნებასაც“ ყველაზე მეტად დეკემბერი აფიქრებს, კობახიძეს – სექტემბერი, რადგან სწორედ სექტემბერში უნდა იდოს ივანიშვილის მაგიდაზე ის სია, რომელიც ფილტრაციას მთელი წლის განმავლობაში გაივლის.

წყარო: “ალია”

 

Cesko