ეს სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა – პაპუაშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე

0
356
36 Views

სინამდვილეში ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან. დათმობის პოლიტიკას აწარმოებდნენ “ნაციონალები”, როდესაც 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში რუსებს ეხვეწებოდნენ, კულტურული გაცვლითი ღონისძიებები ჩაეტარებინათ. დათმობა იყო სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, დათმობა იყო რუსეთისთვის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე თანხმობის მიცემა. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, ჩვენთვის უპირველესია ქვეყნის ეროვნული ინტერესი.

დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და ეკონომიკური გაძლიერება. ბოლო წლების სხვადასხვა ტურბულენტობამ, კონფლიქტებმა, ომებმა ძალიან დაგვაზიანა, ათწლეულებით დაგვხია უკან. ჩვენი პოლიტიკის შედეგად დღეს საქართველოში ისტორიულად ყველაზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელია. გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ლარი გამყარებულია, რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა… რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ათწლიანი მშვიდობის შენარჩუნება.

ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გვერდი ავუაროთ პროვოკაციებსა და სხვადასხვა საფრთხეს, მათ შორის რუსეთიდან მომდინარესაც. ჩვენ არც არავის არაფერს ვუთმობთ, არც არავის არაფერზე ვევაჭრებით, მხოლოდ ხალხის ინტერესებით ვმოქმედებთ. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის გაერთიანება და ევროინტეგრაცია. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად არის აუცილებელი სიმშვიდე და ეკონომიკური წინსვლა. თუ ეკონომიკურად არ ვიქნებით ძლიერი და შიდა დაპირისპირება გვექნება, ვერც ქვეყანას გავაერთიანებთ და არც ევროსტრუქტურების კარს გაგვიღებენ. ღარიბი და დასუსტებული ქვეყანა არც აფხაზების და ოსებისთვის არის საინტერესო და არც დასავლელი პარტნიორებისთვის.

– განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

Cesko