„მოასხდებიან ნათხოვარ თუ საკუთარ ძვირადღირებულ მანქანებს და მიდის გრიალი, თავისი “გონშიკი” ბიჭობით და ლუქში ამომძვრალი გოგოობით“ – სკოლის ბანკეტზე ჩანს რა ვერ ვასწავლეთ ბავშვებს

0
553
23 Views

სასკოლო ბანკეტი და მისი ორგანიზების პროცესი მშობლებისთვის ერთგვარი ტავსატეხი გახდა. თემას ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილიც ეხმაურება:

“სკოლის დამთავრების პირველივე დღეს, ე.წ. ბანკეტზე ჩანს, რა არ ვიცით და შესაბამისად, რას ვერ ვასწავლით ბავშვებს 12 წლის განმავლობაში.

1. ინდივიდუალობას

2. სხვათა შესაძლებლობების გათვალისწინებას

3. კრიტიკულ აზროვნებას

4. თავისუფლების გამოხატვას

5. საკუთარ და სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას

6. საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღებას

18 წელი ხომ მშობლებმა და მასწავლებლებმა უკეთ იციან, ბავშვებს რა მოსწონთ, რა უხდებათ, რა უნდა გააკეთონ, როდის რისი დროა, ვისთან იმეგობრონ, რა ჭამონ, ვის რა აჩუქონ ა.შ. ამ ყველაფრის გვირგვინია ეს ბანკეტი.

გამოდიან სკოლიდან ბავშვები დაგუბებული ენერგიით, უკვე იციან რომ გაიზარდნენ, შეუძლიათ მოწიონ, დალიონ, ქუსლებზე შედგნენ, ტუჩსაცხი წაისვან. მოასხდებიან ნათხოვარ თუ საკუთარ ძვირადღირებულ მანქანებს და მიდის ქართული გრიალი, თავისი “გონშიკი” ბიჭობით და ლუქში ამომძვრალი გოგოობით. 18 წლის ასაკში იმდენად ვერ იაზრებენ, რა შეიძლება მოჰყვეს მათ ქცევას, რომ თითო კლასს თითო საპატრულო ეკიპაჟი აცილებს და მშობლების თუ მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს ეს ნორმალური ჰგონია.

ახლა მეორე – მშობლების საუბარს შევესწარი: 15 ბავშვი მოდის, მეტი ვერ ახერხებს, მაგრამ რა ვქნათო, უბანკეტოდ ხო არ დავტოვებთ ჩვენს შვილებს და უპატივცემულოდ მასწავლებლებსო. ხოდა, მეგობრებო, შეიძლება გეწყინოთ, მაგრამ იქაც ვთქვი და აქაც დავწერ. პატივისცემა, მაინცდამაინც, ჩაქაფულის თეფშთან ჯდომა და კოლექტიურად შეგროვებული ფულით ნაყიდი სასაჩუქრე ვაუჩერის ჩუქება არ არის. გარდა ამისა, თუ კლასის სახელით გეგმავთ ღონისძიებას, კეთილი ინებეთ და კლასში მყოფი ბავშვების ოჯახების შესაძლებლობებს მოერგეთ. მცირე ბიუჯეტით დაგეგმოთ და ყველამ შეძლოს მონაწილეობა ჯობია, ვიდრე ბავშვების ნაწილი დღესასწაულის მიღმა დატოვოთ და თქვენ ლამაზ-ლამაზი კაბებით და ვიზაჟისტებთან გაკეთებული მაკიაჟით რესტორნის კიბეებზე გადაღებული ფოტოები გამოფინოთ ფეისბუქ-ინსტაგრამებზე. ბავშვებისაა სკოლაც და მისი დასრულების ზეიმიც, იქნებ შეგვეგნო ეს ამბავი და პრიორიტეტებიც ამის შესაბამისად დაგველაგებინა”, – წერს მეგი კავთუაშვილი სოციალურ ქსელში.

Cesko