როგორც ამბობენ, გასული საუკუნის 50-60-იან წლების თბილისში ბევრს ჩხუბობდნენ და მტყუან-მართალს ასე არკვევდნენ, თუმცა, დანის ხმარება იმ დროში, ფაქტობრივად, არ ხდებოდა, სხვა იარაღზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ყველაფერს მუშტი წყვეტდა.
ჩხუბის მერე ნაჩხუბრები კი დიდწილად რიგდებოდნენ და შერიგების აღსანიშნავად ერთ სუფრას შლიდნენ. დაუძინებელი მტრობა ქალაქისთვის უცხო ხილი იყოო, – იხსენებენ. შესაძლოა, ეს მოგონებები ცოტა გაზვიადებულია, თუმცა, ფაქტია, რომ იმხანად მომხდარი ორი მკვლელობა იმდენად რეზონანსული გამოდგა, რომ ამდენი წლის შემდეგაც თბილისში ხშირად ახსენებენ. ასეთი დიდი რეზონანსი კი, სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ ჰქონდა, რომ მკვლელობა იმჟამად ძალიან იშვიათად ხდებოდა.
გასულ წელს, ხორავაზე დატრიალებულ უდიდეს ტრაგედიაზე საუბრისას, როდესაც ორი მოზარდი მათივე თანატოლებმა სასტკად გაიმეტეს, მსახიობა გიორგი გურგულიამ განაცხადა: “ადრე მკვლელობა თითქმის არ ხდებოდა თბილისში. ერთი ლადო ქოქიაშვილის ამბავი იყო და მეორე – ასტამურ აჩბასი. ჩემს თაობაში კი ყოველი მეორე მოკლეს, ხოლო ვინც გადარჩა, ნახევარი ნარკოტიკს შეეწირა, ნახევარი – ავარიას. ჩემი თაობის კაცები, ვისაც უნდა აღეზარდა ახალი თაობა, გაწყდნენ”. – სამწუხაროდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული მკვლელობა ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა ქალაქშიც და მთელ ქვეყანაშიც.
ვინ იყვნენ ლადო ქოქიაშვილი და ასტამურ აჩბა, რომელთა ხანმოკლე ცხოვრებაც და ტრაგიკული დასასრულიც ჩვენი დედაქალაქის ისტორიის ნაწილად იქცა.
როგორც ამბობენ, ისინი მეგობრობდნენ, რასაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს… ორივე განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩეოდა და თავიანთი თაობის კოლორიტი იყო. ჩვენს არქივში მათზე მომზადებული მასალები იძებნება, რომლებზე დაყრდნობითაც გთავაზობთ ორი თბილისელი კაცის – ორი მეგობრის ტრაგიკულ ისტორიას…
“მზეჭაბუკის” პროტოტიპი ლადო ქოქიაშვილი
ლადო ქოქიაშვილი ქალაქში საკმაოდ ცნობილ ოჯახში 1936 წელს დაიბადა, ლადოს მამა, იოსებ ქოქიაშვილი საქართველოს დამსახურებული მხატვარი-კარიკატურისტი გახლდათ, ძმა, ვახტანგი, ცნობილი მოქანდაკეა. ლადო შესაშური აღნაგობის გარდა, სამართლიანობითაც გამოირჩეოდა. არსებული ინფორმაციით, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის ცნობილი “მზეჭაბუკის”, რომელიც სპორტის სასახლის წინ დგას, პროტოტიპი სწორედ ლადო ქოქიაშვილია.
ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო გააოგნა, 1957 წლის მაისში დატრიალდა, მაშინ ლადო ქოქიაშვილი 21 წლის იყო.
გელა ქოქიაშვილი, ლადო ქოქიაშვილის ბიძაშვილი:
“ლადოს მეგობარი ჰყავდა – ასტამურ აჩბა, ცნობილი კალათბურთელი. მოხდენილი ჩაცმა უყვარდა. მას, ლადოს და კიდევ რამდენიმე მეგობარს, ერთი მკერავი ჰყავდათ (იმ დროის თბილისში ტანსაცმელს ძირითადად მკერავთან იკერავდნენ), მთაწმინდელი იყო, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა.
ერთ დღეს ასტამურმა მკერავთან პიჯაკის შესაკერად ქსოვილის ნაჭერი მიიტანა. რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ ის ნაჭერი დაიკარგა. კაცი, რომელმაც ის ნაჭერი აიღო, ვინმე კარლო (რეზო) ასამბაძე აღმოჩნდა,”მეტსახელად “ჰასანა”. ასტამურმა მას წაღებულის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
იმ საღამოს ლადო კინოთეატრში იყო. ასტამურმა მეორე მეგობართან ერთად მიაკითხა. უთხრა, – სადავო საქმე გამომიჩნდაო და დახმარება სთხოვა. რა თქმა უნდა, ლადოს დიდხანს არ უფიქრია და მეგობრებს გაჰყვა.
ბიჭები ასამბაძეს ოქროს უბანში, ერთ პატარა ბაღში შეხვდნენ და საპიჯაკე ნაჭრის დაბრუნება მოსთხოვეს, რაზეც ისევ უარი მიიღეს. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც კარლომ ლადო იცნო და – სადაც ხელს დამარტყამ, იქ დანას გაგიყრიო, – გააფრთხილა. ნათქვამი ლადოს სერიოზულად არ მიუღია, – შენზე ხელს როგორ გავისვრიო, – უთქვამს “ჰასანასთვის” და ხელი აუქნევია, არ დაურტყამს. მაშინ ვერავინ შეამჩნია, რომ კარლო ასამბაძეს მაჯაში დანა ჰქონდა დამალული, მოულოდნელად ის გამოაცურა და ლადოს გაუყარა…
დაჭრილი ლადო საავადმყოფოში გურამ რჩეულიშვილმა მიიყვანა, სადაც ის გარდაიცვალა კიდეც”.
ლადო ქოქიაშვილის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. კარლო ასამბაძე დააკავეს.
მას დახვრეტა ელოდა, თუმცა დახვრეტის მუხლი 25-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.
მოგვიანებით მას სასჯელი კიდევ შეუმცირეს. ამბობენ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ “ჰასანა” ძალიან ნანობდა ჩადენილს. ის ვაკეშიც, ლადოს საფლავზეც, არაერთხელ უნახავთ. რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა “ჰასანა”- კარლო ასამბაძეც…
თბილისელი აფხაზი ასტამურ აჩბა
“ასტამურს ფული რად უნდა… ასტამური თვითონ ფულია”… ყველას გაუგონია ცნობილი ხალხური სიმღერის ეს ვერსია, თუმცა ბევრმა არ იცის, ვინ ასტამურზეა ლაპარაკი… ეს სიმღერა გასული საუკუნის 60-იან წლებში ქსოვრელებმა წაუმღერეს სწორედ ასტამურ აჩბას – და მალე ყველამ აიტაცა.
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი იხსენებდა:
“ეს ის დრო იყო, როცა არ ვარჩევდით, ვინ იყო აფხაზი, ვინ ოსი… ასტამურ აჩბასნაირი ქართველი იშვიათად მინახავს. იმიტომ კი არა, რომ კარგი ქართული იცოდა, არა – ნაღდი ქართველი იყო, მაგრამ შინაგანად აფხაზი გახლდათ. ეს ფაქტია – იცოდა თავისი წინაპრების ფასი. როცა წავიდა, სულ ვფიქრობდი, ასტამური თბილისს დააკლდა. ასეთი ადამიანები სძენდნენ თბილისს განსხვავებულ, სიყვარულით, სითბოთი სავსე ფერებს”.
ასტამური ვერაზე ცხოვრობდა. დედამისი, ცუცა თოფურია, ადვოკატი გახლდათ, მამა – საიდ აჩბა რეპრესიების დროს დახვრიტეს.
დემურ ცქიტიშვილი: “ბირჟა ვერაზე, “კომუნისტის” რედაქციასთან გვქონდა, სადაც მეგობრები ვიყრიდით თავს. ასტამურს ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი. სულ დარბოდა, სიახლის ძიებაში იყო, ოხუნჯობდა, რაღაცას მოიგონებდა და დაგაჯერებდა ხოლმე, ამის დიდი უნარი ჰქონდა”.
კალათბურთის თამაში ასტამურმა სკოლის პერიოდში დაიწყო. ჯერ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა, ცნობილი მწვრთნელის, მიხეილ კეკელიძის ხელმძღვანელობით. ბევრი ამ ნაკრებიდან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა გუნდი “ბურევესტნიკი” (“ქარიშხალა”), ასტამურმაც იქ გააგრძელა თამაში. მას მალევე სპორტის ოსტატის საპატიო წოდება მიენიჭა და “დინამოშიც” გადაიყვანეს.
ასტამურმა მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი დაამთავრა და მალევე დაიწყო მუშაობა ფაბრიკაში. ნელ-ნელა წელში გაიმართა, ოჯახს ხომ არაფერს აკლებდა, ახლობლებსაც მუდამ გვერდში ედგა. ქალაქში საქმოსნის სახელი ჰქონდა, თუმცა, როგორც ამბობენ, საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ ეხატებოდა გულზე.
1969 წლის ივნისი იყო. აჩბას სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. ასტამურმა ყურმილი აიღო და რამდენიმე წამში ელდანაცემმა იყვირა, – რა! ჩემი ტოგრიკა!!! (თამაზ ტოგონიძე, ცისკარას როლის შემსრულებელი ფილმში “ცისკარა”) უთხრეს, – თამაზმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძაო… გასვენებაზე უთქვამს ბიჭებთან, – შემდეგი მე ვიქნებიო. ეს სიტყვები ნოემბერში გაიხსენეს, მაშინ, როდესაც ქალაქში მეხივით გავარდა ასტამურის მკვლელობის ამბავი
როგორც თანამედროვეები ამბობენ, ტრაგედია იმჟამინდელ სასტუმრო “თბილისის” რესტორანში მოხდა, სადაც მეგობრებთან ერთად მოქეიფე აჩბას კონფლიქტი მოუვიდა სხვა სუფრასთან მყოფ ახალგაზრდასთან, გვარად ძაგნიძესთან, რომელიც ასევე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, მან შეურაცხყოფად მიიღო აჩბას თამამი საქციელი და მის სუფრასთან მჯდარი გოგონასთვის ნათქვამი კომპლიმენტი. ძაგნიძე რესტორნიდან გავიდა, თუმცა მალევე იარაღით დაბრუნდა და ასტამურს ესროლა… თუმცა ზუსტად რატომ მოხდა მკვლელობა, ამის მტკიცება დღეს რთულია, მით უფრო, რომ იმჟამადაც მომხდარის შესახებ არაერთი ვერსია გავრცელდა.
ასტამურ აჩბა 34 წლის იყო…
წყარო: Primetime.Ge