ჩეჩენი ბლოგერის, თუმსო აბდურახმანოვის თქმით, კადიროვის მოსატყუებლად საკუთარი სიკვდილი გაითამაშა – OC Media

0
204
20 Views

სტატიის ავტორი: OC Media

ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი YouTube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები მან თავადვე გაავრცელა, რათა თავიდან აეცილებინა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ მისი მკვლელობის მცდელობა.

აბდურახმანოვი ჩეჩნეთის მთავრობისა და კადიროვის ცნობილი კრიტიკოსია. 2020 წელს მისი მოკვლაც სცადეს, რის შემდეგაც ისიც და მასზე თავდამსხმელიც საავადმყოფოში მოხვდნენ.

როგორც აბდურახმანოვი ამბობს, თავდამსხმელი მას დაეხმარა, რომ მკვლელობის ყალბი ვიდეო გადაეღო

“კადიროვმა დიდი თანხა გამოყო და ზოგიერთმა ინგუშმა მიიღო ეს ბრძანება, მპირდებოდნენ რომ მომკლავდნენ და ამ ადამიანს [თავდამსხმელს] დახმარების თხოვნით დაუკავშირდნენ. ამ ადამიანმა შემომთავაზა, რომ მომეტყუებინა და ჩემი მკვლელობის ყალბი ვიდეო გადამეღო” – ამბობს აბდურახმანოვი შარშანდელ მოვლენებზე საუბრისას.

აბდურახმანოვის თქმით, კადიროვის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ბლოგერი დაეხვრიტათ. მისი თქმით, ორი არჩევანი ჰქონდა – “დამჯდარიყო და დალოდებოდა როდის მივიდოდა ვინმე ამ ბრძანების შესასრულებლად”, ან ეცადა კადიროვის მოტყუება.

აბდურახმანოვმა და მისმა ინფორმატორმა გადაიღეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ბლოგერს ესროლეს. ეს ვიდეო კი გადასცეს ჯგუფს, რომელიც მკვლელობას გეგმავდა.

აბდურახმანოვი ჰყვება, რომ კადიროვთან ასოცირებული პირები დამატებით მტკიცებულებებს ითხოვდნენ, რის გამოც ბლოგერი და მისი თანამოაზრეები იძულებულნი გახდნენ ეპოვათ ადამიანები, ვინც სიკვდილის შესახებ ინფორმაციას დაადასტურებდნენ.

ბლოგერის თქმით, მისმა კონტაქტმა ჩეჩნეთის ოპოზიციურ ტელეგრამის არხს 1ADAT ფული შესთავაზა, რათა გარდაცვალების შესახებ ყალბი ცნობები გაევრცელებინათ.

“თავდაპირველად უარი თქვეს, აუქციონი დაიწყეს, ბოლოს თანხა 50 000 დოლარამდე გავზარდეთ, რაზეც დაგვთანხმდნენ”, – ამბობს აბდურახმანოვი.

5 დეკემბერს, 1ADAT გაავრცელა ცნობები შვედეთში აბდურახმანოვის გარდაცვალების შესახებ. მედია ამტკიცებდა, რომ ინფორმაცია დადასტურებული იყო. ანზორ მასხადოვმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის, იჩკერიის ყოფილმა წარმომადგენელმა და აბდურახმანოვის თანამოაზრემ, ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ადასტურებდა, რომ ბლოგერი მკვდარი იყო.

იბრაგიმ იანგულბაევმა, 1ADAT Telegram-ის მოდერატორმა, კვირას გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უარყო, რომ მისმა ორგანიზაციამ პოსტისთვის ფული აიღო.

აბდურახმანოვმა თქვა, რომ ინგუშები, რომლებსაც მისი მკვლელობა დაევალათ, მოგვიანებით ჩეჩნეთის ხელისუფლებამ დააკავა და ამიტომ მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ თითქოს კომაში იყო, რათა მისი სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტი დაედასტურებინა.

დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარემ აჰმედ ზაკაევმა, 9 დეკემბერს განაცხადა, რომ აბდურახმანოვი ცოცხალი იყო.

ორი თვის შემდეგ, აბდურახმანოვმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მან თქვა, რომ ცოცხალი იყო და გააგრძელებდა მის ოპოზიციურ საქმიანობას. მან ასევე განუცხადა შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს SVT-ს, რომ მას აქვს შვედეთის მთავრობის მხარდაჭერა, რომელმაც ერთ დროს მისი “24/7 დაცვა” უზრუნველყო.

უახლოეს გამოქვეყნებულ ვიდეოში ბლოგერმა აღნიშნა, რომ კადიროვის ხალხმა დაიწყო იმ ადამიანების “დევნა, წამება, მკვლელობა” რომლებიც მის ყალბ სიკვდილთან იყვნენ დაკავშირებული.

ამ დრომდე ჩეჩნეთის ხელისუფლებას ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებია.

„მთავარი არხი“

Cesko