17 წლის არასრულწლოვანმა 14 წლის ბიჭი მოკლა – სასამართლომ სასჯელი დღეს გამოაცხადა, დამნაშავე აფხაზეთში გარბოდა და მალევე დაიჭირეს, დედა კი ამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა

0
449
51 Views

14 წლის საბა მამფორიას მკვლელობაში ბრალდებულს, ერეკლე ცანავას, 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დანაშაული გასულ წელს, ნოემბერში მოხდა. ბრალდების მიხედვით, 17 წლის ერეკლე ცანავამ მამფორიას გულის არეში დანით ჭრილობები მიაყენა, რომლის შედეგადაც მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

მკვლელობას კი წინ, არასრულწლოვნებს შორის, ფეხბურთის თამაშის დროს დაწყებული ჩხუბი უძღოდა, რომელიც სტადიონის გარეთაც გაგრძელდა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ბრალდებული ცანავა პოლიციამ ცხელ კვალზე, მაშინ დააკავა, როდესაც ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

ცანავას დედა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა, მკვლელობა სხვისი ჩადენილია და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

14 წლის საბა მამფორიას მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 20 ნოემბერს, ზუგდიდში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს დანით ორი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის დროს სხვა პირებთან ერთად ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.” ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Cesko