მივმართავ კელი დეგნანს: დაასანქცირეთ ეს ადამიანი, მე ველოდები თქვენგან ობიექტურ რეაგირებას – ირაკლი ზარქუა

0
1603
23 Views

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართა და დავით კეზერაშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილი, ევროპელი პენსიონერების გაძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორია.

მისივე თქმით, საქართველოში, ამ ფულით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მედიებს და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს, რაზეც თავისი პოზიცია საქართველოს მთავარმა პარტნიორმა, აშშ-მაც უნდა დააფიქსიროს.

„მე ახლა მივმართავ კელი დეგნანს: დაასანქცირეთ ეს ადამიანი. ჩვენი, თქვენი – ამერიკელების, პარტნიორები არიან ბრიტანელები და დასკვნა დაიდო, რომ ეს კაცი არის მძარცველი. ევროპელ პარტნიორებს, ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს და ეს ადამიანი აქ, საქართველოში, როგორც თვითონ თქვა, მედიებს და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს თურმე. ქალბატონო კელი, ეს დემოკრატიას არ წაადგება და თქვენ ხომ დემოკრატიას მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანაში? მე ველოდები თქვენგან ობიექტურ რეაგირებას,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, BBC-ის ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი Milton-ის ჯგუფთან არის დაკავშირებული, რომელმაც ხალხს თაღლითური გზით მილიარდამდე დოლარი გამოსძალა.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, თაღლითური ჯგუფის მონაწილეები მოქალაქეებს ურეკავენ და სხვადასხვა ბიზნეს-პროექტში მონაწილეობას სთავაზობენ. მათი სამიზნეები, ძირითადად ხანში შესული ადამიანები იყვნენ. ნაწილმა ფული ადრე დაკარგა, მაგრამ თაღლითები იმ ფულის დაბრუნებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ და დამატებით თანხებს სძალავდნენ.

Milton-თან კეზერაშვილის გარდა დაკავშირებული არიან, ასევე, ბიზნესმენები დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიამინი.

Cesko