ცნობილი ამერიკელი იურისტი, ამერიკის კონსტიტუციური სამართლისა და სისხლის სამართლის სპეციალისტი, ალან დერშოვიცი აცხადებს, რომ არ არსებობს იმის შანსი, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში სამართლიანი სასამართლო განხილვა მიიღოს.
„იესოს, მუჰამედს, აბრაამ ლინკოლნს, ჯორჯ ვაშინგტონსა და ტერგუდ მარშალს რომ დაეცვათ ტრამპი ნიუ-იორკში, ის ამ საქმეს ვერ მოიგებდა“, – აღნიშნა ალან დერშოვიცმა.
„ნებისმიერი წესიერი მოსამართლე დაუყოვნებლივ შეცვლიდა [სასამართლო პროცესის] ადგილს, მაგრამ ეს მოსამართლე ამას არ გააკეთებს. ნებისმიერი წესიერი მოსამართლე საქმეს ხანდაზმულობის ვადის გამო დახურავდა. ეს მოსამართლე ამას არ გააკეთებს. მას არ სურს თავისი კარიერის განადგურება. გახსოვდეთ, ნიუ-იორკში მოსამართლეებს ირჩევენ. ფედერალური მოსამართლეები უფრო გამოიტანენ გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ, რადგან უვადოდ დანიშნულები არიან. არა მგონია, შტატის სასამართლოს მოსამართლეს გამბედაობა ჰქონდეს. არა მგონია, შტატის სასამართლოს ნაფიც მსაჯულებს გამბედაობა ჰქონდეთ გაამართლონ იგი“, – განაცხადა მან.
ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.
30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირესაშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო. დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დანიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.