ჯამლეტ ხუხაშვილი, რომელიც ქართველი ხალხის საყვარელი კომენტატორი იყო, ყველასთვის ცნობილი ადამიანი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარე, სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. იგი რამდენიმე თვის წინ გადაცემაში იყო, სახელად “ნოესთან”, სადაც ავიაკატასტროფაზე და კლინიკურ სიკვდილზე გულახდილად საუბრობს:
“ევროპის ჩემპიონი, გოგიბედაშვილი იყო ის ნევროპათოლოგი, რომელმაც მე კლინიკური სიკვდილიდან გამომიყვანა. გაუგებარი ჩხუბის მიზეზით, თავში მომხვდა იარაღის ნაწილი. საკმაოდ მაღალი რანგის სპეციალისტები იყვნენ ისრაელში, რომლებმაც 1 თვე კლინიკური სიკვდილის ქვეშ მყოფი ჯამლეტი გამომიყვანეს ამ მდგომარეობიდან. ფაქტიურად, მე ანბანის სწავლა დავიწყე. ვერაფერი ვერ შემრჩა იქიდან, იმ დროიდან დანატოვარი, ერთი კი არის, რომ მთელი ცხოვრება ერთი ოცნება მქონდა, რომ კომენტატორი გავმხდარიყავი და როდესაც კლინიკური სიკვდილის პროცესში მომივიდა იქიდან ტელეგრამასავით, რომ “ჯამლეტ ხუხაშვილი შენ შეგიძლია წაიყვანო რეპორტაჟი”, მაშინ მე ვთქვი რომ ერთ რეპორტაჟს მაინც წავიყვან, როგორიც არ უნდა იყოს და ამით დავამთავრებ ჩემს ოცნებას, რომ რეპორტაჟი წავიყვანე მეთქი. ვცდილობდი, რომ ანბანი მესწავლა, ერთმანეთზე სწრაფად არ მელაპარაკა და ვცდილობდი, რომ ნაკლებ საუბარში ნაკლები შეცდომა დამეშვა. აასე წავიყვანე ის პირველი სატელევიზიო რეპორტაჟი და რამდენიმე წელიწადში ისევ იმ ტემპში დავიწყე წაყვანა.
“1970 წლის 4 აპრილი გახლდათ, ზაპოროჟიეში ჩემს ნათესავებთან მივემგზავრებოდი,თბილისის “ლოკომოტივი” ზაპოროჟიეს “მეტალურგს” ეთამაშებოდა და ვიფიქრე, თან თამაშსაც დავესწრები და რადიოსა და გაზეთს მატჩის შესახებ ინფორმაციასაც მივაწვდი-მეთქი. ბორტგამცილებლის გარეშე ვიფრინეთ და იმას არ მიაქცია ყურადღება, რომ მგზავრებს ქამრები შეეკრათ… როდესაც თვითმფრინავს გეზი ზაპოროჟიისკენ უნდა აეღო, იქვე აეროპორტში პატარა რესტორანში, კოზმა ბიტიევმა ეკიპაჟის წევრებთან ერთად ივახშმა და როგორც ამბობდნენ, ალკოჰოლის მიღება მეტი მოუვიდათ… თვითმფრინავი რომ აფრინდა, უკვე დაღამებული იყო. წინა რიგში ჩემი მეზობელი, ერთი ქართველი ებრაელი კაცი – მიშა იჯდა, რომელიც ზაპოროჟიეში “ზაპოროჟეცის” ძრავის ნაწილის შესაძენად მიდიოდა. ვუთხარი, იქნებ გადმოჯდე უკან და ვილაპარაკოთ-მეთქი. მითხრა, ჩემთან ერთად მოდის ადამიანი, რომელსაც ზაპოროჟიეში ასევე ძრავის ნაწილების შეძენა უნდა. სასაუბრო თემა გვაქვსო და არ გადმოვიდა… ძილში თვითმფრინავის მკვეთრი მოძრაობა ვიგრძენი და თვალი გავახილე, ილუმინატორში გავიხედე – თვითმფრინავი სასწაულებრივი სისწრაფით ეშვებოდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. გამიკვირდა, მაგრამ გაკვირვება ვეღარ მოვასწარი, როცა ვიგრძენი, რომ თვითმფრინავი მიწას დაასკდა. რამდენიმე წამის განმავლობაში “ილ 14-მა” ჯერ ირბინა და მერე შუაზე გაიყო, წინა ნაწილი მთლიანად მოსწყდა… იმ დროს გონება დავკარგე. გონების დაკარგვა ალბათ რამდენიმე წამი გაგრძელდა. თვალები რომ გავახილე, ადამიანების განწირული წივილ-კივილი მესმოდა. მივხვდი, რა საშინელებაც მოხდა… ბენზინის სუნი მეცა. მივხვდი, იქაურობა დროზე უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ფეხი არ მემორჩილებოდა. შეგრძნება მქონდა, რომ მოტეხილი მქონდა. დავეყრდენი იმას, ვინც უკეთ დადიოდა და გადმოვხტი ადგილიდან, სადაც ვიჯექი, მაგრამ დავახტი გარდაცვლილ ადამიანს, რომელიც სამწუხაროდ, ჩემი მეზობელი მიშა აღმოჩნდა… გული შემიწუხდა, ამასთან, უკვე თვითმფრინავის წინა ნაწილიც დავინახე, რომელიც ნაგლეჯებად იყო ქცეული და მასში ადამიანები იყვნენ აზელილი. როგორც მერე გავიგე, დაიღუპა პატარა ბავშვიც… 33 კაციდან მხოლოდ 8 გადავრჩით…” – ჰყვება ჯამლეტ ხუხაშვილი 2018 წელს ამბები.ჯი-სთან ინტერვიუში.