“ტალანტების ქვეყანა” – იტალიელები კიდევ ორმა ქართველმა გააოცა და მათი სახელები მოინიშნა

0
607
22 Views

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი იტალიური მედიის ყურადღებას იმსახურებენ. ფრანგულ კლუბებში, შესაბამისად, მეცსა და ბორდოში მოთამაშე 22 წლის ქართველებზე სტატია ამჯერად Areanapoli-მ გამოაქვეყნა.

ზოგადად, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სეზონმა ნაპოლიში, ქართველი ფეხბურთელებისადმი ევროპული მედიისა თუ კლუბების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაზარდა.

“საქართველო ტალანტებს შობს: კვარას გარდა კიდევ ორი გვაოცებს. დამკვირვებლები საქმეში არიან”, – ასეთი სათაური აქვს სტატიას, რომლის ავტორმა საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩს, მონღოლეთსა (6:1) და ნორვეგიასთან (1:1) აშკარად ყურადღებით მიადევნა თვალი.

“ბოლო დროს საფეხბურთო სამყაროში საქართველო საკმაოდ გაიზარდა. ამ ქვეყნის ბევრი ფეხბურთელი გამოდის ევროპის წამყვან ჩემპიონატებში.

საოცარია, რომ ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ტალანტების სამჭედლოა. ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში დიდი პროგრესი შეიმჩნევა. დინამო თბილისი და დინამო ბათუმი ქართულ ლიგაში ორი მთავარი გუნდია, საიდანაც ჩნდებიან ამ ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეები. ასე იყო, მაგალითად, მილანის ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის შემთხვევაში, ანდა, შოთა არველაძის, მაგრამ დღეს მათი რაოდენობა გაზრდილია და საქართველოს ნაკრებს, რომელსაც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ვილი სენიოლი წვრთნის, აქვს შანსი ევრო 2024-ზე მოხვდეს.

 

როგორ არ უნდა ვახსენოთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაპოლისთან ერთად ბრწყინავს და საქართველოს ნაკრების ლიდერია. ამ სანაკრებო პაუზის პერიოდში “ჯვაროსნებმა” ამხანაგურად მონღოლეთთან ითამაშეს, შემდეგ კი ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიას დაუპირისპირდნენ. კვარასთან ერთად, კიდევ ორმა მოთამაშემ გაგვაოცა – გიორგი მიქაუტაძემ და ზურიკო დავითაშვილმა. პირველი, რომელიც 2000 წელსაა დაბადებული, ქულის მომტანი გოლის ავტორი გახდა, მეორემ კი, რომელიც 2001-წლიანია, თავისი დრიბლინგით ნახევარდაცვა პანიკაში ჩააგდო. ორივე მათგანი საფრანგეთის რანგით მეორე, ლიგა 2-ში გამოდის.

თავდამსხმელი მიქაუტაძე მეცში თამაშობს და 14 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს. დავითაშვილი თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით ბორდოს ლიგა 1-ში აბრუნებს. დამკვირვებლებს უკვე მონიშნული აქვთ ამ ფეხბურთელების სახელები. შესაძლოა, მათ გზები ნაპოლიშიც გადაიკვეთოს და კვარას გვერდით აღმოჩნდნენ”.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში მეცის მაისურით ლიგა 2-ის 27 შეხვედრაში 14 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა. ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე კი, რომელიც ბორდოში იჯარით დინამო ბათუმიდან გამოდის, ამავე ლიგის 20 მატჩში 2-2 გოლი და საგოლე პასია.

Cesko