ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენს: ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს თავისი ხალხის სურვილების შესაბამისად და არა უცხოეთიდან, მათ შორის საუკეთესო მეგობრების ზეწოლის შედეგად

0
247
36 Views

ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს თავისი ხალხის სურვილების შესაბამისად და არა უცხოეთიდან, მათ შორის საუკეთესო მეგობრების ზეწოლის შედეგად, – ასე უპასუხა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც ისრაელის მთავრობის მეთაურს მოუწოდა, სადავო სასამართლო რეფორმაზე უარი თქვას. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

„ისრაელი სუვერენული ქვეყანაა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს თავისი ხალხის სურვილების შესაბამისად და არა უცხოეთიდან, მათ შორის საუკეთესო მეგობრების მხრიდან ზეწოლის შედეგად. 40 წელია პრეზიდენტ ბაიდენს ვიცნობ და ვაფასებ მის ხანგრძლივ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ. აშშ-ისრაელის ალიანსი ურყევია და ყოველთვის გადალახავს ჩვენს შორის არსებულ შემთხვევით უთანხმოებებს. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია დემოკრატიის განმტკიცების, მათ შორის ხელისუფლების სამ შტოს შორის საჭირო ბალანსის აღდგენის გზით, რის მიღწევასაც ვცდილობთ ფართო კონსენსუსის საფუძველზე“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მანამდე ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თეთრი სახლის ლიდერი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა.

„იმედია, [ნეთანიაჰუ] ამ რეფორმაზე უარს იტყვის. მე, ისევე, როგორც ისრაელის არაერთი ძლიერი მხარდამჭერი, ძალიან შეშფოთებული ვარ… ამ მიმართულებით სიარული მიუღებელია, ეს ნათლად დავაფიქსირე“, – განაცხადა ბაიდენმა.

სადავო სასამართლო რეფორმა, რომელსაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებას აფართოებს.

Cesko