,, წესის აგებას არ აქვს კავშირი მომავალში მიცვალებულის სულის მდებარეობასთან – სამოთხეში მოხვდება თუ ჯოჯოხეთში” – რას წერს არჩილ გამზარდია

0
625
20 Views

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

,,1. ყველა რელიგიური ჯგუფი თავის წევრ ადამიანს ამზადებს საიმქვეყნიო ცხოვრებისთვისაც. ადამიანი რომელი ეკლესიის წევრადაც მიიჩნევს თავს, თუნდაც ფორმალურად, ის ეკლესია ზრუნავს მასზე და არა სხვა. მოცემულ შემთხვევაში, მართლმადიდებელი ეკლესია გარკვეულ საეკლესიო წესებს ავრცელებს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებზე. მათ შორის, ჯვრისწერას, წესის აგებას და ა.შ.

2. სიკვდილს და სიცოცხლეს მართლმადიდებელი ეკლესია უდგება პირობითად, შესაბამისად, წესის აგების არსია, მიცვალებულისათვის, მისი სულისთვის ერთგვარი შუამდგომლობა უფლის მიმართ ღვთისმსახურის მხრიდან.

3. წესის აგებას არ აქვს კავშირი მომავალში მიცვალებულის სულის მდებარეობასთან – სამოთხეში მოხვდება თუ ჯოჯოხეთში. არაფერი მსგავსი იდეა წესის აგებაში ჩადებული არ არის. ეს არის მხოლოდ ეკლესიის ლოცვა თავისი წევრისათვის.

4. როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი წესს არ უგებს სხვა, თუნდაც ფორმალური ეკლესიის წევრს, აქ არგუმენტი ერთია – თუ ადამიანი სხვა ეკლესიას წარმოადგენს, მაშინ შესაბამისმა ეკლესიამ უნდა იზრუნოს მასზე, თუ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, მაშინ არ უნდა ისარგებლოს სხვა ეკლესიის წევრობით, თუნდაც ფორმალურად. ისე, როგორც ერთი ადამიანი ორი პარტიის წევრი ვერ იქნება ერთდროულად ან ერთდროულად ვერ დაჯდება ორ სხვადასხვა რიგში მდებარე სკამებზე.

5. ასეთია ზოგადი მიდგომა და ევროკავშირის წევრობისა არ იყოს, შეუსაბამოა გინდოდეთ ამ სივრცის ნაწილი იყოთ და თან არ იზიარებდეთ ორგანიზაციის წესებს. გინდა იყო, მაშინ უნდა იზიარებდე მის მიდგომებს, ფასეულობებსა და იდეოლოგიას.

6. ნუგეშის და ადამიანური მხარეების ფაქტორი საეკლესიო რიტუალებში – წესის აგებას ნუგეშთან კავშირი არ აქვს, წესის აგება ნუგეშს არ ნიშნავს და ნუგეშისათვის წესის აგება არ არის საჭირო, ეს ადამიანური დამოკიდებულების თემაა, ის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს გარდაცვლილისა და მისი ოჯახის მიმართ, მიუხედავად რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ სხვა ფაქტორისა.

7. რაც შეეხება ბთ-ს (ბიბლიური თავისუფლების) თემას, მე სრულად ვიზიარებ მათ ადამიანურ განცდას და წყრომასაც ადამიანურ დონეზე, მაგრამ თუ ბთ-ს მიაჩნია თავი რელიგიურ ორგანიზაციად, რომელიც ითხოვს იმავე უფლებებს, როგორც სხვა რელიგიური ორგანიზაციები, მაშინ შესაბამისად, ბთ-ს წევრი ამ რელიგიური ორგანიზაციის წევრია და მისი წევრის შესახებ სხვა ვერ იზრუნებს, ყოველ შემთხვევაში, მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს თავის თავზე არცერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრის არც ჯვრისწერას, არც წესის აგებას და ა.შ. და ეს მათი უფლებაა.

8. სურათი პარადოქსულია, რადგან ბთ-ს წევრები ბთ-ს არ აღიქვამენ რელიგიურ ორგანიზაციად, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია აღიქვამს და აღიარებს, თუმცა, მოცემულობა ასეთია.

მთლიანობაში, სამწუხაროა, რომ ჩვენი უმრავლესობა დღემდე ვერ ვერკვევით საკმარისად იმ რელიგიაში, რომლის წევრობასაც ვჩემულობთ, არც ის ვიცით ხშირად, რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ რელიგიურ რიტუალს ან განსხვავებებს რიტუალებსა და საეკლესიო საიდუმლობებს შორის და ა.შ. ჩვენი ეკლესია, კი, პირველ რიგშია პასუხისმგებელი იმაზე, რომ თავის დროზე, გადატვირთული მრევლის მიუხედავად, ელემენტარული ქრისტიანული ცნობიერება ვერ გაგვიზარდა, სულიერებაზე აღარაფერს ვამბობ, რაც ღვთისმსახურების საჭიროზე მეტ ნაწილს არ აქვს, სხვას ვის რას ასწავლის.

ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ჩვენი, მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები, უმეტესად, ორმაგი სტანდარტით უდგებიან ამ ყველაფერს და ზოგიერთ რიტუალში სულაც არ იწყებენ მოკვლევას ისე, როგორც წესის აგებისას.”

Cesko