კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე: ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს

0
266
21 Views

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ ქვეყანას და საქართველოს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ.

„ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს. ყველაფერს აკეთებს, რომ დაანახოს საზოგადოებას, საერთაშორისო მეგობრებს, თითქოს მისი მდგომარეობა ცუდია. რეალურად, ის არ იკვებება, ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟით საკვები. ეს არის მიზანმიმართული კამპანია. ის ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყანას ჩირქი მოსცხოს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. მათივე განცხადებით, ამის შედეგად „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.

„ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

Cesko